ბს-1223 (კ-23) 12 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 23.01.2023წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ს. ლ-ეის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის ს. ლ-ეისათვის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 7633.6 ლარის ოდენობით და 2023 წლის 1 იანვრიდან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით; ასევე, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა №1-დან 3.9 და 1.6 კვ.მ. ფართის ს. ლ-ეის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.06.2023წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 24.01.2023წ. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს. ლ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.06.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული კანონის 36.13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ს. ლ-ე 2012 წლის 17 სექტემბრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული პოზიციის დასამტკიცებლად აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ს. ლ-ეის შემდუღებლის დამადასტურებელ სერტიფიკატზე, ფოტომასალასზე, ადგილზე დათვალიერების აქტსა და შიდა აზომვით ნახაზზე, სხვა რაიმე სახის სარწმუნო და მყარი წერილობითი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ კანონის მოთხოვნათა თანახმად, მოხდეს მოპასუხე მხარისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან, მნიშვნელოვანია დადგინდეს ახორციელებდა თუ არა მოპასუხე მხარე ამ დროიდან სამეწარმეო საქმიანობას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ფართში ს. ლ-ეის სახელზე გაცემული მიკრობიზნეს სტატუსის სერტიფიკატი იყო გაკრული, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმის დასადგენად, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სადავო ფართში, ამასთან, თავად ს. ლ-ე აცხადებს, რომ მითითებულ ფართს ყველა მუშა ,,გასახდელ“ ოთახად იყენებდა და არა სამეწარმეო საქმიანობისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად იქნა მიჩნეული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხედველობაში არ მიიღო და შეფასების მიღმა დატოვა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები - ადგილზე დათვალიერების აქტი და ფოტოსურათები. კასატორი მიუთითებს მიკრო-ბიზნეს სტატუსის დამადასტურებელ სერთიფიკატზე, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს სადავო მისამართზე და რომლის თანახმადაც ს. ლ-ეს მინიჭებული აქვს მიკრო-ბიზნესის სტატუსი, ხოლო საქმიანობის სახედ მითითებულია ელექტრო-შემდუღებელი. საჩივრის ავტორის მოსაზრებით აღნიშნული დასტურია იმისა, რომ ს. ლ-ე მითითებულ მისამართზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 05.11.2021წ., მას შემდეგ, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 03.11.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის თანახმად, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობები ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო რეგისტრირებული, კერძოდ, შენობა-ნაგებობის გრაფაში მითითებული იყო ჩანაწერი - „მესაკუთრე გაურკვეველია“. 10.02.2021წ. განცხადებით შესწორდა რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზი და მითითებული ჩანაწერი ამონაწერზე აღარ აისახა. რაც შეეხება 03.11.2021წ. წარდგენილ განცხადებას, აღნიშნული განცხადებით ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, დაიდენთიფიცირდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შიდა ფართები.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრების ორივე წინაპირობა - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენება მოცემულ შემთხვევაში კუმულატიურად დასტურდება. ასევე, სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამივე წინაპირობა, კერძოდ, სააგენტო არის ნივთის მესაკუთრე, ს. ლ-ე არის ნივთის მფლობელი და მას არ აქვს ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ასევე, სრულიად დაუსაბუთებლად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს. ლ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ...) გასხვისება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა...“ (ს/კ ...) რეგისტრირებულია 1998 წელს და საწარმოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელია რ. მ-იი, ხოლო დირექტორი - ც. კ-ე. შ.პ.ს.-ს იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა ...ის ქუჩა №.... ამავე მისამართზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ 13.02.2009წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ა...“.
შემოსავლების სამსახურის მიერ 18.01.2016წ. გაცემული სერთიფიკატის თანახმად, ს. ლ-ეს მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, საქმიანობის სახე - ელექტრო შემდუღებელი.
ასევე დადგენილია, რომ ჭიათურაში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...) 1634 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 07.12.2009წ. ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ჭიათურის წარმომადგენლობის 04.12.2009წ. მიმართვა №174 და საჩხერის რაიონული სასამართლოს 23.06.2009წ. განაჩენი, საქმე №1/51, ხოლო შენობა-ნაგებობის ჩამონათვალის გრაფაში მითითებულია ჩანაწერი - „მესაკუთრე გაურკვეველია“.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ 01.10.2021წ. შედგენილი შემოწმების აქტის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს.კ. ...) არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს ს. ლ-ე. 01/1 შენობაში განთავსებული აქვს ავტომობილების შესაკეთებელი ფარეხი. ამავე აქტის თანახმად, ს. ლ-ემ უარი განაცხადა აქტზე ხელის მოწერაზე.
05.11.2021წ. განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №..., აღნიშნული თარიღით მომზადებულ ამონაწერში შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი მითითებულია შემდეგნაირად: №1 საერთო ფართით 426,41 კვ.მ., №2 საერთო ფართით 144,07 კვ.მ., №3 საერთო ფართით 52.01 კვ.მ..
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 09.08.2022წ. ს. ლ-ეს გაეგზავნა მიმართვა მისამართზე - ქ. ჭიათურა, ...ის №.... მიმართვის თანახმად, ს. ლ-ეს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გადაეხადა სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის შესაბამისი თანხა. გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, აღნიშნული მიმართვა 17.08.2022წ. ჩაბარდა ოჯახის წევრს ი. ბ-ის (დეიდაშვილი). ს. ლ-ესთან გაგზავნილი ანალოგიური შინაარსის 05.10.2022წ. მიმართვა 20.10.2022წ. ჩაიბარა ც. კ-ემ, ხოლო 08.11.2022წ. მიმართვა 09.11.2022წ. ჩაბარდა რ. მ-ის.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2022წ. დასკვნის თანახმად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა №1-დან 3,9 კვ.მ. ფართის ყოველწლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: 2012-2014 წლებში - 360 ლარი, 2015 წელს 480 ლარი, 2016 წელს 504 ლარი, 2017-2018 წლებში 540 ლარი, 2019 წელს 600 ლარი, 2020 წელს 660 ლარი, 2021 წელს 720 ლარი, 2022 წელს 600 ლარი. ხოლო 1.6 კვ.მ. ფართის ყოველწლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: 2012-2014 წლებში 144 ლარი, 2015 წელს 192 ლარი, 2016 წელს 204 ლარი, 2017-2018 წლებში 216 ლარი, 2019 წელს 240 ლარი, 2020-2021 წლებში 264 ლარი, ხოლო 2022 წელს 240 ლარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის (მოსარჩელის) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს ორი კუმულატიური გარემოება - პირს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ აღნიშნული პირი სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით).
სასკ 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნით სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ ს. ლ-ეის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთით (შენობა №1-დან 3.9 და 1.6 კვ.მ. ფართის) 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. კერძოდ, საქმის მასალებში დაცულ 01.10.2021წ. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ს. ლ-ე, №01/1 შენობაში განთავსებული აქვს ავტომობილების შესაკეთებელი ფარეხი, თუმცა გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყოველივე ზემოაღნიშნული. რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2022წ. დასკვნას, მასში მოცემულია უძრავ ნივთზე საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დროის კონკრეტულ პერიოდებში, ხოლო საქმის მასალებში დაცული ფოტოსურათები ასახავს მხოლოდ ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ნივთებს, რაც თავისთავად არ მიუთითებს ს. ლ-ეის მიერ სადავო უძრავი ქონებით სამეწარმეო მიზნით სარგებლობის ფაქტზე, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა მისთვის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლით გათვალისწინებული საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებასთან დაკავშირებით. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ფართში ს. ლ-ეის სახელზე გაცემული მიკრობიზნეს სტატუსის სერტიფიკატის გაკვრა, არ არის საკმარისი მტკიცებულება ს. ლ-ეის მიერ სამეწარმეო საქმიანობის სადავო ფართში განხორციელების დადგენისათვის. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მოპასუხისათვის გაგზავნილი ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით არც ერთ ჯერზე არ ჩაბარებია პირადად ს. ლ-ეს, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს მისი აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმიანობის ფაქტს. როგორც უკვე აღინიშნა, 09.08.2022წ. გაგზავნილი მიმართვა ჩაბარდა ი. ბ-ის, 05.10.2022წ. მიმართვა - ც. კ-ეს, ხოლო 08.11.2022წ. მიმართვა - რ. მ-ის.
საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი ასევე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 05.11.2021წ., მას შემდეგ, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 03.11.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. კასატორი მიუთითებს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობები ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო რეგისტრირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.05.2009წ. ამონაწერის თანახმად (ს.კ. ..., განცხადების რეგისტრაციის №...), ჭიათურაში, ...ის №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ავტომანქანების ტექ. მომსახურების ბაზა საერთო ფართით 160 კვ.მ., ბენზინგასამართი წერტილი 16.0 კვ.მ., ადმინისტრაციული შენობა 51.0 კვ.მ.) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ა...“. 14.12.2009წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად (ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ნომერი ..., განცხადების რეგისტრაციის №...), მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია - სახელმწიფო, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ ადასტურებს შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს, ვინაიდან შენობა-ნაგებობის ჩამონათვალის გრაფაში მითითებულია ჩანაწერი - „მესაკუთრე გაურკვეველია“, რასაც თავად კასატორიც აღნიშნავს საკასაციო საჩივარში. ამონაწერის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 04.12.2009წ. მიმართვა №174 და საჩხერის რაიონული სასამართლოს 23.06.2009წ. განაჩენი (საქმე №1/51). საქმის მასალებში დაცული საჩხერის რაიონული სასამართლოს 23.06.2009წ. განაჩენის თანახმად, რ. მ-იი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2 ეპიზოდი), რის გამოც ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების - ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 2200 კვ.მ. მიწის ფართობის უსასყიდლოდ ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნულ დოკუმენტში არ არის მითითება მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 04.12.2009წ. მიმართვა №174 საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ 14.12.2009წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად (ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ნომერი ..., განცხადების რეგისტრაციის №...) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია - სახელმწიფო, ხოლო შენობა-ნაგებობის ჩამონათვალის გრაფაში - ჩანაწერი „მესაკუთრე გაურკვეველია“, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა-ნაგებობები სახელმწიფო საკუთრებაში 2009 წლიდან იყო აღრიცხული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი