Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1028(კ-24) 19 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ნ. ლ-ა, ი. ლ-ა, ბ. ლ-ა, ო. ლ-ა, ე. კ-ა

მესამე პირი - ლ. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 13 მაისს ნ. ლ-ამ, ი. ლ-ამ, ბ. ლ-ამ, ო. ლ-ამ და ე. კ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხის 2022 წლის 4 თებერვლის №03-833/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელე ნ. ლ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ნ. ლ-ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მიზეზად კი განისაზღვრა არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. სააგენტომ მიიჩნია, რომ ნ. ლ-ას ოჯახს გააჩნდა საცხოვრებელი ა. თ-ას საკუთრებაში.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ა. თ-ას საკუთრებაში არსებულ სახლში, რომელიც მან გაყიდა. მოსარჩელეების განმარტებით, ვინაიდან მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ისინი მუდმივად საცხოვრებლის ძიებაში იყვნენ და იმჟამად ცხოვრობდნენ ნაცნობის ბინაში. ამასთან, სარჩელში მითითებულ იქნა, რომ მოსარჩელეები იყვნენ სოციალურად დაუცველნი, ხოლო ო. ლ-ა წარმოადგენდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, მათ საკუთრებაში არ უფიქსირდებოდათ არანაირი უძრავი ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ლ. ლ-ას მესამე პირად ჩართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ლ-ას, ი. ლ-ას, ბ. ლ-ას, ო. ლ-ას და ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის №03-833/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ლ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ლ-ა, ი. ლ-ა, ბ. ლ-ა, ო. ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ხოლო ე. კ-ა არის დევნილთა ოჯახის რძალი. მოსარჩელეები მათი სტატუსიდან გამომდინარე, იყვნენ უფლებამოსილნი განცხადებით მიემართათ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის და მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით მათი დაკმაყოფილება. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 9, რადგან, სხვა გარემოებებთან ერთად, ო. ლ-ა იყო ომის ვეტერანი და შშმ პირი, ხოლო ნ. და ო. ლ-აების კიდევ ერთი შვილი, თ. ლ-ა - დაიღუპა ომში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტოს სადავო ბრძანებით, მოსარჩელეების ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრისით უზრუნველყოფაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3-მე-4 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავენ, რომ უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების ოჯახის მიერ მოპოვებული ქულა ანიჭებდა მათ აღნიშნულ პრიორიტეტს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა პირველი განცხადებით სააგენტოს მიმართეს 2014 წელს, ხოლო შემდგომ კიდევ წარადგინეს რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ზუსტდებოდა მათი საცხოვრებელი მისამართი, ვინაიდან თავდაპირველ მისამართზე, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №..., არსებული ქონება ბ. ლ-ამ 2012 წელს გაასხვისა. საბოლოოდ, ოჯახის საცხოვრებელ მისამართად მითითებულ იქნა ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №.... სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ მისამართზე ოჯახის ნამდვილად ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - თ. შ-ამ და მ. ლ-ამ, ამასთან იგივე ფაქტი დადასტურდა სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ 2021 წლის 28 მაისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სააგენტოსთვის მცდარი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და იკვეთებოდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიიღო მხედველობაში, თუ რის საფუძველზე ეთქვათ მოსარჩელეებს იმ ეტაპზე უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სააგენტოს მითითებით, მხარის მიერ წარდგენილ განაცხადში მითითებულ იქნა ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სხვა მისამართზე და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია მხარე აიძულოს მასთან თანამშრომლობა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, როდესაც მას არ სურს ამის გაკეთება. ასეთ დროს, სააგენტოს მოსაზრებით, სამართლებრივი რისკები უნდა გადავიდეს მხარეზე და არა ადმინისტრაციულ ორგანოზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად მას შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, ვინაიდან მას სხვა საშუალება არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, საკითხის გამოსაკვლევად ჩატარებულია მონიტორინგი და გამოყენებულია ნორმატიული აქტით დადგენილი მეთოდები, ხოლო სასამართლოს უკეთ უნდა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი, იგი გაასხვისეს ახლო ნათესავზე (ოჯახის წევრზე) და იმ საცხოვრებელ ფართში აგრძელებდნენ ცხოვრებას, ხოლო სააგენტოს მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ასევე ოჯახები, რომლებიც საერთოდ თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომლებსაც მართალია აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისთვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის №03-833/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოსარჩელეების მიერ სააგენტოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ლ-ა, ი. ლ-ა, ბ. ლ-ა, ო. ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ხოლო ე. კ-ა არის დევნილთა ოჯახის რძალი. მოსარჩელე ნ. ლ-ამ, როგორც მისი დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა დანარჩენ მოსარჩელეებთან ერთად, 2014 წლის 10 ივნისს, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართა და ქალაქ ზუგდიდში მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. ამავე განცხადების საფუძველზე განმცხადებლის მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი. დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 9, რადგან, სხვა გარემოებებთან ერთად, ო. ლ-ა იყო ომის ვეტერანი და შშმ პირი, ხოლო ნ. და ო. ლ-აების შვილი, თ. ლ-ა - დაიღუპა ომში.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ. ლ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სააგენტოსათვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების მოტივით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2022 წლის 4 თებერვლის №03-833/ო ბრძანება გამოსცა, რითაც ნ. ლ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მის მიერ სააგენტოსათვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა პირველი განცხადების სააგენტოს მიმართეს 2014 წელს, ხოლო შემდგომ კიდევ წარადგინეს რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ზუსტდებოდა მათი საცხოვრებელი მისამართი, ვინაიდან თავდაპირველ მისამართზე, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №..., არსებული უძრავი ქონება ბ. ლ-ამ 2012 წელს გაასხვისა. საბოლოოდ, ოჯახის საცხოვრებელ მისამართად მითითებულ იქნა ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებზე, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის (მისამართებზე: ქ. ზუგდიდში, დ. ...ს ქუჩა №... და ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...) ფორმებზე, ასევე საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების - თ. შ-ას და მ. ლ-ას ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში მოსარჩელეთა ოჯახის ცხოვრების ფაქტი და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს სააგენტოსთვის არ მიუწოდებიათ არსებითად მცდარი ინფორმაცია მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელეთა ოჯახის მიერ მოპოვებული ქულა მათ ანიჭებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პრიორიტეტს, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ იკვეთებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მსჯელობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი, გაასხვისეს ახლო ნათესავზე (ოჯახის წევრზე) და იმ საცხოვრებელ ფართში აგრძელებდნენ ცხოვრებას, ხოლო სააგენტოს მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მასთან მცხოვრებ დევნილ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებით, კერძოდ 2012 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით ს/კ ... უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №..., რეგისტრირებული იყო ბ. ლ-ას სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 მარტის ამონაწერის თანახმად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, 2012 წლის 24 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ა. თ-ას (მოსარჩელე ე. კ-ას დედა) საკუთრების უფლება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 იანვარი ამონაწერით დასტურდება, რომ 2022 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულ იქნა ლ. ქ-ას, ს. ქ-ასა და იდა მოსაძის სახელზე, როგორც თანასაკუთრება. ამდენად, ამ მოცემულობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული უძრავი ქონება აღარც მოსარჩელეების და არც მათი ნათესავის საკუთრებაში აღარ იმყოფება.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას“ (სუსგ №ბს-643(კ-24), 17.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირების შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლოს სხვის (თუნდაც ნათესავის) საკუთრებაში არსებული ფართით, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. მეტიც, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ნათესავით სახლში, სწორედ მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა