საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-428(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. მ-ი, მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (ასკ 16.1), სს „თ...“ (ასკ 16.2)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 21 იანვარს კ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის N01/3063 დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმული იქნა სს „თ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის N01/3063 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; დაევალა მოპასუხე სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - ცნობა/წარდგინების გამოცემა, კ. მ-ის მიმართ კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, 151, 26-ე მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა შემდეგი: მიუხედავად პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი აქციების მიყიდვის დამატებითი პირობებისა, რომელიც სახელმწიფო შეკვეთების უპირატეს შესრულებას ითვალისწინებდა, უდავოა, რომ 2005 წლის პირველი იანვრისთვის, აღნიშნული კომპანია აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიის სახელით და 2005 წლის 1 იანვრისთვის დასაქმებული არ იყო არცერთ სახელმწიფო კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მისი სამსახურიდან დათხოვნას, იგი კომპანიის აქციების გაყიდვის ფაქტიდან გამომდინარე, სამსახურს განაგრძობდა არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიაში. ამდენად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ კ. მ-იმა სახელმწიფო კომპანიის შემდგომ სამსახური განაგრძო კერძო კომპანიაში, საიდანაც საბოლოოდ დათხოვნილი იქნა 2006 წლის 6 ივნისის ბრძანებით, არ შეიძლება გახდეს მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი.
რაც შეეხება ნაფრენი საათების რაოდენობას, აღნიშნულის გაანგარიშებისას პალატამ გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს II-III 007482 საფრენი წიგნაკიდან ამონარიდები და დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ის 1987 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ნაფრენი აქვს სულ 6101 საათი და 34 წუთი, ხოლო 2004 წლის ნაფრენი საათების რაოდენობა მითითებულია ცალკეული თვეების მიხედვით, კერძოდ, კომპანიის განკერძოების შემდეგ 2004 წლის ნოემბერ - დეკემბრის თვეებში მისი ნაფრენი საათების რაოდენობა შეადგენს 42 საათსა და 20 წუთს. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მითითება კ. მ-ის მიერ ნაფრენი საათების ზუსტად გაანგარიშების შეუძლებლობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მის მიერ ნაფრენი საათების რაოდენობა 2004 წლის ნოემბრის თვის პერიოდისთვისაც აჭარბებდა 6000 საათს (6101 სთ 34 წთ - 42 სთ 20 წთ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1003 განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით შპს ,,თბ...ისათვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გადაცემით, კ. მ-ი ფაქტობრივად 2005 წლის 01 იანვრისთვის აღარ მსახურობდა სახელმწიფო კომპანიაში. სს ,,თ...ს" 2018 წლის 18 დეკემბრის წერილით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ. კ.-ს ძე მ-ი სს ,,თ...ში" მუშაობდა 2001 წლის 16 აპრილიდან და დათხოვნილ იქნა 2006 წლის 01 ივნისს. აპელირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლზე და განმარტავს, რომ კომპენსაცია ენიშნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონმდებელი კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობად გამოყოფს სამ გარემოებას, რომელთა ერთობლივად არსებობისას შესაძლებელს ხდის კომპენსაციის დანიშვნას, კერძოდ, პირი უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს; უნდა ეფრინა სახელმწიფო კომპანიებში და 2005 წლის 1 იანვრამდე დათხოვნილი უნდა იყოს სახელმწიფო კომპანიიდან.
წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ დაკმაყოფილებულად მიიჩნია 2005 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლების წინაპირობა, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები გადაეცა შპს ,,თბ...ს", თუმცა 2004 წელს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი და დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი აქციების გადაცემას და რეორგანიზაციას არ მიიჩნევს პირის განთავისუფლების აუცილებელ საფუძვლად. კასატორი მიუთითებს, რომ კ. მ-ი სს ,,თ...ში" მუშაობდა 2001 წლის 16 აპრილიდან და დათხოვნილი იქნა 2006 წლის 01 ივნისს. მისივე მსჯელობით, იმისათვის რომ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურემ ზოგადად მოიპოვოს კომპენსაციის მიღების უფლება მამაკაცის შემთხვევაში ნაფრენი უნდა ჰქონდეს 6000 საათი. იმისათვის რომ შესრულდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა და დათვლილი იქნეს ნაფრენი საათების ოდენობა, აუცილებელია დანიშვნის და განთავისუფლების ზუსტი თარიღების ცოდნა. კასატორის მსჯელობით, კ. მ-ის მიერ წარდგენილი საბუთებით შეუძლებელია დაიდენტიფიცირდეს სახელმწიფო კომპანიაში და კერძო კომპანიაში ნაფრენი საათების ოდენობები, ვინაიდან წიგნაკში ნაფრენი საათები მითითებულია ჯამურად წლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო საჩივრის დაშვების ფარგლებში, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. მ-ის წარმომადგენელმა 2019 წლის 29 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მოითხოვა კ. მ-ის მიმართ ცნობა/წარდგინების გაცემა. განცხადებაზე თანდართული იქნა კ. მ-ის შრომის წიგნაკისა და საფრენი წიგნაკის ქსეროასლები, სს „თ...ს“ ცნობა და წერილი.
სს „თ...ს“ 2018 წლის 18 დეკემბრის ცნობით დგინდება, რომ კ. მ-ი ნამდვილად მუშაობდა სს „თ...ში“ 2001 წლის 16 აპრილიდან 2006 წლის პირველ ივნისამდე. ცნობაში მითითებულია, რომ სს „თ...მა“ განიცადა რეორგანიზაცია: სსრკ საავიაციო მრეწველობის სამინისტროს 30.04.1966 წლის N175 ბრძანების საფუძველზე გარდაიქმნა თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანად. სსრკ საავიაციო მრეწველობის სამინისტროს 19.11.1984 წლის N508 ბრძანებით გარდაიქმნა თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებად. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 18.03.1993 წლის N86 ბრძანებით გარდაიქმნა თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებად. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 25 თებერვლის N1-3/120 ბრძანებით გარდაიქმნა შპს „თბ...ად. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 5 მარტის N1-3/152 ბრძანებით გარდაიქმნა სს „თბ...ად“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 11.01.2006 წლის N2414/007-7/592 ბრძანებით გარდაიქმნა სს „თ...ად“ და ამჟამად სააქციო საზოგადოებას ქართულად ეწოდება სს „თ...“.
სს „თ...ს“ 2019 წლის 16 იანვრის N48/801 წერილით დადგენილია, რომ სს „თ...ს“ (ს/კ ...) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1003 განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა შპს „თბ...ს“ (ს.კ ...).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის N01/3063 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და განიმარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 01 იანვრამდე. წერილის თანახმად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა სახელმწიფო კომპანიებიდან მოსარჩელის 2005 წლის პირველ იანვრამდე დათხოვნის ფაქტი და ვერ დაანგარიშდა ნაფრენი საათების ზუსტი ოდენობა (არანაკლებ 6000 საათი).
სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს II-III 007482 საფრენი წიგნაკით დგინდება, რომ სპეციალობით მფრინავის კ. მ-ის მიერ 1987 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სულ ნაფრენი საათებია 7392 საათი და 24 წუთი, აქედან ღამე 1241 საათი და 20 წუთი. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია შტაბის ხელმძღვანელის მიერ 2010 წლის 6 იანვარს. 2022 წლის 25 დეკემბრის რუსული ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს II-III 007482 საფრენოსნო წიგნაკით დგინდება, რომ სპეციალობით მფრინავის კ. მ-ის მიერ 2004 წლის (12 თვის) ნაფრენი საათებია 848 საათი; ღამე 89 საათი და 45 წუთი. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია შტაბის ხელმძღვანელის მიერ 2005 წლის 20 თებერვალს.
წარმოდგენილი ცნობებით დადგენილია, რომ სპეციალობით მფრინავის კ. მ-ის მიერ 1987 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ნაფრენი საათებია სულ 6101 საათი და 34 წუთი, მათ შორის, ღამე 955 საათი და 55 წუთი.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს. მითითებული კანონის 26-ე მუხლიდან გამომდინარე, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო საჭირო დოკუმენტების ნუსხას, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრის ნორმატიული აქტი, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის 15.2 მუხლის საფუძველზე, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის განცხადებას კომპენსაციის დანიშვნისათვის თან უნდა ერთოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტი/ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საჭიროების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის ან ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ.
რაც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველ პუნქტს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მამაკაცს ნაფრენი აქვს არანაკლებ 6 000 საათისა. ამავე შინაარსის რეგულაციას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტი. ამდენად, კანონმდებელმა გაითვალისწინა სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით კომპენსაციის გადაანგარიშება, ვინაიდან მათ ჯანმრთელობისათვის სახიფათო და მავნე პირობებში უწევდათ სამსახური. აღნიშნული გაანგარიშებისთვის მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, სახელმწიფო კომპანიაში გავლილი სამსახური, დათხოვნის პერიოდი და ნაფრენი საათების რაოდენობა. განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანია რამდენად წარმოადგენდა კ. მ-ი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს. ასევე, მსჯელობის საგანია სახელმწიფო კომპანიიდან დასაქმებული პირის 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დათხოვნის ფაქტი და ასევე ამ პერიოდამდე მის მიერ ნაფრენი საათების რაოდენობა.
საკასაცია პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ სს „თ...ს“ 2018 წლის 18 დეკემბრის ცნობაზე და ამავე კომპანიის 2019 წლის 16 იანვრის N48/801 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ კ. მ-ი ნამდვილად მუშაობდა სს „თ...ში“ 2001 წლის 16 აპრილიდან 2006 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში. ამასთან, მისი დამსაქმებელი კომპანია უდავოა, რომ წარმოადგენდა სახელმწიფო კომპანიას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1003 განკარგულებით განხორციელდა აღნიშნული კომპანიის განკერძოება, კერძოდ, გადაწყდა სს ,,თბ...ის“ (სახელმწიფო კომპანიის) მიერ შპს ,,თბ...ისთვის“ (კერძო კომპანიისთვის) კუთვნილი აქციების მიყიდვის საკითხი. ამავე განკარგულებით, აქციების პირდაპირი მიყიდვის პირობად განისაზღვრა სს ,,თბ...ის“ პროფილის შენარჩუნება და რენტაბელური სახელმწიფო შეკვეთების შესრულება უპირატესად. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ისნტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ მიუხედავად პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი აქციების მიყიდვის დამატებითი პირობებისა, რომელიც სახელმწიფო შეკვეთების უპირატეს შესრულებას ითვალისწინებდა, უდავოა, რომ 2005 წლის პირველი იანვრისთვის, აღნიშნული კომპანია აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, დადგენილია, რომ კ. მ-ი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიის სახელით და 2005 წლის 1 იანვრისთვის დასაქმებული არ იყო არცერთ სახელმწიფო კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მისი სამსახურიდან დათხოვნას, იგი კომპანიის აქციების გაყიდვის ფაქტიდან გამომდინარე სამსახურს განაგრძობდა არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიაში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ კ. მ-იმა სახელმწიფო კომპანიის შემდგომ სამსახური განაგრძო კერძო კომპანიაში, საიდანაც საბოლოოდ დათხოვნილი იქნა 2006 წლის 6 ივნისის ბრძანებით, არ შეიძლება გახდეს მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი, მიიღოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია. რაც შეეხება ნაფრენი საათების რაოდენობას, აღნიშნულის გაანგარიშებისას საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს II-III 007482 საფრენი წიგნაკიდან ამონარიდებზე, რომლითაც დგინდება, რომ კ. მ-ის 1987 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ნაფრენი აქვს სულ 6101 საათი და 34 წუთი. შესაბამისად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კასატორის მითითებას კ. მ-ის მიერ ნაფრენი საათების ზუსტად გაანგარიშების შეუძლებლობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მის მიერ ნაფრენი საათების რაოდენობა 2004 წლის ნოემბრის თვის პერიოდისთვისაც აჭარბებდა 6000 საათს (6101 სთ 34 წთ - 42 სთ 20 წთ). იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის პირველი იანვრისთვის კ. მ-ი არ მსახურობდა სახელმწიფო საავიაციო კომპანიაში და ამასთან, მის მიერ ნაფრენი საათების რაოდენობა ამ დროისთვის აღემატებოდა 6000 საათს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის N01/3063 წერილობითი მიმართვა წარდგინებაზე უარის თქმის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ასევე მართებულია მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება კ. მ-ისთვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი