Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-76(2კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. მ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 17 ოქტომბერს ვ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის №MIA 5 22 02651868 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ვ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურის (ქალაქი გორი) ...ის თანამდებობაზე აღდგენის და ვ. მ-ის სასარგებლოდ თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2022 წლის 9 სექტემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის-შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება.

სარჩელის მიხედვით, ვ. მ-ი 2019 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურში ...ის თანამდებობაზე, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით იგი 2022 წლის 9 სექტემბრიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ შიდა საინფორმაციო სისტემაში „...“-ის გადაცემა „...ს“ გამარჯვებულის - გ. ნ-ეის ფოტოსურათების მოძიება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ნ-ეის შესახებ მონაცემები, მათ შორის მისი ფოტოსურათი გასაჯაროებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამასთან ფოტოსურათი არ წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს, შესაბამისად პირადი ინტერესისთვის ფოტოსურათის მოძიება, მოსარჩელის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, მითუმეტეს იმგვარ გადაცდომას, რომლისთვისაც ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის MIA 5 22 02651868 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ვ. მ-ითან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, ვ. მ-იმა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა ვ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-ი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, შსს გენერალური ინსპექციის 2022 წლის 9 სექტემბრის №MIA 0 22 02524990 დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის №MIA 5 22 02651868 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. კერძოდ, ვ. მ-იმა ... თ. ზ-ის სამსახურებრივი „დიჯიპასის“ (ე.წ. ბორტკომპიუტერი) მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში, არასამსახურებრივად მოიძია მოქალაქე გ. ნ-ეის შესახებ დაცული ინფორმაცია (ფოტოსურათი).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის პერსონალური ინფორმაციის მოძიება არასამსახურებრივი მიზნით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად ვერ მიიჩნია ვ. მ-ის მიერ მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის გავრცელების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დისციპლინური სახდელის სახის და გამოყენების თარიღის გათვალისწინებით, ვ. მ-ი მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის ითვლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. პალატის განმარტებით, არც შესაბამის დასკვნაში და არც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომირებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო არგუმენტირებულად დასაბუთებული ვ. მ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება რატომ იყო აუცილებელი და უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით დათქმული მიზნების მიღწევას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ვ. მ-ი მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე მსჯელობისას პირველ რიგში უნდა გამოიკვეთოს თუ კონკრეტულად რა ქმედება - დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა ვ. მ-იმა და ვინაიდან მას შესაბამისი გადაცდომის ჩადენის მომენტისთვის არ ჰქონდა მოქმედი დისციპლინური სახდელი, ამავდროულად კეთილსინდისიერი მსახურობისთვის 11-ჯერ იყო წახალისებული, რამდენად იყო მიზანშეწონილი მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელის გამოყენება. ამასთან, კასატორის მითითებით დასახელებული გარემოებები ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რომელსაც ისინი მხედველობაში არ მიუღია, შესაბამისად სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპოვებული ფოტოსურათის პერსონალურ მონაცემად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ გ. ნ-ეის, როგორც საჯარო პიროვნების ფოტოსურათი, ხელმისაწვდომი იყო საჯარო სივრცეში, ამდენად იგი არ წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს.

კასატორმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლზე მითითებით, დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა მისი მონაწილეობით. ამასთან, მისთვის არ განუმარტავთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, არ გაუცნიათ დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები, რითაც დაირღვა დასახელებული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სწორედ იქნა დადგენილი, რომ ვ. მ-ის მხრიდან ფოტოსურათის მოპოვების გზით, ადგილი ჰქონდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფაქტს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც გამყარებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის მიერ ჩადენილ სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, რომელიც უკავშირდებოდა არასამსახურებრივად, პირადი მიზნებისთვის მოქალაქის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა შემოწმება და მოპოვებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან შემოსულ სამსახურებრივ ბარათსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის №... პატაკს, გენერალური ინსპექციის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლითაც დადასტურებულ იქნა, რომ ვ. მ-იმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია არასამსახურებრივად, პირადი მოტივით მოიპოვა და გაავრცელა. აღნიშნულის საფუძველზე კი მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების მსჯელობა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული ორგანოს კონტროლის მექანიზმზე და შეამცირებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირის შრომის უფლების შეზღუდვა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, განპირობებულია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნით და ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს აქვს დაბალი სანდოობა ან ხშირ შემთხვევაში უნდობლობა დასაქმებულის მიმართ, რის შემდგომაც ინტერესი, რომ პირი ირიცხებოდეს სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში არ არსებობს. ამასთან, კასატორის მითითებით, საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი არ წარმოადგენს მარტივ გადაცდომას, ხოლო საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება ცხადყოფს, რომ ამგვარი გადაცდომის მიტევება და მსუბუქად მიჩნევა, ზიანს მიაყენებს მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს. გარდა ამისა, კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნამსახურობის პერიოდში, ვ. მ-ის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - 2019 წლის 18 ოქტომბერს მას გამოეცხადა შენიშვნა, ხოლო 2021 წლის 19 ივლისს მის მიმართ გაიცა სარეკომენდაციო ბარათი, რაც სამინისტროს მოსაზრებით კიდევ უფრო ამყარებდა იმ ფაქტს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სახდელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის №MIA 5 22 02651868 ბრძანების კანონიერება, ასევე მოპასუხისთვის ვ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის და ვ. მ-ის სასარგებლოდ თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2022 წლის 9 სექტემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებით განაცდურის-შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ხოლო, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 59-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები დისციპლინური გადაცდომის სახედ ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებას და მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი, დისციპლინური სახდელის სახედ, მათ შორის ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას. აღსანიშნავია, რომ დასახელებული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. აღსანიშნავია, რომ შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნორმა-პრინციპი გათვალისწინებული იყო საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 30-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მსგავსი შინაარსის რეგულირებას შეიცავდა საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 29-ე მუხლიც, რომელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

ამდენად, პირის სამსახურიდან გათავისუფლების თითოეული შემთხვევის შეფასება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რამდენადაც იგი წარმოადგენს კონსტიტუციურად განმტკიცებულ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ძირითად უფლებას, რომლის შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში, გათავისუფლების როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისას, დასაცავ ინტერესსა და შეზღუდულ უფლებას შორის პროპორციულობის დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. მ-ი 2021 წლის 13 აპრილს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურის ...ის თანამდებობაზე. ამასთან, როგორც საქმის მასალებით, ასევე თავად ვ. მ-ის განმარტებით დადგენილია, მან ... თ. ზ-ის სამსახურებრივი „დიჯიპასის“ (ე.წ. ბორტკომპიუტერი) მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში, არასამსახურებრივად მოიძია მოქალაქე გ. ნ-ეის შესახებ დაცული ინფორმაცია (ფოტოსურათი).

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის №MIA 5 22 02651868 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურის ...ი, ... ვ. ზ.-ს ძე მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2022 წლის 9 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემი განმარტებულია როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ვ. მ-ის მოსაზრებას, რომ გ. ნ-ეის, როგორც საჯარო პირის ფოტოსურათი არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პერსონალურ მონაცემად, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ იგი ხელმისაწვდომია საჯარო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ პირის ფოტოსურათი აკმაყოფილებს პერსონალური მონაცემის ცნების ელემენტებს და მისი პერსონალურ მონაცემად მიჩნევის გამომრიცხველ გარემოებას არ წარმოადგენს შესაბამისი მონაცემის ხელმისაწვდომობის ფართო არეალი ან სიმარტივე. აღნიშნული გარემოება გავლენას შესაძლოა ახდენდეს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებზე, კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა. თუმცა აღნიშნული დანაწესიც მიემართება სწორედ საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ვ. მ-ის ფოტოსურათი მოიპოვა არა საჯარო წყაროდან, არამედ კანონიერი საფუძვლის გარეშე და არასამსახურებრივი მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზიდან. აღნიშნული კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ვ. მ-ის მიერ „დიჯიპასის“ (ე.წ. ბორტკომპიუტერი) მეშვეობით გ. ნ-ეის ფოტოსურათის არასამსახურებრივად მოძიების ფაქტი, თუმცა შსს გენერალური ინსპექციის 2022 წლის 9 სექტემბრის №MIA 0 22 02524990 დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო დასახელებული ფოტოსურათის გავრცელების ფაქტის დადგენისას დაეყრდნო ვ. მ-ის, ბ. ხ-ეის და თ. ზ-ის ახსნა-განმარტებებს, ასევე სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს №... სამსახურებრივ ბარათს და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის №... პატაკს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად ვ. მ-ი არ ადასტურებს მოპოვებული ფოტოსურათის ბ. ხ-ეისთვის გადაცემის ფაქტს, თ. ზ-იმა კი განმარტა, რომ იგი არ შესწრებია ვ. მ-ის მიერ გ. ნ-ეის პერსონალური მონაცემების შემოწმების ფაქტს. შეტყობინებების გაცვლის პროგრამა „WhatsApp“-ის მეშვეობით გ. ნ-ეის ფოტოსურათის გაგზავნას ახსნა-განმარტებაში ადასტურებს შს სამინისტროს დპდ-ს შიდა ქართლის სამმართველოს ... ბ. ხ-ე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ ფაქტის (ფოტოსურათის გავრცელების) უტყუარად დადასტურების მიზნით სხვა რაიმე სახის საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, რაც გათვალისწინებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოქალაქის პერსონალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გადამოწმების ფაქტი, თუმცა ფოტოსურათის გავრცელების უტყუარად მიჩნევისთვის, მხოლოდ ბ. ხ-ეის წერილობითი ახსნა-განმარტება სხვა შემხვედრი მტკიცებულების მოპოვების გარეშე არასაკმარისია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში, დასაქმებულის მიერ შესაბამისი პირის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ექცევა მისი დისკრეციული უფლებამოსილების სფეროში, თუმცა საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება და მასში ჩარევის შეუძლებლობა, არ აძლევს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის გარანტიას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმით ხელმძღვანელობის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ ადასტურებს მის კანონიერებას და ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისთვის დისციპლინური სახდელის შეფასებისას ადმინისტრაციული ორგანოს თვითმიზანს მისი დასჯა არ უნდა წარმოადგენდეს და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არც 2022 წლის 9 სექტემბრის №MIA 0 22 02524990 დასკვნაში და არც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე. ამასთან, სათანადოდ არ არის დასაბუთებული ვ. მ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების აუცილებლობა და არ არის განმარტებული, თუ განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი კანონიერი მიზნების მიღწევას რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება. აღნიშნული კი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდება ვ. მ-ის მიერ არასამსახურებრივად მოპოვებული ფოტოსურათის გავრცელების ფაქტი და მიუხედავად წარსულში დისციპლინური გადაცდომების ფაქტის დაფიქსირებისა, სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე ითვლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, ხოლო ნამსახურობის პერიოდში იგი რამდენჯერმე იყო წახალისებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის №MIA 5 22 02651868 ბრძანებასთან მიმართებით ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მიმდინარე ეტაპზე ვერ იქნება შეფასებული მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა