Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-941(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. მ-ა, ნა. მ-ა, ზ. მ-ა, ი. მ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ამ, ნა. მ-ა, ზ. მ-ამ, ი. მ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და 2023 წლის 10 აპრილს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის 03/12664 და 2021 წლის 04 აგვისტოს 03/13842 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილი განაცხადის არსებითად განხილვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ას, ნა. მ-ას, ზ. მ-ას და ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის N03/12664 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 04 აგვისტოს N03/13842 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილი განაცხადის არსებითად განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ოფიციალურად ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ დარეგისტრირდნენ (ზ. მ-ამ ოჯახით ქ. თბილისში გადამისამართების მოთხოვნით სამინისტროს მიმართა 2013 წლის 7 ოქტომბერს, ს.ფ. 146), თუმცა, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სადაც ოჯახი ცხოვრობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყოფითი პირობებით არის დაკავშირებული და რაც მოცემულ საქმეში ცალსახად დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: ზ. მ-ას შვილები ნ. მ-ა და ნა. მ-ა დაბადებულები არიან ქ. თბილისში, ნა. მ-ა 2008 წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლაში და დაამთავრა 12 კლასი - 2016 წელს, ნ. მ-ა 2008 წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლაში და დაამთავრა 12 კლასი - 2012 წელს, რაც უდავოდ ადასტურებს 2013 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში, მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრებას ქალაქ თბილისში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ “ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი (ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში) ერთგვარი ჩამკეტი ბერკეტია ქაოტური სიტუაციის თავიდან ასარიდებლად. კასატორი თვლის, რომ ისეთი დევნილი ოჯახები უნდა დაკმაყოფილდნენ ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით, რომელთაც ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი გააჩნიათ სწორედ ქ. თბილისში და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დევნილი ოჯახების უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნება, რაც, სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მოსარჩელეები ნ. მ-ა, ნა. მ-ა და ი. მ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

2021 წლის 6 ივლისს და 15 ივლისს ნ. მ-ამ ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში წარადგინა განცხადებები. განცხადებების პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის N03/12664 და 4 აგვისტოს N03/13842 გადაწყვეტილებებით ნ. მ-ას ეცნობა, რომ თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად, ნ. მ-ა თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 7 ნოემბერს (შესაბამისად, 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ გააჩნდა, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, ნ. მ-ას ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადის განხილვის კანონიერი საფუძველი იმ დევნილ ოჯახებთან ერთად, რომლებიც ქ. თბილისში რეგისტრირებულნი არიან 2013 წლის 1 ივნისამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუძლებლად მიიჩნევს, ზემოაღნიშნული „წესით“ გათვალისწინებული წინაპირობის არარსებობის გამო - მოსარჩელის ოჯახი 2013 წლის 1 ივნისამდე არ დარეგისტრირებულა ქ. თბილისში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (იხ. სუს. 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუს. 2022 წლის 8 ივნისის საქმე Nბს-519(კ-22) და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული „წესით“ განსაზღვრული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელშიც ოჯახი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არის დაკავშირებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ შემდეგ მტკიცებულებებზე: მოსარჩელე ნა. მ-ა (მოსარჩელე ზ. მ-ას შვილი) ... წლის ...ს დაიბადა ქ. თბილისში. ნა. მ-ა 2008 წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლაში და დაამთავრა 12 კლასი 2016 წელს. ასევე, მოსარჩელე ნ. მ-ა (მოსარჩელე ზ. მ-ას შვილი) ... წლის ...ს დაიბადა ქ. თბილისში. ნ. მ-ა 2008 წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლაში და დაამთავრა 12 კლასი 2012 წელს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები - ზ. მ-ას შვილები დაიბადნენ ქ. თბილისში და 12 წელი ისწავლეს ამავე ქალაქში, ცალსახად დასტურდება ოჯახის ყოფითი პირობების კავშირი ქ. თბილისთან, რასაც ვერ გამორიცხავს ამავე ოჯახის ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ დარეგისტრირების ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილი განაცხადის არსებითად განხილვის დავალების საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი