№ბს-960(კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კ. მ-ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე კ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, კ. მ-ის დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 7654.78 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ..., პოლიციის ..., კ. მ-ი შინაგან საქმეთა მინისტრის №2913493 ბრძანების საფუძველზე 2020 წლის 28 ივლისიდან გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2021 წლის 19 თებერვლიდან კი, დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. კ. მ-ის 1 თვის სრული ანაზღაურება შეადგენდა 2166 ლარს, ხელზე ასაღები - 1731.80 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 28 ივლისიდან მას ზედმეტად ჩაერიცხა ამავე წლის ივლისის დარჩენილი დღეებისა და აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის ხელფასი, რაც შეადგენს 7654.78 ლარს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 12 ივნისის №1295321 ბრძანებით შტატების შემცირებისას, ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება კ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საფუძველი - 2020 წლის 12 ივნისის საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება №1287379; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 12 ივნისის №1295538 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ..., პოლიციის ..., კ. მ-ი დაინიშნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2020 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა სამინისტროს მოსამსახურე კ. მ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა. დასკვნის თანახმად, 2020 წლის 27 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010150317801 საქმეზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს, პოლიციის ...ის კ. მ-ის მიერ 2017 წლის 16 თებერვალს ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის ... კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან დროებით გადაყენებული ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის MIA 8 20 02913493 ბრძანებით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ი, პოლიციის ... კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2020 წლის 28 ივლისიდან; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის MIA 2 21 01291254 ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ი, პოლიციის ... კ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 25 მაისის MIA 2 21 01307184 წერილით კ. მ-ის ეცნობა, რომ იგი 2021 წლის 24 მაისის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან. დარიცხული თანხები (ხელფასი) ექვემდებარებოდა ბიუჯეტში დაბრუნებას - სულ 7654.78 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემოდა იურიდიულ დეპარტამენტს; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის 2021 წლის 13 ოქტომბრის MIA 3 21 02700583 წერილის თანახმად, კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისს დაკავებულ იქნა სისხლის სამართლოს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელიც 2021 წლის 18 თებერვლამდე იმყოფებდა პატიმრობაში. 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ამავე წერილის თანახმად, კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, 385-ე მუხლზე, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 25 მაისის MIA 2 21 01307184 წერილით კ. მ-იმა შეიტყო მის მიმართ არსებული ბრძანებების თაობაზე, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი/, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა). განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ადრესატისათვის სამართლებრივი შედეგის დადგომის უკანა თარიღით განსაზღვრა, მიუხედავად მოხელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს, რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამი მნიშვნელოვანი ამოცანის: 1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, 2. კანონის უზენაესობის და 3. საჯარო ინტერესების თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ მოქმედებაში, ერთობლივად უზრუნველყოფაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოხდა განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისათვის უკუძალის მიცემა იმ პირობებში, როცა არათუ დასაბუთებული, აღნიშნულიც კი არ არის აღმატებული საჯარო ინტერესის თაობაზე, რის გამოც ფიზიკური პირის – საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა რამდენიმე თვით უკანა თარიღით. შესაბამისად, თვალსაჩინო ხდება პირის სამართლებრივი მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 28 ივლისიდან, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის ბრძანებით მოპასუხე სამსახურიდან იქნა დათხოვნილი 2021 წლის 19 თებერვლიდან, რაც მოპასუხეს ეცნობა 2021 წლის 25 მაისის წერილით, რომლითაც ზედმეტად დარიცხული დავალიანების დაბრუნებას ითხოვდა მოსარჩელე მხარე. მოპასუხისათვის მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანების შესახებ სასამართლოდან გახდა ცნობილი. შესაბამისად, 2020 წლის ივლისის დარჩენილი დღეების, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში კ. მ-ის მიერ მიღებული ხელფასი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ მიღებულად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 976-ე მუხლებზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე. ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატის აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ადრესატისათვის სამართლებრივი შედეგის დადგომის უკანა თარიღით განსაზღვრა, მიუხედავად მოხელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისათვის უკუძალის მიცემა იმ პირობებში, როცა არათუ დასაბუთებული, აღნიშნულიც კი არ არის აღმატებული საჯარო ინტერესის თაობაზე, რის გამოც ფიზიკური პირის – საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა რამდენიმე თვით უკანა თარიღით თვალსაჩინო ხდება პირის სამართლებრივი მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 28 ივლისიდან, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის ბრძანებით მოპასუხე სამსახურიდან იქნა დათხოვნილი 2021 წლის 19 თებერვლიდან, რაც მას ეცნობა 2021 წლის 25 მაისის წერილით, რომლითაც ზედმეტად დარიცხული დავალიანების დაბრუნებას ითხოვდა მოსარჩელე მხარე. რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას, მისთვის სასამართლოდან გახდა ცნობილი. შესაბამისად, 2020 წლის ივლისის დარჩენილი დღეების, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში კ. მ-ის მიერ მიღებული ხელფასი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც არსებითი იყო წინამდებარე საქმის განხილვისთვის. საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სადავოდ ხდიდა ფაქტობრივ გარემოებებსაც, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო.
კასატორის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997-ე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგენილია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე - კ. მ-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ს პოზიციაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის №2913493 ბრძანებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კ. მ-ი გადაყენებულ იქნა 2020 წლის 28 ივლისიდან. გადაყენების საფუძველი გახდა გენერალური ინსპექციის 2020 წლის 7 დეკემბრის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, 30 ივლისს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №01291254 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან, რისი საფუძველიც გახდა 2021 წლის 18 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ იგი მოცემულ პერიოდში კადრების განკარგულებაში იქნა აყვანილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, 2020 წლის 12 ივნისს კ. მ-ი ნამდვილად იქნა აყვანილი კადრების განკარგულებაში, თუმცა აღნიშნულის საფუძველი გახდა საშტატო-საორგანიზაციო 2020 წლის 12 ივნისის №1287379 ბრძანება, რითაც სამმართველო ჩანაცვლდა მთავარი სამმართველოთი. 2020 წლის 12 ივნისს №1295538 ბრძანებით კ. მ-ი თანამდებობაზე დაინიშნა იმავე დღეს. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 23 მარტის №00751301 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ კ. მ-ის აღნიშნული ბრძანება გასაცნობად დაეწერა 2020 წლის 24 ივნისს 11:20 საათზე, ხოლო 2020 წლის 27 ივნისს 12:46 საათზე „ეფლოუს“ მეშვეობით გაეცნო.
კასატორის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2020 წლის 12 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, 30 ივლისს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 19 ოქტომბრის №01747429 სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც კიდევ ერთხელ დაკონკრეტდა, რომ 2020 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე კ. მ-ი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. აგრეთვე, მტკიცებულების სახით წარმოდგენილია 2021 წლის 13 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი №02700583, რომლითაც ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისს დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2021 წლის 18 თებერვლამდე იმყოფებოდა პატიმრობაში. საპატიმრო ღონისძიება გაუქმდა 2021 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი №1/3847-20 განაჩენით. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო 2021 წლის 19 თებერვლიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. აღნიშნული ბრძანებები დღემდე ძალაშია, იგი არ გამხდარა სადავოდ, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ 28 ივლისიდან კ. მ-ი ფიზიკურად ვერ შეასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ვინაიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. კ. მ-ის ერთი თვის სრული ანაზღაურება შეადგენდა 2166 ლარს, ხელზე ასაღები კი - 1731.80 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 28 ივლისიდან, მას ზედმეტად ჩაერიცხა ამავე წლის ივლისის დარჩენილი დღეების და აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვის ხელფასი, რაც შეადგენს 7654.78 ლარს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს აქტის ოფიციალურ გაცნობას. აღნიშნული ნამდვილად ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი, შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისთვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს უსაფუძვლო გამდიდრებასთან და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან ნათლად ირკვევა მისი მიზანი - უსაფუძვლოდ მიღებული ქონების უკან დაბრუნება და აქ ასევე მოიაზრება ის ფაქტიც, რომ შესრულება დაბრუნებას არ ექვემდებარება მაშინ, როდესაც მიმღები ვარაუდობდა, რომ შემსრულებელს სურდა ამ შესრულების მის სასარგებლოდ განხორციელება. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი არ უკავშირებს თანხის დაბრუნების შესაძლებლობას მიმღების მიერ იმის შეცნობას, რომ ეს თანხა არ ეკუთვნოდა, არამედ ვარაუდს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, გამოცემული აქტი არ იყო ძალაში შესული, რადგან ადრესატს არ გააცნეს, თუმცა ბრძანება იყო გამოცემული კანონის მოთხოვნის დაცვით და ამ ეტაპზე ძალაშია შესული.
კ. მ-ი №995 ბრძანებას გაცნობილი იყო, შესაბამისად, როდესაც იგი ბრალდებულად ცნეს, მას უნდა სცოდნოდა ან მინიმუმ ევარაუდა, რომ სამსახურიდან გადაყენებულ იქნებოდა და ხელფასი არ უნდა აეღო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ფორმალურად არ არის დაკავშირებული მხოლოდ აღნიშნული აქტის ადრესატისათვის ჩაბარებისა და მისი გაცნობის საკითხზე. ყურადღება არ უნდა გამახვილდეს მხოლოდ ოფიციალურ გაცნობაზე მაშინ, როდესაც პირს უნდა სცოდნოდა ამ აქტის არსებობის შესახებ. როდესაც პირი არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს, ცნეს ბრალდებულად, იმყოფება პატიმრობაში, იცის, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს თანამდებობიდან გადაყენება. შინაგან საქმეთა მინისტრის №2913493 ბრძანება ძალაშია შესული, მხარეს იგი ადმინისტრაციული წესითაც არ გაუსაჩივრებია და მას ასევე უნდა სცოდნოდა ამ აქტის არსებობის შესახებ. წინა თარიღით თანამდებობიდან პირის დათხოვნას მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს, როდესაც აღნიშნულს აქვს გონივრული გამართლება და სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოცემულ სიტუაციაში. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სწორედ ამ თარიღიდან უნდა წარმოიშვას სამართლებრივი შედეგი ადრესატისთვის, იმისდა მიუხედავად, რომ რამდენიმე თვით გვიან გამოიცა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ამ დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა მოპასუხის პატიმრობაში ყოფნის ფაქტს, რადგან სწორედ ეს არის განმსაზღვრელი.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა კ. მ-იმა.
კ. მ-ი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების უკანა პერიოდზე გავრცელება დაუშვებელია - არ შეიძლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ჰქონდეს უკუძალა. ბრძანება უნდა მოქმედებდეს მხოლოდ იმ პერიოდიდან, როდესაც ის ადრესატისთვის იქნა გაცნობილი სათანადო წესით. ორივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სრულყოფილად იქნა დასაბუთებული, რომ ადგილი არ ჰქონია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. კასატორის პოზიცია იწვევს დისკრიმინაციულ მიდგომას. არ შეიძლება საგამონაკლისო წესის შემოღება ბრძანების გაცნობასა და მის მიღებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის გამო, რომ საკითხი ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. მოპასუხისათვის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ბრძანების შესახებაც კი, ცნობილი გახდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 12 ივნისის №1295321 ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (შტატების შემცირებისას, ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) საფუძველზე, კ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შსს კადრების განკარგულებაში (საფუძველი - 2020 წლის 12 ივნისის საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება №1287379) (ს.ფ 122); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 12 ივნისის №1295538 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ..., პოლიციის ..., კ. მ-ი დაინიშნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ად (ს.ფ 123); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2020 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა სამინისტროს მოსამსახურე კ. მ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა. დასკვნის თანახმად, 2020 წლის 28 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010150317801 საქმეზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს, პოლიციის ...ის კ. მ-ის მიერ 2017 წლის 16 თებერვალს ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის ... კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან დროებით გადაყენებული ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ს.ფ 167-169); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის MIA 8 20 02913493 ბრძანებით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ი, პოლიციის ... კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2020 წლის 28 ივლისიდან (საფუძველი - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა) (ს.ფ 73); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის MIA 2 21 01291254 ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი დეტექტივი, პოლიციის ... კ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან (საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი) (ს.ფ 72); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 25 მაისის MIA 2 21 01307184 წერილით კ. მ-ის ეცნობა, რომ იგი 2021 წლის 24 მაისის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან. დარიცხული თანხები (ხელფასი) ექვემდებარებოდა ბიუჯეტში დაბრუნებას - სულ 7654.78 ლარი (ს.ფ 14-15); ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის 2021 წლის 13 ოქტომბრის MIA 3 21 02700583 წერილის თანახმად, კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისს დაკავებულ იქნა სისხლის სამართლოს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელიც 2021 წლის 18 თებერვლამდე იმყოფებდა პატიმრობაში. 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ამავე წერილის თანახმად, კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა (ს.ფ 114).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხე კ. მ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7654.78 ლარის გადახდის დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სრულად ეყრდნობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესებს, რის საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა რამდენიმე თვით უკანა თარიღით, რაც სასამართლოს შეფასებით, უხეშად ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციული სამართლის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის, კანონიერი ნდობის პრინციპებს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მიღებული 2020 წლის ივლისის დარჩენილი დღეების, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეების ხელფასი არ უნდა ჩათვლილიყო უსაფუძვლოდ მიღებულად.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის MIA 8 20 02913493 ბრძანებით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ...ი, პოლიციის ... კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2020 წლის 28 ივლისიდან (საფუძველი - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა). აღნიშნული ბრძანების კანონიერება - მოპასუხის თანამდებობიდან გადაყენება 2020 წლის 28 ივლისიდან, კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა კ. მ-ის მიერ. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესებთან მიმართებით და სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა რამდენიმე თვით უკანა თარიღით, არ არის რელევანტური განსახილველი დავის მიზნებისათვის და ცდება ამავე დავის ფარგლებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა აგრეთვე გულისხმობს შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს (1.1 და 1.3 მუხლები). 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების პირველი მუხლის 31 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად (1.31 მუხლი).
მითითებული წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან. სამინისტროს მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია. იდენტურ დანაწესს ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის თანახმად, (1) სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; (2) თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.
მითითებული წესის 35-ე მუხლის მიხედვით, (1) სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას; (2) სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო (35.2. ,,ზ’’). ამავე წესის 42-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2020 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა სამინისტროს მოსამსახურე კ. მ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა. დასკვნის თანახმად, 2020 წლის 28 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010150317801 საქმეზე კ. მ-ის მიერ 2017 წლის 16 თებერვალს ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამავე დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის ... კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან დროებით გადაყენებული ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის MIA 8 20 02913493 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე კ. მ-ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2020 წლის 28 ივლისიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მაისის MIA 2 21 01291254 ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენებული კ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2021 წლის 19 თებერვლიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა - იმყოფებოდა პატიმრობაში და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა 2021 წლის 18 თებერვალს გამოტანილი განაჩენით. შესაბამისად, სადავო პერიოდში მოპასუხეს არ შეუსრულებია მისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, ხოლო მოსარჩელეს შესრულება არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის №ას-390-390-2018 განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის №ას-74-71-2016 განჩინება).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით მოპასუხე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2020 წლის 28 ივლისიდან. აღნიშნული ბრძანების კანონიერება კ. მ-ის სადავოდ არ გაუხდია კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოპასუხე კ. მ-ი 2020 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იმყოფებოდა პატიმრობაში და შესაბამისად, მას 2020 წლის 28 ივლისის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობები არ შეუსრულებია. ამასთან, საყურადღებოა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი გადაყენებული მოსამსახურისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ გამართლების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ 2020 წლის ივლისის დარჩენილი დღეების, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვის ხელფასი წარმოადგენს მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ თანხას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა კ. მ-ისათვის აღნიშნულ პერიოდში ფულადი სარგოს გადაცემის საფუძველი და მოპასუხის მხრიდან უნდა დაექვემდებაროს ბიუჯეტში დაბრუნებას. საგულისხმოა, რომ კ. მ-ის სადავოდ არ გაუხდია მის მიერ მიღებული ფულადი სარგოს ოდენობა. მართალია, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან, ასევე პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია, რომლებიც პოლიციელზე გაიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან არც ის გარემოებაა სადავო, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა სრულად განკუთვნილი იყო იმ პერიოდისათვის, როდესაც კ. მ-ის სამსახურებრივი მოვალეობები არ შეუსრულებია. ასეთ პირობებში, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. კ. მ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად მიღებული თანხის - 7654.78 ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე