Facebook Twitter

ბს-757 (კ-24) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ნ-ემ 20.06.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის 03.05.2023წ. N SSA 5 23 00467019 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. N SSA 5 23 00555200 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ბ. ნ-ეისათვის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრისათვის 1 თვის ვადაში გამოცემის დავალდებულება, ბ. ნ-ეის სასარგებლოდ, 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2023წ. განჩინებით ბ. ნ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 30.11.2023წ. გადაწყვეტილებით ბ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის 03.05.2023წ. N SSA 5 23 00467019 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N SSA 5 23 00555200 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრს დაევალა 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ნ-ეისათვის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ. ნ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 30.11.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ბ. ნ-ე 2004 წლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის პოზიციაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. სასამართლოს შეფასებით კანონმდებელმა ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე", "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 და მე-8 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (სამსახურები). იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლის მიზანი იქნებოდა მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, როგორც სააგენტოს სტურქტურულ ერთეულებად (სამსახურებად) მოაზრება, ნორმის ფორმულირება სხვაგვარად იქნებოდა ჩამოყალიბებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ- ნაკრძალი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, ბ. ნ-ე ითვლება რომ არის მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებული პირი, რის გამოც იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და შესაბამისად არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორებმა მიუთითეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნეს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგებლობაში და ვერ მოხდება აღნიშნული მუზეუმის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა (სააგენტოსგან გამიჯვნა). კასატორების მოსაზრებით, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, სადაც დასაქმებულ პირებზე შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ბ. ნ-ე (დაბ. ...წ.) 2004 წლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის პოზიციაზე. მოსარჩელის განმარტებით მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალის ტარიტორიაზე არსებული ობიექტების მუდმივი მეთვალყურეობა და მათი დაცვა დაზიანებისაგან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის 03.05.2023წ. N SSA 5 23 00467019 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბ. ნ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ნ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. N SSA 5 23 00555200 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დებულების 1-ელი მუხლის თანახმად, სააგენტო შექმნილია ამავე მუხლში მითითებული მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ...იის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმ-ნაკრძალს (დებულების 8.2 მუხ.). "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სსიპ კულტურული მემკვიდრეოობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ...იის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზემ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, ხოლო "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმებში საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა. ამავდროულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, მათ შორის, ...იის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი ამოცანა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაა, რაც ასევე ექცევა კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი