Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1088(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ნ-იმა 2022 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 2023 წლის 24 აპრილს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. ნ-ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2022 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 15 136 ლარის ზიანის სახით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა გ. ნ-ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2022 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 15 136 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატის მითითებით, მოსარჩელემ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის MOD 4 18 01096078 წერილობითი მიმართვის კანონშეუსაბამობა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, გ. ნ-ის 2018 წლის 1 ნოემბრიდან უკვე წარმოეშვა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, რაც ვერ იქნა რეალიზებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული მიმართვის კანონშეუსაბამობის გამო. ამდენად, გ. ნ-ის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობით. რაც შეეხება თანხის ოდენობას, პალატამ მიუთითა, რომ გ. ნ-ისათვის გასაცემლის ოდენობა 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2019 წლის 1 იანვრამდე ყოველი თვის გათვალისწინებით იქნებოდა (180 (სახელმწიფო პენსიის ოდენობა) + 28 (ნამსახურობის სტაჟი) 10 (წოდების კოეფიციენტი) 80%) – 368 ლარი; სახელმწიფო პენსიის ოდენობის მატების გათვალისწინებით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე 384 ლარი; 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე – 400 ლარი; 2021 იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე – 416 ლარი. ჯამში - 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე – 15 136 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორის მითითებით, სასამართლომ გ. ნ-ის ნამსახურობის წლები ჩაუთვალა კანონის განმარტების საფუძველზე, რისი უფლებამოსილებაც სამინისტროს არ გააჩნია, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონის იმპერატიული დანაწესის საფუძველზე, რაც ადასტურებს მის არაბრალეულობას, გამორიცხავს მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ. ნ-იმა 2018 წლის 19 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 4 18 01096078 წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის MOD 4 18 01096078 წერილობითი მიმართვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე გ. ნ-ის 2012 წლის 27 დეკემბრიდან - 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს ...ში ნამსახური ჩაეთვლებოდა სამხედრო მოსამსახურის ნამსახურად, რათა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისათვის მისი ნამსახურობის წლებს ჯამში შეედგინა 20 წელი, 11 თვე და 8 დღე.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 მარტის SSA 0 23 00329611 წერილით ირკვევა, რომ გ. ნ-ის სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების შესაბამისად, მას სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრში თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში გ. ნ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 4 18 01096078 წერილის კანონშეუსაბამობა დადგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი გ. ნ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, გ. ნ-ის კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან, არამედ, 2018 წლის 1 ნოემბრიდან (სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამდენად, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებამ დააბრკოლა კომპენსაციის დროული დანიშვნა, რამაც წარმოშვა ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი