Facebook Twitter

ბს-752 (კ-24) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ნ-იმა 02.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ვ. ნ-ისათვის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.12.2022წ. N სსა 8 22 00705298 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.02.2023წ. N სსა 92300143968 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვ. ნ-ის სასარგებლოდ, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ანაზღაურების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2023წ. გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.12.2022წ. N სსა 8 22 00705298 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. ნ-ისათვის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.02.2023წ. N სსა 92300143968 გადაწყვეტილება ვ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხეს დაევალა ვ. ნ-ის სასარგებლოდ, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ნ-ი 2016 წლის 11 იანვრიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დიდი მცხეთის არქეოლოგიულ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში ...ის თანამდებობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სააპელაციო პალატამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. N05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" 1-ელ, მე-8 და მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, ითვლება რომ ვ. ნ-ი არის მუზეუმში დასაქმებული პირი, რის გამოც იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და შესაბამისად არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორმა მიუთითა, რომ დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" შესაბამისად წარმოადგენს სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს. კასატორის მოსაზრებით მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დებულების თანახმად სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, კასატორის მითითებით უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, სადაც დასაქმებულ პირებზე შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა. კასატორმა აღნიშნა, რომ დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მოქცეულია საჯარო დაწესებულების სტატუსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სისტემაში, წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ვ. ნ-ი 2016 წლის 11 იანვრიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დიდი მცხეთის არქეოლოგიულ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში ...ის თანამდებობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.12.2022წ. N სსა 82200705298 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვ. ნ-ის ეცნობა, რომ ვინაიდან იგი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მას შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ნ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.02.2023წ. N სსა 92300143968 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დებულების 1-ელი მუხლის თანახმად, სააგენტო შექმნილია ამავე მუხლში მითითებული მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). დიდი მცხეთის არქეოლოგიული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმ-ნაკრძალს (დებულების 8.2 მუხ.). "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სსიპ კულტურული მემკვიდრეოობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დიდი მცხეთის არქეოლოგიულ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზემ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, ხოლო "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმებში საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა. ამავდროულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, მათ შორის, დიდი მცხეთის არქეოლოგიული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი ამოცანა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაა, რაც ასევე ექცევა კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 07.06.2023წ. წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მისი თანამშრომელი არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად. შესაბამისად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და ასევე არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი