საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1212(კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. პ-ა, ქ. დ-ე, ლ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 3 ივლისს ლ. პ-ამ, ქ. დ-ემ და ლ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001037 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. პ-ას, ქ. დ-ეისა და ლ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001037 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების - ლ. პ-ას, ქ. დ-ეისა და ლ. დ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. პ-ა და მისი შვილები: ქრისტინა და ლ. დ-ეები წარმოადგენდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ფორმის თანახმად, 2021 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, ლ. პ-ას განაცხადი შეფასდა 8,50 ქულით. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელეები 2007 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდნენ ქუთაისში, ...ს გამზირზე, კორპუსში №..., ხოლო 2012 წლიდან ცხოვრობენ თავისივე გასხვისებულ ბინაში - ქირის გარეშე, მდებარე - ქუთაისში, ...ს გამზირზე, №... კორპუსში, ბინა №...-ში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და ლ. პ-ას ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ გადაუდებელი განსახლების საჭიროება, თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოება ვერ გადაწონიდა მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით მოცემულ ეტაპზე, მით უფრო, როდესაც ქულათა რაოდენობა იძლეოდა დევნილი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის შესაძლებლობა, დროებით ესარგებლა ძმის საკუთრებაში არსებული ფართით, არ გამორიცხავდა მისი, როგორც დევნილი ოჯახის, განსახლების უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისათვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისათვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა საკმარისი ქულათა ოდენობისა, ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიც არის საჭიროება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ გასხვისებულ სახლში, რომელიც წლების განმავლობაში მათი საკუთრება იყო. კასატორის განმარტებით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ მოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ აქვთ, რადგან ოჯახი ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ სახლში, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გაწევის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ლ. პ-ასთვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ 10 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. პ-ა, ქ. დ-ე და ლ. დ-ე წარმოადგენენ - იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს.
ლ. პ-ას ოჯახი (ლ. პ-ა, ქ. დ-ე, ლ. დ-ე) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა - 50440. ლ. პ-ას დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, უვადოდ.
2021 წლის 14 სექტემბერს ლ. პ-ამ №70430 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ ლ. პ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი და ძმა, ხოლო განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად. ლ. პ-ას საკუთრებაში ჰქონდა რამდენიმე უძრავი ქონება, რომლებიც გაასხვისა დედაზე - გ. პ-აზე. ამჟამად, აღნიშნული უძრავი ქონებები, განმცხადებლის ძმის-გ. პ-ას საკუთრებაა.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2021 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ლ. პ-ას ოჯახი შეფასდა 8,50 ქულით, მათ შორის: 1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი; 1,50 ქულა - საცხოვრებლის პირობები - ნაქირავები; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 2.50 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით; 2,00 ქულა - ლ. პ-ა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შშმპ, მნიშვნელოვნად გამოხატული.
გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი 2007 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში, ...ს გამზირზე, №... კორპუსში, ხოლო 2012 წლიდან ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ უძრავ ქონებაში - ქ.ქუთაისში, ...ს გამზირზე, კორპუსში №..., ბინა №...-ში, ქირის გარეშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, განიხილა ქუთაისში გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადები.
ამავე ოქმის თანახმად, თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრებიდან გამომდინარე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ლ. პ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001037 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (№30 სხდომის ოქმი), ლ. პ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, მოსარჩელეს და მის ოჯახს ხელი მიუწვდებოდათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (8.5) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას და არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზვღრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო...“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე ლ. პ-ა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (შშმპ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.0 ქულა). საკასაციო სასამართლო მიუთითებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. საკასაციო სასამართლო, ასევე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის N1888 დადგენილებით, ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) 28.1. მუხლზე, რომლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს, ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. მაკარიძე