საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1085(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. პ-ამ 2023 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №IDP 6 23 00568540 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; მ. პ-ასათვის ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., მე-... სადარბაზო, მე-... სართული, ბინა №...-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განკარგულების გამოცემის მოთხოვნით საქართველოს მთავრობისადმი შუამდგომლობით მიმართვის დავალება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №IDP 6 23 00568540 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს მთავრობისადმი შუამდგომლობით მიმართვა მ. პ-ასათვის ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., მე-... სადარბაზო, მე-... სართული, ბინა №...-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განკარგულების გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. დ-ეის გარდაცვალებამდე ვერ მოესწრო მხოლოდ და მხოლოდ ქონების მის საკუთრებაში დარეგისტრირების ფორმალური პროცედურა, რაც არ შეიძლება გახდეს მ. პ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სააგენტომ მ. დ-ეის სიცოცხლეში განიხილა მისი განცხადება, მიიღო მისი სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და არადევნილ მეუღლესთან ერთად იგი დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. საკითხის განხილვისას მ. პ-ა გათვალისწინებული იქნა, როგორც განაცხადში მითითებული ოჯახის არადევნილი წევრი, იგი ხელს აწერს როგორც საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილი ოჯახის წერილობით თანხმობას, ისე მიღება-ჩაბარების აქტს, შესაბამისად, მ. პ-ა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დევნილი, წარმოადგენს სააგენტოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების ადრესატს და მასზე უნდა გავრცელდეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიც. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად აღნიშნა, რომ მოთხოვნის უფლება, რომლის რეალიზებაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის დროულად მიმართვის გზით მამკვიდრებელმა განახორციელა, ატარებს ქონებრივ ხასიათს და რომლის საფუძველზეც გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, განხილულ უნდა იქნეს სამკვიდრო მასაში შესულ აქტივად და უნდა გადაეცეს მემკვიდრეს საერთო წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს, ჩაანაცვლოს აწ გარდაცვლილი მ. დ-ე სამართლებრივ ურთიერთობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მ. პ-ა არ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და მასზე ის ბენეფიტები ვერ გავრცელდება, რაც უნდა გავრცელდეს დევნილ პირებზე. შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი უკავშირდება სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებათა რიგს განეკუთვნება და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, იგი არ გადაიცემა მემკვიდრეობით. სააგენტოს მოსაზრებით, აღსანიშნავია, რომ მ. დ-ეს საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ ყოფილა გამოცემული (საქართველოს მთავრობის განკარგულება და აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, მხარესთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში ის არ დარეგისტრირებულა ამ უძრავი ნივთის მესაკუთრედ) და მის სიცოცხლეშიც კი, ეს სადავო ქონება მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ამდენად, გრძელვადიან საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება მ. დ-ეის სიცოცხლეში არ მოუპოვებია. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ოქმის საფუძველზე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდა მ. დ-ეის მისი დევნილი სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა მისი გარდაცვალების გამო ვერ მოხდა აღნიშნული ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა, სადავო ურთიერთობაში მოთხოვნის უფლება წარმოშობილია დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის №ბს-319 (კ-20) და 2019 წლის 19 დეკემბრის №ბს-868 (კს-18) განჩინებებზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე მატერიალურ სამართალში უფლებამონაცვლეობის დაშვების შესაძლებლობა ქმნის. თუკი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები ითვალისწინებს სამართლებრივ ურთიერთობაში სუბიექტის შეცვლას, ახალ სუბიექტზე უფლება-მოვალეობების გადასვლის თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი განიხილება სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული პირის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, თუკი დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, იგი ასევე დაუშვებელია საპროცესო სამართალში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლება არის უშუალოდ იმ დევნილის უფლება, რომელსაც უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი და აღნიშნული უფლება მემკვიდრეობით არ გადაეცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 თებერვლის №03-956/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის (ოქმი №79) გადაწყვეტილების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ მ. დ-ე და მ. პ-ა. 2021 წლის 25 ნოემბერს მ. დ-ემ და მ. პ-ამ თანხმობა გამოთქვეს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის საფუძველზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. 2022 წლის 5 მაისს მ. დ-ე გარდაიცვალა. მ. პ-ამ 2023 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩა №..., №... კორპუსი, მე-2 სადარბაზო, მე-5 სართულზე მდებარე №... ბინის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის №IDP 6 23 00568540 წერილით მ. პ-ას განემარტა, რომ ვინაიდან ის არ ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას, გადაეწყვიტა მოთხოვნა ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილის სტატუსის მქონე გარდაცვლილი პირის არადევნილი მემკვიდრის (მეუღლის) კანონიერი ინტერესის არსებობა გადაცემული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან, რომელიც დევნილი პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მოიაზრებს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილის ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას (კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. თავის მხრივ, სამკვიდრო აქტივი მოიცავს არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ ქონებას, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, მათ შორის, მემკვიდრეობით გადადის მამკვიდრებლის უფლებები. გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდავოა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამკვიდრებელი იყო დევნილის სტატუსის მქონე პირი, არ განაპირობებს მისი მემკვიდრის დევნილად მიჩნევას და სტატუსის მემკვიდრეობის საფუძველზე მიღებას. აღნიშნულის მიუხედავად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სტატუსის და ამ სტატუსიდან გამომდინარე უკვე ჩასახული, თუმცა არასრულყოფილად რეალიზებული ქონებრივი უფლებების გადასვლის საკითხი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მამკვიდრებლის მხრიდან მისი სტატუსიდან გამომდინარე უფლებებზე მოთხოვნის წარდგენას გარდაცვალებამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ უკვე გაცხადებული მოთხოვნიდან გამომდინარე უფლებების მიმართ მემკვიდრე აღარ უნდა შემოიფარგლოს უფლებათა პერსონალური ხასიათით და ასეთი უფლება უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო მასის ნაწილად. მოცემულ დასკვნას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები. ამასთან, სადავო შემთხვევა შეეხება არა სტატუსის მინიჭებას, არამედ უკვე არსებული სტატუსიდან გამომდინარე, ასეთი სტატუსის მატარებელი პირის ქონებრივი უფლების რეალიზაციას - სახეზეა ნივთის საკუთრებაში მიღების მოთხოვნა, ასევე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის (ოქმი №79) გადაწყვეტილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდნენ მ. დ-ე და მ. პ-ა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ფაქტობრივადაც გადაეცათ საცხოვრებელი ფართი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზეც, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი მ. დ-ეს შევსებული აქვს, მათ შორის, მეუღლესთან - მ. პ-ასთან ერთად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის (ოქმი №79) გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სააგენტოს მიერ ბინით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვა როგორც მ. დ-ეს, ისე მ. პ-ას, ამასთან, როგორც საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილი ოჯახის წერილობით თანხმობას, ისე მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ მ. დ-ე და მ. პ-ა. სადავო მისამართზე კი, საქმეში დაცული აბონენტის ბარათებით ირკვევა, რომ აბონენტად რეგისტრირებულია მ. პ-ა.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მ. დ-ეის გარდაცვალებამდე ვერ მოესწრო მხოლოდ და მხოლოდ ქონების მის საკუთრებაში დარეგისტრირების ფორმალური პროცედურა, რაც არ შეიძლება გახდეს მ. პ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი