№ბს-1182(კ-23) 25 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ს-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ს-იმა 2022 წლის 6 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აპრილის №599 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისი, ... №4-ის მიმდებარედ, 80 კვ.მ უძრავი ქონების ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აპრილის №599 განკარგულება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისი, ... №4-ის მიმდებარედ, 80 კვ.მ უძრავი ქონების ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2015 წლის 18 ივნისის №14/11315 განცხადებით და ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №... წერილობითი მიმართვით, გადაიგზავნა ლ. ს-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მის: ქალაქი თბილისი, ... №4, საერთო ფართი 484.00 კვ.მ, ს/კ №...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, 2020 წლის 18 თებერვალს №... განცხადებით მიმართა ლ. ს-იმა და კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა (მის: ქ. თბილისი ... №..., საერთო ფართი 80.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის თანახმად, მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა უშუალოდ ლ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. წარდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, გარდა ლ. ს-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (მის: ქალაქი თბილისი, ..., №..., საერთო ფართი - 484.00 კვ.მ, ს/კ ...), ასევე ემიჯნება იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მოიცავს №... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში არსებული შენობების (№09; №08) ნაწილს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვისაც შესაძლოა გააჩნდეს იურიდიული ინტერესი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. ამდენად, მითითებული გარემოებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ლ. ს-ი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო სადავო მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ ლ. ს-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი დასტურდებოდა კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან, საქმეში არსებული დოკუმენტებით ცალსახად საწინააღმდეგო გარემოება დგინდება. აღსანიშნავია, რომ სასამართლოები მითითებული ფაქტის დამადასტურებლად, მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებენ, რომლებიც ცალსახად სუბიექტურია და მათი შეფასება არა დამოუკიდებლად, არამედ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა მოხდეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, გარდა ლ. ს-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, ასევე ემიჯნება იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ლ. ს-ის მიერ ფლობა-სარგებლობის ფაქტი დასტურდებოდა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია 2009 წლის 25 მაისს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ: ე. მ-იი, თამაზ გლოველი, პოპინა გლოველი. ამასთან, სახლთმფლობელობას ჰყავს სხვა თანამესაკუთრეები. 2022 წლის 19 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან ვ. გ-ი, ზ. ჯ-ე, კ. ჯ-ე, ლ. ს-ი, მ. ს-ი, ნ. ჯ-ე, ს. გ-ი. საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული ს. გ-ი საჯარო რეესტრის ამონაწერში მესაკუთრედ ფიქსირდება მხოლოდ 2022 წლის 13 ივლისიდან, თუმცა მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაბადებიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებით არ დასტურდება მოწმედ დაკითხული ს. გ-ის ზემომითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, სასამართლოს მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი. სახელმწიფოს სურდა, მოეხდინა მიწის ნაკვეთთა განკერძოება, რაც გამოიხატებოდა მიწის ნაკვეთის არა ნებისმიერი პირისთვის, არამედ მფლობელისთვის/მოსარგებლისთვის გადაცემაში. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ საკუთრების უფლების აღიარებისას (გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა) კანონმდებელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ამავე მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის მიერ შენობის განთავსებას, ითვალისწინებს შენობის სახესა და მდგომარეობას ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მომიჯნავეობას. შესაბამისად, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ, ერთი მხრივ, ფლობს მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე მხრივ, განთავსებული აქვს შენობა ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე (კანონი მიღებულია 11.07.2007წ.). რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობის სტატუსი უპირობოდ არ ნიშნავს მასზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამისთვის, კანონის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ფლობა-სარგებლობის ფაქტი დგინდებოდეს კანონის ამოქმედებამდე. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნების მოპოვებით. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი, აღნიშნული გარემოების არსებობა უნდა დადგინდეს ზემოთ დასახელებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის.
კასატორის განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ლ. ს-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ №...), რეგისტრირებული აქვს 2007 წლის შემდგომ პერიოდში (2021 წლის 14 ივლისს). შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ასევე გამორიცხავს ლ. ს-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას და ადასტურებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. განსახილველ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ლ. ს-ის მიერ სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის ფაქტი 2007 წლამდე - არა გამორიცხვის მეთოდით, არამედ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, გარკვეული სახის მტკიცებულებებით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასამართლო მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს სადავო უძრავი ქონებით ლ. ს-ის მამკვიდრებლის მიერ ფლობა-სარგებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტებით და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. შესაბამისად, კომისიის მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას მიღებას განაპირობებდა. მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტული უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტის დადასტურების, ასევე, სამომავლოდ დაინტერესებული პირის (არაიდენტიფიცირებული პირის) იურიდიული ინტერესის გამორიცხვის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, უკეთუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებით, სასამართლო, ერთი მხრივ, ითავსებს მარეგისტრირებელი ორგანოს და, მეორეს მხრივ, კომისიის ფუნქცია-მოვალეობებს. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადასტურებული ლ. ს-ის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებში მოცემული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები, სასამართლო ვალდებული იყო მინიმუმ კრიტიკულად შეეფასებინა მოწმის ჩვენებები და არ მიეჩნია სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძვლად, ვინაიდან ისინი ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოპასუხე მხარის არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს კანონის ამოქმედებამდე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2015 წლის 18 ივნისს ლ. ს-იმა №14/11315 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. განცხადებაში მითითებულია, რომ 1969 წელს, ლ. ს-ის დედამ - ე. მ-იმა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ... №.... მოსარჩელის დედის კერძო სახლს ემიჯნებოდა თავისუფალი ტერიტორია, რომელიც ლ. ს-იმა 1987 წელს შემოღობა და დაეპატრონა. 1989 წელს მოსარჩელემ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა კაპიტალური სახლი, სადაც ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს. ლ. ს-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რის გამოც ვერ ხერხდება მისი აბონენტად აღრიცხვა და მისი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მრიცხველები მიერთებულია ე. მ-იის მრიცხველზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა ქ. თბილისში, ... №...-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება (ტ. 1. ს.ფ. 250); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 22 დეკემბრის №467 სხდომის ოქმის თანახმად (დღის წესრიგის მე-3 საკითხი), ლ. ს-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისში, ... №...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა გადაიდო, ვიდრე არ დარეგისტრირდება მიმდებარედ არსებული ტერიტორია საჯარო რეესტრში (ტ. 1. ს.ფ. 271-276); გ) საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2018 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. მ-იის, ე. გ-ის, ვ. გ-ის, ზ. ჯ-ეის, კ. ჯ-ეის და ნ. ჯ-ეის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 484.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9 (ტ. 1. ს.ფ. 115); დ) 2018 წლის 23 აგვისტოს ლ. ს-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... №...-ის მიმდებარედ, ფართი 80 კვ.მ (ტ. 1. ს.ფ. 225-226); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №... მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ლ. ს-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე, ქ. თბილისში, ... №...-ის მიმდებარედ (ფართი 80 კვ.მ) (ტ. 1. ს.ფ. 222); ვ) 2019 წლის 30 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ქ. თბილისი, ... №...-ის ადგილზე დათვალიერება. დადგინდა, რომ ლ. ს-ი ითხოვს კაპიტალური საცხოვრებელი ნაგებობის აღიარებას, სადაც ყველა კომუნიკაცია შეყვანილია (ტ.1. ს.ფ. 74); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ურბანული განვითარების სამსახურის 2020 წლის 13 ივლისის №67-01201953572 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა ...ს მე-... ჩიხის მიმდებარედ, 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მითითებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში (ტ.1. ს.ფ. 209); თ) 2018 წლის 31 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ე. გ-იმა, კ. ჯ-ემ, ე. მ-იმა და ზ. ჯ-ემ, როგორც ქ. თბილისი, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებმა, თანხმობა განაცხადეს, ლ. ს-იმა დაიკანონოს ს/კ №...-ის მომიჯნავედ მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თ. ტ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 45-46). 2018 წლის 2 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ვ. გ-იმა, როგორც ქ. თბილისი, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, ლ. ს-იმა დაიკანონოს ს/კ №...-ის მომიჯნავედ მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თ. ტ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 47-48). 2020 წლის 14 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ნ. ჯ-ემ, როგორც ქ. თბილისი, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, ლ. ს-იმა დაიკანონოს ს/კ №...-ის მომიჯნავედ მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თ. ტ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 205-206); ი) ე. მ-იი გარდაიცვალა 2020 წლის 23 ივლისს. 2021 წლის 28 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ლ. ს-ი და მ. ს-ი არიან გარდაცვლილი ე. მ-იის კანონისმიერი მემკვიდრეები. მათ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, საკუთრებაში მიიღეს თანაბარწილად მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან (ტ.1. ს.ფ. 64-65, 66-71); კ) მ. ს-ის 2021 წლის 29 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, ლ. ს-ი 1990 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ი/მ თ. ტ-ეის მიერ 2018 წლის 2 ივლისს შედგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული 80 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით, მდებარე ქ. თბილისი, ... №...-ის (მიწის ნაკვეთის ს/კ ...) მომიჯნავედ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მ. ს-ის პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ლ. ს-ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 62-63); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ივლისის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ. გ-ის, ზ. ჯ-ეის, კ. ჯ-ეის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, ნ. ჯ-ეის და ს. გ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 484.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9. ვ. გ-ი წარმოადგენს თანასაკუთრების 4/16 წილის მესაკუთრეს, ს. გ-ი წარმოადგენს 2/16 წილის მესაკუთრეს, კ. ჯ-ე, ზ. ჯ-ე და ნ. ჯ-ე წარმოადგენენ თანასაკუთრების 8/16 ნაწილის მესაკუთრეებს, მ. ს-ი - 1/16 წილის მესაკუთრეს და ლ. ს-ი - 1/16 წილის მესაკუთრეს (ტ.1. ს.ფ. 301-302); მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აპრილის №599 განკარგულებით ლ. ს-ის უარი ეთქვა ქ. თბილისი, ... №...-ის მიმდებარედ, 80 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ლ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, გარდა ლ. ს-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (მის: ქ. თბილისი, ..., №..., საერთო ფართი 484.00 კვ.მ, ს.კ №...), ასევე ემიჯნება იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ზემოაღნიშნული საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მოიცავს №... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში არსებული შენობების (№09, №08) ნაწილს. ამ ეტაპზე ვერ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვისაც შესაძლოა გააჩნდეს იურიდიული ინტერესი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. მითითებული გარემოებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ლ. ს-ი კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას, როგორც საკუთარს (ტ.1. ს.ფ. 166-168).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის მხრიდან მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი იყო, მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობა. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს და ზემოხსენებული ნორმათა გათვალისწინებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ლ. ს-იმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №14/11315 განცხადებით 2015 წლის 18 ივნისს მიმართა, სადაც განმარტა, რომ ... №...-ის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორიას 1987 წლიდან დაეუფლა, რომელიც შემოღობა და მასზე კაპიტალური სახლი ააშენა. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაკავებისა და ფლობის ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი იმ პირთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან. აღნიშნული განცხადებების ერთობლივი შინაარსით იკვეთება, რომ მოსარჩელე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა ს/კ №...-ის მომიჯნავედ მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე კაპიტალური საცხოვრებელი ნაგებობის აღიარებას ითხოვს, რომელშიც ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ს. გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ დაბადებიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ... №...-ში, ლ. ს-ის მეზობლად და მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს, რომელიც ჯერ რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. მათ ერთი კედელი ჰყოფთ. ლ. ს-ი ათეული წლებია ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც ეზო შემოსაზღვრულია ღობით, შენობა არის კაპიტალური და გადახურული. არანაირი პრეტენზია არ აქვს, მითითებული 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომ დაუკანონდეს ლ. ს-ის. მოწმის განმარტებით მიწის ნაკვეთი, რომლითაც ლ. ს-ი ფლობს და სარგებლობს მოქცეულია ერთიან სასაზღვრო მიჯნაში. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მეზობლებს რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. მას თავადაც აქვს დაუკანონებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მიერ შემოღობილია და აპირებს მიმართოს აღიარების კომისიას მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ ამ ეტაპზე ვერ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვისაც შესაძლოა გააჩნდეს იურიდიული ინტერესი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. ის გარემოება, რომ პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში არ ქმნის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოწმე ს. გ-ი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მესაკუთრე, 2022 წლის 13 ივლისის ამონაწერით ფიქსირდება, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მოწმის ამავე მისამართზე 2022 წლამდე ცხოვრების ფაქტს.
ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი არ ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის განკარგულება არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება და აღიარების კომისიის თანამშრომელთა ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 30 დეკემბრის ოქმი, როგორც მტკიცებულებათა ერთობლიობა, გამორიცხავს მოპასუხის პოზიციას, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელის მიერ სადავო ფართის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი არ დასტურდება. გასაჩივრებული 2022 წლის 5 აპრილის №599 განკარგულება არ არის იმგვარად დასაბუთებული, რაც მოსარჩელის მიერ სადავო ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს გამორიცხავდა. იგი არც სათანადო მტკიცებულებებითაა გამყარებული და მხოლოდ ზეპირ არგუმენტებს ემყარება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ვერ დადასტურდა გასაჩივრებული აქტის კანონიერება. წარმოდგენილი მტკიცებულებების, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების და მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, კომისიის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. შესაბამისად, იკვეთება სადავო მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონისმიერი საფუძვლების არსებობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია