Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1215(კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ტ-ა

მესამე პირი (სასკ 16.2) - გ. ჩ-ი

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 აპრილს ნ. ტ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი აპრილის №03/7062 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელე ნ. ტ-ას მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილი განცხადების განხილვის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ოჩამჩირიდან დევნილი მოსარჩელის მეუღლე - ა. ჩ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 8 მაისს. მოსარჩელეს შვილს - გ. ჩ-ის აქვს დევნილის სტატუსი. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი სარეიტინგო ქულა არის 1120. ცხოვრობენ ქალაქ ზუგდიდში, რთულ პირობებში. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ არიან უზრუნველყოფილნი გრძელვადიანი საცხოვრებლით. მოსარჩელის ოჯახს წლების განმავლობაში მინიჭებული ჰქონდა 3 ქულა, მათ შორის, 1.5 ქულა საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო და 1.5 ქულა - ქვრივის სტატუსისთვის, რომელიც მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც ეცნობა, რომ მისი განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით. აღნიშნულის მიზეზად წერილში მითითებულია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წერილში მითითებული გარემოება არ შესაბამება რეალობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: წყალტუბოს ს.რ განყოფილების მნ№015179 ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღია 2003 წლის 22 აპრილი.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული ნკ№958916 დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის და ნ. ტ-ას 2004 წლის 10 თებერვალს შეეძინათ შვილი - გ. ჩ-ი.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახურის მიერ გაცემული ალ№311341 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, 2008 წლის 8 მაისს ა. ჩ-ი გარდაცვალა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტების თანახმად, ა. ჩ-ი 2003 წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო მისამართზე - ხელვაჩაურის რაიონი, ..., „ს...“. 2004 წლიდან ა. ჩ-ის ოჯახს შეემატა შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც იმავე მისამართზეა რეგისტრირებული; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, გ. ჩ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A004983 მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ..., ხოლო, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - აჭარა, ხელვაჩაური.

2022 წლის 14 მარტს, ნ. ტ-ამ მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა მისი შვილის - გ. ჩ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე უფლებას, მათი ოჯახი დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი აპრილის №03/7062 მიმართვით, ნ. ტ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი განუხილველი დარჩა და 0 ქულით შეფასდა, ვინაიდან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქალაქე ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

სს ,,ა...ს“ 2022 წლის 7 სექტემბრის წერილობითი მიმართვის თანახმად, ფიზიკური პირები - ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი ფიქსირდებოდნენ ს...ში“, საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული ჰქონდა ფიზიკურ პირს - ა. ჩ-ის, რომელმაც თანხა აიღო 10.04.2006 წელს. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვებოდა.

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასების მიღმა იყო დატოვებული საკითხი, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რამდენად რეალური იყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკომპენსაციო თანხის მიუღებლობისა და ა. ჩ-ითან განქორწინების შესახებ, რაც სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენდა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებას. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი 10.04.2006 წლისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მინიჭებული ჰქონდათ ერთი საოჯახო ნომერი (...), პალატის მოსაზრებით, არ ნიშნავდა, რომ ეს პირები სადავო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები დამატებით შესწავლას საჭიროებდა.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე. ბ-ას ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ნ. ტ-ა და ა. ჩ-ი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც გ. ჩ-ი დაიბადა (იქნებოდა დაახლოებით ერთი თვის). ამ დროისათვის ნ. ტ-ა ბავშვთან ერთად, დაახლოებით 8 თვე, ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში მამასთან გადავიდა.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება არ ემყარებოდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ტ-ა წარმოადგენდა დევნილის სტატუსის მქონე პირის - გ. ჩ-ის ოჯახის წევრს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ნ. ტ-ა საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილებული როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადევნილი ოჯახის წევრი.

სასამართლოს მითითებით, სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ნ. ტ-ას და მისი არასრულწლოვანი შვილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას გ. ჩ-ის მამის - ა. ჩ-ისათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წელს), ვინაიდან, მითითებული ფაქტობრივი გარემოება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან სათანადოდ არ გამოკვლეულა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და ერთი მოწმის - ე. ბ-ას ჩვენებას, რომ ნ. ტ-ამ, შვილის დაბადებიდან თითქმის ერთ თვეში, 2004 წლიდან დატოვა ს...“, რის შემდეგაც, დაახლოებით 8 თვე ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში, მამასთან გადავიდა. საკასაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დასაბუთებული არ იყო დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის აუცილებლობა - სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენის შეუძლებლობა.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ნ. ტ-ა არ არის დევნილის სტატუსის მქონე პირი. იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს წარმოადგენს მისი შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც განსახილველ საქმეში არ მონაწილეობდა არც მოსარჩელის და არც მესამე პირის სახით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო დევნილი პირის - გ. ჩ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა გ. ჩ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჩ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მიუთითა, რომ სასამართლო იმსჯელებდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე, გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საკასაციო სასამართლოს მითითება, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გ. ჩ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას მისი მამის - ა. ჩ-ისათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წ.).

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ნ. ტ-ასა და გ. ჩ-ის მითითებაზე, რომ 2006 წლის მდგომარეობით ისინი და ა. ჩ-ი აღარ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელე ეწეოდა ინდივიდუალურ საოჯახო მეურნეობას, რომელთან ერთად ცხოვრობდა მის მცირეწლოვანი შვილი. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით ნ. ტ-ასა და გ. ჩ-ის მიერ 24.05.2024 წ. განცხადებით წარდგენილ მტკიცებულებებზე: შპს ,,ლ...ის“ 2024 წლის 04 აპრილის ცნობაზე, აწ გარდაცვლილი ა. ჩ-ის მამის - ზ. ჩ-ის განცხადებაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2024 წლის 03 აპრილის ცნობაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის 2024 წლის 05 აპრილის ცნობაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე. ბ-ას ჩვენებაზე. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია 2006 წლის მდგომარეობით გ. ჩ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რაც ქმნიდა, სასამართლოს მიერ, სადავო აქტების სზაკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ტ-ა არ არის იძულებით გადაადგილებული პირი და მას არ აქვს საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება მის შვილს - გ. ჩ-ის, მას იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს მამის - ა. ჩ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ. ჩ-ი მამასთან - ა. ჩ-ითან ერთად დევნილად რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, ..., „ს...“, სარეგისტრაციო ნომრით .... აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილის თანახმად, 2006 წელს განხორციელებული კომპაქტური ობიექტების პრივატიზაციის დროს ჩ-იების ოჯახს, კერძოდ, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის გამოეყოთ ფინანსური კომპენსაცია. წერილს დანართის სახით ერთვის სია, სადაც მითითებულნი არიან ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი, რომელთაც „ს...ში“ დაკავებული ჰქონდათ ოთახი.

ჩ-იების ოჯახს კომპენსაცია ს...ში“ დაკავებული ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ ინვესტორმა გადასცა 2006 წელს. ამ პერიოდისთვის ისინი ერთი და იმავე მისამართზე, ერთი სარეგისტრაციო ნომრით იყვნენ რეგისტრირებულნი. დევნილი ოჯახის ცნება 2013 წელს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განიმარტა, თუმცა სადავო პერიოდისათვის სავსებით საკმარისი იყო ოჯახის ერთ მისამართზე რეგისტრაცია საერთო საოჯახო ნომრით. აღნიშნული იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ა. და გ. ჩ-იები ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ, მით უმეტეს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ მამა-შვილი.

კასატორის განმარტებით, სამინისტრო კომპენსაციის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. დევნილების სანატორიუმში ცხოვრების მომენტისათვის სანატორიუმი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს მიერ გასხვისდა კერძო ორგანიზაციაზე შეღავათიან ფასად სწორედ იმ მოტივით, რომ შენობა არ იყო თავისუფალი და მასში ცხოვრობდნენ დევნილები. მესაკუთრემ, თავის მხრივ, იკისრა დევნილთათვის ფართის დათმობის სანაცვლო თანხის გადახდა. სახელმწიფოს მიზანი შენობის გასხვისებისას იყო დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ინვესტორის მეშვეობით. შენობაში განთავსებულმა დევნილებმა თანხა მიიღეს მათი სტატუსიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში მათ ელოდათ უპირობო გამოსახლება და ინვესტორის მხრიდან ისინი დახმარებას არ მიიღებდნენ. სამინისტრო ინვესტორს აწვდიდა სანატორიუმში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა სიას. ამასთან, ინვესტორი, თავის მხრივ, აღწერდა სანატორიუმში მაცხოვრებლებს. ის ფაქტი, რომ ინვესტორის მიერ თანხის გადახდის შემდეგ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება აღარ მიეცემოდათ ცნობილი იყო მოსარჩელის ოჯახისთვის, კერძოდ, მისი მეუღლისთვის, რომლის ოჯახის წევრსაც წარმოადგენდა შვილი - გ. ჩ-ი. ის და მისი ოჯახის წევრები დაეთანხმნენ ინვესტორის შეთავაზებას, მიეღოთ ერთჯერადი ფულადი თანხა ფართის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ მათ თანხა მიიღეს დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, თითო ოთახზე 7 000 აშშ დოლარი. ამდენად, მოსარჩელესა და მის ოჯახს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მნ№015179 ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღია - 2003 წლის 22 აპრილი; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია ნ. ტ-ასა და ა. ჩ-ის განქორწინების შესახებ არ იძებნება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26. 04. 2024წ. N01/102931 მიმართვა);

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული ნკ№958916 დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის და ნ. ტ-ას 2004 წლის 10 თებერვალს შეეძინათ შვილი - გ. ჩ-ი; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახურის მიერ გაცემული ალ№311341 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის გარდაცვალების თარიღია 2008 წლის 8 მაისი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად, ა. ჩ-ი 2003 წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო მისამართზე - ხელვაჩაურის რაიონი, ..., „ს...“. 2004 წლიდან ა. ჩ-ის ოჯახს შეემატა შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც იმავე მისამართზეა რეგისტრირებული;

გ. ჩ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A004983 მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ..., ხოლო, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - აჭარა, ხელვაჩაური;

2022 წლის 14 მარტს, ნ. ტ-ამ მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 მიმართვით, ნ. ტ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი განუხილველი დარჩა და 0 ქულით შეფასდა, ვინაიდან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქალაქე ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 6 თებერვლის №01-19/27 მიმართვით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეცნობა იმ დევნილ პირთა სია, რომლებსაც 2006 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ კომპენსაცია, მათ შორის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის;

2006 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და კომპანია „A...” (მყიდველი) შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა შეისყიდა აჭარის ა.რ-ის საკუთრებაში არსებული სს „ა...ს“ აქციათა 100% და სს ,,მ...ს’’ 52,83%. საინვესტიციო თანხად განისაზღვრა - 17 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში, რომელიც ტოლია ქონების ღირებულების, საიდანაც აქციათა გასაყიდი ფასი - 4 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხისა ლარებში გადახდილ უნდა იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ და მთავრობის მოთხოვნით, საკომპენსაციო თანხა, რომელიც ტოლია 13 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხისა ლარებში, საჭიროა სს „ა...ს“ საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებაში მცხოვრები დევნილების ოჯახების განსახლებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილების თითოეულ ოჯახთან მიმართებაში - თანხა, რომელიც გაიცემა დევნილების ოჯახების სიაში მითითებულ თითოეულ ოჯახზე არის - 7 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარში. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დანართის სახით თანდართული იყო 1921 ოჯახის სია, რომლებიც დაკავებულ ქონებაში ცხოვრობდნენ. დევნილი ოჯახების სია წარმოდგენილი და შემოწმებული იყო აჭარის ა.რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, ხელშეკრულების შესრულების თარიღის მდგომარეობით. ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებულია ქონების ჩამონათვალი, მათ შორის, „ს...“, მისამართი - ხელვაჩაურის რაიონი, ...;

შერეული სამთავრობო კომისიის 2006 წლის პირველი სექტემბრის დასკვნის თანახმად, კომისიის წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „აჭ...-ს“ შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დაადასტურეს, რომ პრივატიზებულ ჩვიდმეტივე ობიექტში, მათ შორის, ს...ში“, მცხოვრები ოჯახების გამოსახლების პროცედურები დასრულებულია და შენობები თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 28 ივლისის №05/4753 მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ფინანსური კომპენსაციის გაცემა განხორციელდა კომპანია „აჭ...“-სა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2006 წლის 17 თებერვალს დადებული „აქციათა ნასყიდობის“ ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების დანართს წარმოადგენდა დევნილი ოჯახების სია, რომლებზეც ინვესტორს უნდა გაეცა ფინანსური კომპენსაცია. იძულებით გადაადგილებული პირები-დევნილები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი საოჯახო ნომრით - ..., ირიცხებიან პ...ს“ გადაგზავნილ სიაში. რაც შეეხება კომპენსირების საკითხს, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირებზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცული არ არის და მიზანშეწონილია მისი მიღება განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეებისგან;

სს „ა...ს“ 2022 წლის 7 სექტემბრის მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ ფიზიკური პირები - ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი ფიქსირდებიან ს...ში“, საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს - ა. ჩ-ის, რომელმაც თანხა აიღო 10.04.2006 წელს. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა, შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის არსებითია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი და 2. შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება მისი შვილის - გ. ჩ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე უფლებას, მათი ოჯახი დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით. დადგენილია, რომ ნ. ტ-ამ მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქალაქე ა. ჩ-ის (გ. ჩ-ის მამას) სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, უნდა ჩაითვალოს თუ არა გ. ჩ-ი კომპენსირებულად 2006 წელს ს...ში“ დაკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ ა. ჩ-ისათვის მიცემული თანხით. ამასთან, კანონის მიზნებისთვის, გ. ჩ-ი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიჩნეული კომპენსირებულად, თუ სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურდება მისი ს...ში“ ა. ჩ-ის საცხოვრებელ ფართში მუდმივად ცხოვრებისა და მასთან ერთად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს გ. ჩ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა მისი მამის - ა. ჩ-ისათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წელს). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2006 წლის მდგომარეობით გ. ჩ-ი იყო მცირეწლოვანი, ხოლო მოსარჩელე ნ. ტ-ა განმარტავს, რომ იგი 2006 წელს აღარ ცხოვრობდა მეუღლესთან - ა. ჩ-ითან და შვილთან - გ. ჩ-ითან ერთად საცხოვრებლად გადასული იყო სხვა მისამართზე, მნიშვნელოვანია დადგინდეს 2006 წლის მდგომარეობით ნ. ტ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, ნ. ტ-ასა და გ. ჩ-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე:

საქმეში დაცულია ზ. ჩ-ის განცხადება (13.04.2024 წ.), სადაც მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ა. ჩ-ის მამას. მისი გადმოცემით, ა. ჩ-ი და ნ. ტ-ა ფაქტობრივად განქორწინდნენ 2004 წელს. ამ წლიდან ნ. ტ-ა ახალ დაბადებულ შვილთან - გ. ჩ-ითან ერთად საცხოვრებლად გადავიდა წალენჯიხის რაიონი სოფელ ...ში, მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. ზ. ჩ-ი ადასტურებს, რომ ნ. ტ-ა საცხოვრებლად არ დაბრუნებულა აჭარაში. ის ცხოვრებას აგრძელებს მისი მშობლების სახლში;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2024 წლის 03 აპრილის ცნობებში მითითებულია, რომ ნ. ტ-ა და გ. ჩ-ი 2004 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ნამდვილად ცხოვრობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციის ერთეულში;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ...ის შპს ,,ლ...ის“ 2024 წლის 04 აპრილის ცნობის თანახმად, 2004 წლის 10 თებერვალს დაბადებული გ. ჩ-ი პ/ნ ..., 2004 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფება ლიის ამბულატორიაში და ყველა პროფილაქტიკური აცრები ჩატარებული აქვს ლიაში;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის 2024 წლის 05 აპრილის ცნობის თანახმად, გ. ჩ-ი 2007 - 2010 წლებში ირიცხებოდა ...ის N1 საბავშვო ბაღში.

მტკიცებულების სახით საქმეში ასევე დაცულია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N... საჯარო სკოლის 2024 წლის 05 აპრილის ცნობა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გ. ჩ-ი 2010 წლის 15 სექტემბრის ზუგდიდის N... საჯარო სკოლის დირექტორის N172 ბრძანებით ჩაირიცხა პირველ კლასში და 2021 წლის 22 აპრილს იმავე სკოლის დირექტორის ბრძანებით ამოირიცხა მე-11 კლასიდან. ამის შემდგომ სწავლა გააგრძელა ქ. წალენჯიხის შპს ა...ში“ და მისი სრული კურსი დაამთავრა 2021-2022 სასწავლო წელს;

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე. ბ-ამ განმარტა, რომ ნ. ტ-ა და ა. ჩ-ი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც გ. ჩ-ი დაიბადა (იქნებოდა დაახლოებით ერთი თვის). ამ დროისათვის ნ. ტ-ა ბავშვთან ერთად, დაახლოებით 8 თვე, ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში მამასთან გადავიდა.

საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია 2006 წლის მდგომარეობით გ. ჩ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2006 წლისთვის ნ. ტ-ა და გ. ჩ-ი აღარ ცხოვრობდნენ გარდაცვლილ ა. ჩ-ითან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი ს...ში“ ფიქსირდებოდნენ ერთი საოჯახო ნომრით, არ ნიშნავს, რომ ეს პირები სადავო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს და არ ქმნის გ. ჩ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. შესაბამისად, მოცემული საკითხი დამატებით მოკვლევას და შესწავლას საჭიროებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მასალები, ასევე, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მათი ურთიერთშედარებისა და შეფასების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სასამართლოს აქვს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საჭიროების არარსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ. მაკარიძე