საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1227(კს-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ. ფ-ას და ნ. ფ-ას 2024 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სარჩელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 11 მარტის N24-2424071167 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ. ფ-ას (პ/ნ ...) და ჯ. ფ-ას (პ/ნ ...) „კერძო საჩივარი“ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმების ნაწილში (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 11 მარტის №24-2424071167 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ბათილად ცნობის შესახებ) დარჩა განუხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ. აღნიშნული განჩინება საკასაციო სასამართლოში გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. და ჯ. ფ-აების მიერ წარმოდგენილი „საჩივარი“ მიჩნეულ იქნა „კერძო საჩივრად“, რომელზეც დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, ჯ. ფ-ას და ნ. ფ-ას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დედნის სახით ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, დაზუსტებული მოთხოვნის მითითებით (იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში). აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2024 წლის 22 ნოემბერს.
2024 წლის 25 ნოემბერს ნ. და ჯ. ფ-აებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს Nზ-676-24 „საჩივარი/წერილობითი პასუხი“ და Nბ-1679-24 „საჩივარი/წერილობითი პასუხი“, თუმცა საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამასთან გასათვალისწინებელია, ნ. და ჯ. ფ-აებმა 2024 წლის 25 ნოემბრის განცხადებებში, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითეს, რომ სახეზეა მათი იძულებითი მონაწილეობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმეში, რამეთუ მათ სურვილს არ წარმოადგენს საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვა, ხოლო მათ მიერ 2024 წლის 29 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი „საჩივარი“ არ წარმოადგენს არც საკასაციო და არც კერძო საჩივარს, საქმე კი, მათი ნების საწინააღმდეგოდ გადმოიგზავნა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მათივე მითითებით, ნ. და ჯ. ფ-აები არ წარმოადგენენ საკასაციო ინსტანციის განსახილველი დავის მხარეებს - კერძო საჩივრის ავტორებს/კასატორებს, რამეთუ საქმე ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს განსახილველია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი). თავის მხრივ, დისპოზიციურობის პრინციპი მხარეს ანიჭებს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ფ-ას და ნ. ფ-ას საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ფ-ას და ნ. ფ-ას საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი