საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-684(2კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. ფ-ე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 19 აგვისტოს თ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის თ. ფ-ეის, როგორც რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით, მიყენებული მატერიალური ზიანის 5000 ლარისა (4000 ლარი მიუღებელი შემოსავალი და 1000 ლარი - სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხა) და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელე დაკავებულ იქნა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეეფარდა პატიმრობა, რომლიდანაც გათავისუფლდა და პატიმრობა შეეცვალა გირაოთი. თუმცა საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით, თ. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, რამაც მას მიანიჭა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, უკანონო დაპატიმრებისა და სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილეობის გამო, თითქმის 4 თვის განმავლობაში მან ვერ შეძლო შრომითი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება და მიუღებელი შემოსავლის სახით ჯამში დაკარგა 4000 ლარი, რის გამოც მოუწია სესხის აღება. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელემ გადაიხადა საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე თ. ფ-ეის, როგორც რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით, მიყენებული მატერიალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა, მოსარჩელე - თ. ფ-ეისთვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების და მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. ფ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; თ. ფ-ეის სარჩელი მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის (4 000 ლარის) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულ თ. ფ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და ბრალდებული მოთავსებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. აღნიშნულის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, თ. ფ-ე გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი დაწესებულებიდან და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 2000 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კი, თ. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ამავე განაჩენით, გაუქმდა თ. ფ-ეის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თ. ფ-ემ საპატიმრო დაწესებულებაში დაყო 8 დღე და პატიმრობის ყოფნის პერიოდის მხედველობაში მიღებით არაგონივრულად მიიჩნია მორალური ზიანის სახით 4000 ლარის მისთვის ანაზღაურება, რის გამოც ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განსაზღვრა 500 ლარით.
მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაკავების ოქმში მოსარჩელემ მიუთითა, რომ იყო უმუშევარი, ამასთან, მოსარჩელის მიერ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება მის მიერ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ცნობა საგადასახადო ორგანოდან ყოველთვიურად მის მიერ მიღებული შემოსავლების თაობაზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ მიუღებელ შემოსავალს შორის. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს აეკრძალა დაზარალებულთან (მეუღლე) მიახლოება და მასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაზარალებულის თანხმობისა და ნებართვის გარეშე, ვერ იქნებოდა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების (ანაზღაურების მიღების) დამაბრკოლებელ გარემოებად.
რაც შეეხება ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხს, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ფ-ეის ინტერესებს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი - გ. გ-ე, ხოლო საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გ. გ-ეს გადაუხადა 1 000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რომ არა მოსარჩელის მიმართ უკანონო ბრალდება, მას აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაკისრებოდა მისი ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელისათვის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების (ჯამში 800 ლარი) მოპასუხისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდებოდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის, ასევე არ დასტურდებოდა კასატორის მხრიდან ბრალეული მოქმედება. კასატორმა ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამასთან, პროკურატურა ხელმძღვანელობდა კანონით გათვალისწინებული „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტით, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, უკანონოდ არ აქცევდა კასატორის ქმედებებს, რომელიც ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს.
მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ შეამცირა ზიანის ოდენობა, თუმცა დამატებით მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტი, რომ თ. ფ-ე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამართლებული და იგი არ გასაჩივრებულა სააპელაციო და საკასაციო წესით. შესაბამისად მთლიანად სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობდა მხოლოდ 3 თვე და 21 დღე, ხოლო მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მოუწია მხოლოდ 8 დღის მანძილზე ყოფნა. ამასთან, იგი არ იყო ასაკოვანი, არ ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა განსაკუთრებულ მოპყრობასთან და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს ციხეში ყოფნის დროს, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია მის უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას.
ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ ადვოკატის აყვანა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას, რომლით სარგებლობაც არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთან, კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მითითება და საქმეში ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა დადგინდეს ბრალდების გამო კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი.
კასატორის - თ. ფ-ეის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოწმეების - ი. ფ-ეის და კ. ფ-ეის განმარტებები და არასწორად იქნა დადგენილი მისი უმუშევრობის ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები ითვლებიან თვითდასაქმებულებად და მათ დასაქმებულის ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ, შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთი პირები ანკეტებში მონაცემების შევსებისას აფიქსირებენ უმუშევრობას, რაც გულისხმობს არა საერთოდ უმუშევრად ყოფნას, არამედ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაუსაქმებლობას, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ი. ფ-ე მოსარჩელეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით უხდიდა ყოველთვიურ ხელფასს - 1000 ლარს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის პოზიცია ნარდობის ხელშეკრულების არ არსებობის თაობაზე საფუძვლიანი იქნებოდა, თუ საქმეზე წარმოდგენილი იქნებოდა საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ განაცდურის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება უკავშირდებოდა არა მარტო 8 დღის მანძილზე მის უკანონო პატიმრობაში ყოფნას, არამედ საქმის დასრულებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ვალდებულებასაც, რამაც იგი დაახლოებით 20 კილომეტრით ჩამოაშორა თავის საცხოვრებელს და შეუძლებელი გადახადა სამუშაო ადგილზე მისვლა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აქცენტი გააკეთა მოსარჩელის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში უკანონო ყოფნის 8 დღიან ვადაზე, თუმცა მხედველობაში არ მიიღო მისი სტრესი, შეურაცხყოფა, შიში და უარყოფითი ემოციები, რაც უკავშირდებოდა არამარტო საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებას, არამედ ნათესავებისა და საზოგადოების თვალში 4 თვის მანძილზე ბრალდებულის სტატუსით ყოფნას. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მოსარჩელეს 4 თვის მანძილზე შეზღუდული ჰქონდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისვლის, ცხოვრების და იქ მყოფ არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მის უარყოფით განცდებს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მას სისხლის სამართლის ბრალდების საქმიდან გამომდინარე გაუარესებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მძიმე ავადმყოფია, რის გამოც ვეღარ ახერხებს ძველებურად მუშაობას და შემოსავლის მიღებას, შესაბამისად ესაჭიროება თანხები როგორც საკუთარი მკურნალობისთვის, ასევე უმუშევარი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მატერიალური დახმარების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თ. ფ-ეის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენელმა, გ. გ-ემ იშუამდგომლა, საქმეზე შემდეგი დოკუმენტების დართვის თაობაზე: 2024 წლის 19 თებერვლის გზავნილის თავფურცელი, 2024 წლის 28 თებერვლის №05-ლ შუამდგომლობა სააპელაციო შესაგებლის ვადის გაგრძელების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის ცნობა და შუამდგომლობის ჩაბარების დასტური.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2024 წლის 23 აგვისტოს თ. ფ-ეის წარმომადგენელმა - გ. გ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, სადაც განმარტა, რომ მათ მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან წარდგენილი იყო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოსამართლე ი. კ-ეის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნით დაწყებული იყო სამართალწარმოება. კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისგან მოსამართლე ი. კ-ეის მიმართ მომზადებული დასკვნის ასლის გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თ. ფ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე თ. ფ-ეის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით, მიყენებული მატერიალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ხოლო მოსარჩელეს - თ. ფ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების და მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. ფ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. თ. ფ-ეის სარჩელი მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის (4 000 ლარის) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ხოლო მოსარჩელეს - თ. ფ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი 5000 ლარიდან 1000 ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თ. ფ-ეის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობის შემოწმება, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
დამატებით აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 26 ნოემბერს თ. ფ-ეის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი №... მეუღლის, თ. პ-ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე (ორდერის მიხედვით, მეუღლეს ხელები მოუჭირა ყელის არეში, ხოლო შემდეგ, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა).
მითითებულ ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ თ. ფ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და ბრალდებული მოთავსებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. მოსარჩელის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 27 ნოემბრის 14:00 საათიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება ბრალდებულ - თ. ფ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ნაწილში გაუქმდა და თ. ფ-ე გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი დაწესებულებიდან. ამავე განჩინებით, მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 2000 ლარი. ამავე განჩინებით, თ. ფ-ეს აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და მასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაზარალებულის თანხმობისა და ნებართვის გარეშე.
ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, თ. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით, გაუქმდა თ. ფ-ეის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
აღსანიშნავია, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ თ. ფ-ეს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა ფაქტობრივად 2021 წლის 27 ნოემბრიდან 2021 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, შესაბამისად 8 დღის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი პროკურატურის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ გასაჩივრებულა და მოცემული სისხლის სამართლის საქმე დასრულდა ოთხ თვემდე ვადაში, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება, განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი (მაგ: ცნობა საგადასახადო ორგანოდან და სხვ.) რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მას აკრძალული ჰქონდა მეუღლესთან მიახლოება და მოსარჩელის ძველ საცხოვრებელ სახლში ვიზიტი, იგი ვერ ახერხებდა სამუშაოზე სიარულს. საკასაციო პალატამ მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელფასის მიუღებლობა განაპირობა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებამ და უკანონო ბრალდებამ, რომლის არარსებობის პირობებშიც თ. ფ-ე, როგორც დასაქმებული, შეძლებდა სამუშაოს შესრულებას და მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ. ფ-ეის მიმართ გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, თ. ფ-ეს აკრძალული ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოება და მასთან ყველა სახის კომუნიკაცია მხოლოდ დაზარალებულის თანხმობისა და ნებართვის გარეშე, და არა შრომის უფლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2021 წლის 4 დეკემბრის განჩინების მიღების დროისთვის დაზარალებული პრეტენზიას აღარ გამოხატავდა მისი მეუღლის მიმართ. მეტიც, დაზარალებულმა თ. პ-ამ, არ მისცა ჩვენება მისი მეუღლის წინააღმდეგ.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული თანხის თვალსაზრისით, დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ფ-ეის ინტერესებს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი - გ. გ-ე და საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 5 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გ. გ-ეს გადაუხადა 1 000 ლარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც გამართლებულ პირს, მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად მის მიერ ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯები განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. ამდენად, რომ არა მის მიმართ უკანონო ბრალდება, მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა, შესაბამისად სახეზეა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის 1000 ლარის დაკისრების წინაპირობები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე საქმის მასალებზე და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 800 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება განსახილველ შემთხვევაში არის გონივრული და საფუძვლიანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობა უკავშირდებოდა საქმეზე ისეთი დოკუმენტაციის (2024 წლის 19 თებერვლის გზავნილის თავფურცელი, 2024 წლის 28 თებერვლის №05-ლ შუამდგომლობა სააპელაციო შესაგებლის ვადის გაგრძელების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის ცნობა და შუამდგომლობის ჩაბარების დასტური) დართვას, რომელიც საქმეს ისედაც დაერთო სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისგან მოსამართლის მიმართ შედგენილი დასკვნის გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობა გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის - თ. ფ-ეის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპქტორის დასკვნის გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თ. ფ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. კასატორის - თ. ფ-ეის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსეპქტორის დასკვნის გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორის - თ. ფ-ეის შუამდგომლობა 2024 წლის 19 თებერვლის გზავნილის თავფურცელის, სააპელაციო შესაგებლის ვადის გაგრძელების შესახებ 2024 წლის 28 თებერვლის №05-ლ შუამდგომლობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის ცნობის და შუამდგომლობის ჩაბარების დასტურის საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა