Facebook Twitter

საქმე #ბს-938(2კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ნ. ქ-ე, ვ. ც-ე, შპს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 7 ოქტომბერს ნ. ქ-ემ, ვ. ც-ემ და შპს „ს...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, ვ. ც-ეის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #1-ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. ამავე ქუჩაზე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ნ. ქ-ეის საკუთრებას, ხოლო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება კი - შპს „ს...ს“ საკუთრებას.

მოსარჩელეთა მითითებით, 2022 წლის 3 მაისს მათ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარადგინეს #AR1896214 ელექტრონული განცხადება, რომლითაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც მათ უარი ეთქვათ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის #5971066 გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ამოწურული იყო როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტით, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადები. შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ან ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის #5971066 გადაწყვეტილება იყო კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი, 2022 წლის 22 ივნისს მათ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს, თუმცა 2022 წლის 22 აგვისტოს #733 ბრძანებით მათ ასევე დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ეთქვათ უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არსებობს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, მოსარჩელეებმა (1) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის #5971066 გადაწყვეტილებისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს #733 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, (3) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის #AR1896214 განცხადების დაკმაყოფილებისა და ..., ... და ... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეის, ვ. ც-ეისა და შპს „ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის #5971066 გადაწყვეტილება და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს #733 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-ემ, ვ. ც-ემ და შპს „ს...მ“, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ნ. ქ-ეის, ვ. ც-ეისა და შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 35-ე მუხლზე, ასევე, „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტზე, ასევე, საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა არა საცხოვრებელ სახლზე დაშენებისთვის მშენებლობის უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელება, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მხოლოდ უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბრძანება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო.

ამასთან, პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მითითებაზე, რომ სადავო საკითხის სრულფასოვნად გამოკვლევისა და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაუსრულებელი მშენებლობა, უარი ნებართვაზე უფრო მეტ ზიანს ხომ არ აყენებს კორპუსის მდგრადობას და საფრთხეს ხომ არ უქმნის იქ მაცხოვრებლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით მიუთითებს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, სახურავის მთელ პერიმეტრზე, დამუშავებული პროექტის ფარგლებში, ნებადართულია მსუბუქი, თვითმზიდი კონსტრუქციით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის (მათ შორის, სხვენის არსებობის პირობებში მანსარდის) დაშენება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისთვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ, არაუმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 18 თვის ვადით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, კასატორი განმარტავს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენებისა და დაშენების განხორციელება დაიშვება სახურავის მთელ პერიმეტრზე, დამუშავებული პროექტის ფარგლებში. ამასთან, ასეთი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის ვადა შესაძლებელია გაიცეს ერთხელ, არაუმეტეს 18 თვით და ხსენებული ვადის გაგრძელება ან განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 18 თვით.

კასატორი, ასევე, განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 31 ოქტომბრის #1-1959 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის #3001772 ბრძანებით, #4-13 გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით - 12 თვის ვადით. ამასთან, იმ გარემოების გამო, რომ სამუშაოების დასრულება დამკვეთის მიერ ხსენებულ ვადაში ვერ მოხერხდა, შპს „ს...ს“ 2018 წლის 3 აპრილის #AR1587009 განცხადების საფუძველზე, არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის #3981937 ბრძანებით #4-13 გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2018 წლის 25 მაისიდან 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით - 18 თვით.

კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 ნოემბრის #4768472 ბრძანებით ცვლილება შევიდა არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის #3981937 ბრძანებაში და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისის ჩათვლით. მითითებული მუხლის თანახმად, #14-39 დადგენილების ამოქმედებამდე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაწყებულ და დაუმთავრებელ მიშენება/დაშენებაზე ვადის გაგრძელება ან განახლება შესაძლოა განხორციელდეს დამატებით მხოლოდ ერთხელ, 6 თვის ვადით.

შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ საპროექტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 27 მაისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კი, მოქმედი კანონმდებლობით, მხარე კარგავდა ნებართვის ვადის გაგრძელების ან მისი განახლების მოთხოვნის უფლებას.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთმა ისარგებლა როგორც #4-13 გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტით, ასევე, #14-39 დადგენილების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენებისათვის გათვალისწინებული ვადებით. ამასთან, საგანგებო მდგომარეობისა და #181 დადგენილებით მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, მხარეს, ასევე, ორჯერ გაუხანგრძლივდა დაშენების ვადა.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონი იმპერატიულად აწესებს კონკრეტულ ვადას, სასამართლოს არ განუმარტავს და არ მიუთითებია, რომელი კანონი ან კანონის ნორმა უნდა გამოეყენებინა სამსახურს. სასამართლომ უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა ვადებთან დაკავშირებით.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში განმარტებულია, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი იყო არა საცხოვრებელ სახლზე დაშენებისათვის მშენებლობის უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელება, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომელიც სხვა სამართლებრივ რეჟიმში ექცევა.

კასატორი არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, მიუთითებს #14-39 დადგენილების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ რამდენადაც პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1779819 ბრძანებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელძღვანელა 2014 წლის 24 სექტემბრისათვის მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით.

კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკასაციო სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასებას, რომ კანონმდებლობა ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორი განმარტებით ყალიბდება მანკიერი პრაქტიკა.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადას მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენებისა და დაშენების განხორციელებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც მოსარჩელეთა მოთხოვნას სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა.

კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს განმარტებაზე, რომ მოპასუხემ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა - დაუსრულებელი მშენებლობა, კერძოდ, უარი ნებართვაზე უფრო მეტს ზიანს ხომ არ აყენებს კორპუსის მდგრადობას და საფრთხეს ხომ არ უქმნის იქ მაცხოვრებლებს.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მისი მოთხოვნისამებრ, კანონის შესაბამისად, რამდენჯერმე გაუგრძელდა ვადა და ვადის გაგრძელების უფლება მან მოქმედი კანონმდებლობით ამოწურა. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასრულა სამუშაოები, ვერ გახდება აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ითვალისწინებდა თუ არა ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა და ისარგებლა თუ არა აღნიშნული შესაძლებლობით მოსარგებლემ. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება წინააღმდეგობაში იქნებოდა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლთან, ისე სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან.

კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას. მერიის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული ვერც სასამართლოს მხრიდან იქნა მითითებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის #5971066 გადაწყვეტილებისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს #733 ბრძანების კანონიერება, ასევე, (3) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის #AR1896214 განცხადების დაკმაყოფილებისა და ..., ... და ... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებსა და მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, გარდა განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა და განსაკუთრებული რეგულირების ზონისა.

„ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება-მიშენების და მანსარდების მოწყობისთვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ, არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 18 თვის ვადით.

ამასთან, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ წესის ამოქმედებამდე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაწყებულ და დაუმთავრებელ დაშენებაზე, მიშენებაზე ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება ან განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვის ვადით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის #3001772 ბრძანებით შპს „ს...ს“ მიეცა თანხმობა და შეთანხმდა ქალაქ თბილისში (სექტორი ვაკე), ...ის ქუჩის #1-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის #3981937 ბრძანებით შპს „ს...ს“ მიეცა თანხმობა და შეთანხმდა ქალაქ თბილისში (სექტორი ვაკე), ...ის ქუჩის #1, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (დაშენების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 მაისიდან 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 ნოემბრის #4768472 ბრძანებით შპს „ს...ს“ და ვ. ც-ეს მიეცა თანხმობა და შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის #3981937 ბრძანებაში: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 27 მაისის ჩათლით“.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 მაისის #4953410 ბრძანებით შპს „ს...ს“ და ნ. ქ-ეს მიეცა თანხმობა და შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის #3981937 ბრძანებაში: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 25 მაისიდან 2020 წლის 5 ივლისის ჩათლით“.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2022 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს, რაზეც არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის ბრძანებით ეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ ამოწურული იყო როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტით, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ან ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს მშენებლობის ნებართვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა არა საცხოვრებელ სახლზე დაშენებისთვის მშენებლობის უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელება, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მხოლოდ უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბრძანება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას კორპუსის მდგრადობისა და იქ მაცხოვრებელთა ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კანონიერების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერების პრინციპის დარღვევის რისკი გამოირიცხება იმ გარემოებით, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურს წარდგენილი განცხადების ფარგლებში უწევს არა შეთანხმებული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა, არამედ კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობების შეფასება. ნებართვის მაძიებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის აკრძალვა კი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. თავის მხრივ, საკითხის ამ მიმართულებით განხილვა არ გამორიცხავს და უფრო მეტიც, ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო საკითხის სრულფასოვნად გამოკვლევისა და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის გადაწყვეტისას არსებობს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის (დაუსრულებელი მშენებლობა) გათვალისწინების საჭიროება, რის შედეგადაც, არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეაფასოს, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ხომ არ იწვევს კორპუსის მდგრადობისათვის მომეტებული ზიანის მიყენებას და იქ მაცხოვრებელთათვის საფრთხის წარმოშობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას. ამ მხრივ, პალატა არ ეთანხმება კასატორთა მითითებას და მის საწინააღმდეგოდ თვლის, რომ საკითხი საჭიროებს როგორც ფაქტობრივ გარემოებათა დამატებით გამოკვლევა-შესწავლას, ასევე, ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - მოცემულ შემთხვევაში კი, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ექსკლუზიურ კომპეტენციას. საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კი საჭიროებს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების გამართვას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებას. ამ პროცესში კი, სასამართლო, როგორც რევიზიის განმახორციელებელი ორგანო, ვერ ჩაანაცვლებს ადმინისტრაციულ ორგანოს და მის ნაცვლად თავად ვერ განახორციელებს მმართველობით საქმიანობას. ყოველივე აღნიშნული კი დაუსაბუთებლად აქცევს კასატორთა პოზიციას საკითხის დამატებითი კვლევის საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა