საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-498(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ღ-ა, მოპასუხე - ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 03 ივნისს ნ. ღ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს. დაზუსტებული სარჩელით მოპასუხე მხარეებად მიუთითა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია და სასარჩელო მოთხოვნები ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის მითითება დემონტაჟის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილება დაჯარიმების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 თებერვლის N04/39 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილება. 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნ. ღ-ა გათავისუფლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან). ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის მითითება დემონტაჟის თაობაზე და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 თებერვლის N04/39 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის მითითება დემონტაჟის თაობაზე, გასაჩივრებულია მხოლოდ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამდენად, მიუთითა, რომ პალატის მსჯელობის საგანია სწორედ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა, რაც მოიცავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 7 მაისის მითითების კანონიერების შესწავლას. ყურადღება გაამახვილა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14-ე, მე-15, მე-19, 25-ე მუხლებზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (რომელიც ძალადაკარგულია 02.03.2020 წლიდან) მე-4 მუხლზე და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობას, რომ ნ. ღ-ამ უძრავი ქონება შეიძინა მას შემდეგ, როდესაც სადავო ობიექტი უკვე აშენებული იყო. ასევე მცდარად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოპასუხეთა იმ პოზიციის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, რომ სადაო შენობა (რომელიც მდებარეობს N... საკადასტრო კოდზე) არ ფიქსირდება 2015 წლის 07 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერში, არც მასზე დართულ საკადასტრო გეგმაზე; რომ აღნიშნული შენობა - ნაგებობა ჩნდება მხოლოდ 2019 წლის 23 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერსა და მასზე დართულ საკადასტრო გეგმაში და, რომ ასეთი გარემოება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დადგენილა. მიუთითა, რომ ასეთი დასკვნები არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.
შეჯამების სახით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების გამოცემის მომენტისთვის მისი კანონიერებისა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება 29,13 კვ.მ შენობა - ნაგებობის (ს/კ ..., მისამართი: ქალაქი - ფოთი, ქუჩა - ...), მშენებლობის განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა/ შეტყობინება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზება ან/და სხვა), რაც იწვევს დამრღვევის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობას და მის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას (განსახილველ შემთხვევაში სარჩელით სადავო აქტით გამოყენებულ იქნა ჯარიმა), რამდენადაც 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილების (დამრღვევის 8000 ლარით დაჯარიმების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (დადგენილება) უკანონოდ არის აღიარებული, დამოუკიდებლად N02/1539 მითითების ძალაში დატოვება მისი გამომცემი ორგანოს სასარგებლო იურიდიული შედეგის არმქონეა. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით ვერ მოემსახურება იმ საჯარო მიზნის განხორციელებას, რაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია, შესაბამისად, არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების და მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორის მსჯელობით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ იყო სასარგებლო იურიდიული შედეგის მომტანი, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების 2.1 პუნქტით ნ. ღ-ა განთავისუფლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისაგან) ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის (18.09.2019 წელი) საფუძველზე. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ - ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი და გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ღ-ა სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა ზემოაღნიშნული კანონის სუბიექტად, აღნიშნულით გათავისუფლდა დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან (შესაბამისი საურავისგან). წარმომადგენელი გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონი "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" სამართალდამრღვევს ათავისუფლებდა მხოლოდ ჯარიმისგან.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2019 წლის 07 მაისს გამოცემული N02/1539 მითითება იყო კანონიერი და რომ სახეზე იყო ნ. ღ-ას მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობა. კასატორი მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ას სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი და 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების ძალაში დატოვება ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასარგებლო იურიდიული შედეგის მქონეა და ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს საშუალებას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი - დადგენილება, რაც გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. წარმომადგენლის განმარტებით, უდაოდ სახეზე იყო ნ. ღ-ას მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელიც "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ამდენად, საჩივრის ავტორი ითხოვს დასაშვებად იქნეს ცნობილი საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და უარი ეთქვას მოსარჩელეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 7 მაისის N02/1539 მითითების ბათილად ცნობის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითებით, ნ. ღ-ას ეცნობა, რომ ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...) უნებართვოდ აშენებულია კაპიტალური ობიექტი.
ნ. ღ-ას მიეცა მითითება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უნებართვოდ აშენებული ობიექტის დაშლა - დემონტაჟისთვის. ამავე მითითებით ნ. ღ-ას ეცნობა, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრებოდა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. ასევე ეცნობა, რომ ჯარიმის გადახდა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებდა დარღვევის გამოსწორების პასუხისმგებლობისაგან.
ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილებით, ნ. ღ-ა დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) უნებართვოდ აშენებული კაპიტალური ობიექტის დაშლა - დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის. ამავე დადგენილებით დაევალა ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
დადგენილია, რომ 2020 წლის 30 იანვარს ნ. ღ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 თებერვლის N04/349 ბრძანებით ნ. ღ-ას უარი ეთქვა 2020 წლის 30 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. განიმარტა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები (კაპიტალური შენობა) რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ნ. ღ-ას არ გააჩნდა. ბრძანების თანახმად, სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში და გამოვლენიდან კანონით განსაზღვრულ დროში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ვინაიდან, ნ. ღ-ას მიერ არ იქნა აღმოფხვილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილების გამოტანის პროცესში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ზემოაღნიშნული აქტების - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის მითითების (დემონტაჟის თაობაზე), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილების (დაჯარიმების შესახებ) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 თებერვლის N04/39 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯელობის საგანს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილება და 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნ. ღ-ა გათავისუფლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან), ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის მითითება (დემონტაჟის თაობაზე) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 თებერვლის N04/39 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივდა მხოლოდ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების (დემონტაჟის თაობაზე) ნაწილში. საკასაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ასევე წარმოდგენილია მხოლოდ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების (დემონტაჟის თაობაზე) ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (რომელიც ძალადაკარგულია 02.03.2020 წლიდან) მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი - შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა - ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. შენობა - ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა - ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. საქმის მასალებით, კერძოდ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ნ. ღ-ამ არ შეასრულა 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების პირობები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "მითითება“ თავისი შინაარსით იმგვარი სახის დოკუმენტია, რომელიც პირს აძლევს უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის კანონიერ ჩარჩოში მოყვანის ან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას. ,,მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება“ (სუსგ Nბს-746-730(კ-12), 14.11.2013წ.).
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოაბას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნ. ღ-ა არა მხოლოდ გათავისუფლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან), არამედ არსებითადაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 23 იანვრის N02/263 დადგენილება, რაც თავისი არსით წინააღმდეგბრივია, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაასაჩივრა და შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.
იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო დადგენილება უკანონოდ არის მიჩნეული, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 07 მაისის N02/1539 მითითების ძალაში დატოვება ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს საშუალებას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი - დადგენილება, რაც გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაატაროს ახალი ადმინისტრაციული წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი