Facebook Twitter

განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

№ბ-1848-7(ბ-24) 30 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ი. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

განმცხადებლის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. შ-ემ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიას დაეკისროს მოსარჩელე ი. შ-ეის სასარგებლოდ 2003 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის - 34.32 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება; ბ) მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიას მოსარჩელე ი. შ-ეის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის - 70 000 ლარის ანაზღაურება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი. შ-ეის სარჩელი ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხეებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიას ი. შ-ეის სასარგებლოდ - 2016 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის (34,32 ლარის), 0,07%-ის ანაზღაურება. არ დაკმაყოფილდა ი. შ-ეის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. შ-ეის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და №... აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. ი. შ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. შ-ეის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

2024 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი. შ-ემ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი. შ-ეის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 424.1 მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ეის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რადგან ი. შ-ეის სასარჩელო მოთხოვნებზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მას არ შეუცვლია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ეს განცხადებით უნდა მიემართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ი. შ-ეის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი განცხადებით, მართალია, მოთხოვნილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა, თუმცა განჩინების ბათილად ცნობის რომელიმე ნორმატიულ საფუძველზე მითითება არ ხდება, ი. შ-ე ყურადღებას ამახვილებს დავის განხილვის შედეგის უსწორობაზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს, არ ადასტურებს საკასაციო პალატის 23.10.2024წ. განჩინების მიმართ სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძვლის არსებობას. ამდენად, არ დგინდება ი. შ-ეის მიერ წარმოდგენილი განცხადების განსჯადობით საკასაციო პალატისათვის დაქვედებარების წინაპირობების არსებობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ-ეის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე