Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1201(2კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე...“

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 18 დეკემბერს შპს „ე...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების და „შპს „ე...-ის“ დირექტორის ე. თ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 სექტემბრის №1278 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ე...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე... -მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ე...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ე...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 სექტემბრის №1278 ბრძანება (შპს „ე...-ის“ დირექტორის ე. თ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილებით შეჩერებულ იქნა შპს „ე...-ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ:...) უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (გაბიონის დეკორატიული კედლების მოწყობა). ამავე დადგენილებით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ხსენებულ მისამართზე, შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილება, 2020 წლის 5 მარტსვე განთავსდა ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 15 ივნისს შედგენილი იქნა №000212 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შპს „ე...-ის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, ვინაიდან გაგრძელებულ იქნა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, გაბიონზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის მოაჯირები, დამატებით მოეწყო კიბეები, განათების ბოძები (ლამპიონები) და ბეტონის დეკორატიული კომპოზიცია (ჩანჩქერი), ასევე განხორციელებულია ტერიტორიის მოპირკეთება, რაც გამოიხატა ბილიკებისა და ფილების მოწყობაში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 02 ივლისს მიღებულ იქნა №000212 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, შპს „ე...“ დაჯარიმებულ იქნა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით ამავე სამსახურის 2020 წლის 05 მარტს მიღებული №შ-66/20 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.

2020 წლის 17 ივლისს შპს „ე...-ის“ დირექტორმა ე. თ-ეემ №20/01201992623-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 სექტემბრის №1278 ბრძანებით შპს „ე...-ის“ დირექტორის - ე. თ-ეის 2020 წლის 17 ივლისის №20/01201992623-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებაზე, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, შპს ,,ე...“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობისა და დეკორატიული ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მიუხედავად აღნიშნულისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 02 ივლისს გამოსცა №000212 დადგენილება, რომლითაც შპს „ე...“ დააჯარიმა 50 000 ლარით.

სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებით მოსარჩელის მიერ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებზე გაიცა ნებართვა. შესაბამისად, უდავო იყო, რომ დარღვევა აღმოიფხვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების მიღებამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზე აღარ იყო უნებართვო, უკანონო მშენებლობა, რაც შესაძლოა გამხდარიყო მოსარჩელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, თუმცა აღნიშნული გარემოებები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა სათანადოდ შეფასებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაგრძელდა შეჩერებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდგომ, თუმცა სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასებაა არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984778 ბრძანების გამოცემის გზით სამართალდარღვევის აღმოფხვრილად მიჩნევა. არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984778 ბრძანებით კანონიერი სახე მიეცა, ანუ აღმოიფხვრა არა მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №000212 შემოწმების აქტით გამოვლენილი სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლით, არამედ მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №000296 მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტია, რომ არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის 15 ივნისის №4984778 ბრძანების გაცემით დაადასტურა 2020 წლის 15 ივნისამდე ნაწარმოები უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, რომლისთვისაც შპს „ე...'' ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 ივნისის №000296 დადგენილებით დაჯარიმდა 8000 ლარით და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა იყო 2020 წლის 15 ივნისის №4984778 ბრძანების გაცემის წინაპირობა (ამ მხრივ საყურადღებოა არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4981709 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, სადაც 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით აღნიშნულია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების არსებობის ფაქტზე).

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, სახეზეა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ე...-ის“ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

საქმის მასალებში არსებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ხსენებულ მისამართზე და შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილება, 2020 წლის 5 მარტს განთავსდა ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მხარისათვის დადგენილების გაცნობად ითვლება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს სადავო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებაში განვითარებულ მსჯელობას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არ შეისწავლა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაგრძელდა შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, გაბიონებზე დამატებით მოწყობილია ლითონის მოაჯირები, დამატებით მოწყობილია კიბეები, განათების ბოძები (ლამპიონები) და ბეტონის დეკორატიული კომპოზიცია (ჩანჩქერი), ასევე განხორციელებულია ტერიტორიის მოპირკეთება, რაც გამოიხატა ბილიკებისა და ფილაქნების მოწყობაში. რაც შეეხება, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984778 ბრძანებას, იგი არ შეეხება იმ სამუშაოებზე თანხმობას (ნებართვას), რომელიც შპს „ე...-ის“ მიერ იქნა გაგრძელებული. აღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ უნებართვო მშენებლობა კვლავ გრძელდებოდა 15 ივნისის შემდგომ. შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ სწორად გამოავლინა სამართალდარღვევა და საქართველოს კანონის საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეეძლო შპს „ე...“ დაეჯარიმებინა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არ გააჩნდა არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ე...-ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის აღმოფხვრას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის შპს „ე...-ის“ სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევისა და სახდელის სახით 50 000 ლარის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1). მოცემული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე, უძრავ ქონებაზე, ს/კ: №..., 2019 წლის 18 ნოემბრიდან რეგისტრირებული იყო შპს „ე...-ის“ საკუთრების უფლება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილებით შეჩერებულ იქნა შპს „ე...-ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ:...) უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (გაბიონის დეკორატიული კედლების მოწყობა). ამავე დადგენილებით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ხსენებულ მისამართზე და შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილება, 2020 წლის 5 მარტსვე განთავსდა ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 15 ივნისს შედგენილ იქნა №000212 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შპს „ე...-ის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 მარტის №შ-66/20 დადგენილებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, ვინაიდან გაგრძელებულ იქნა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, გაბიონზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის მოაჯირები, დამატებით მოეწყო კიბეები, განათების ბოძები (ლამპიონები) და ბეტონის დეკორატიული კომპოზიცია (ჩანჩქერი), ასევე განხორციელებულია ტერიტორიის მოპირკეთება, რაც გამოიხატა ბილიკებისა და ფილების მოწყობაში.

2020 წლის 23 ივნისის №4-2/უ496-20 უწყებით, შპს „ე...“ 2020 წლის 29 ივნისს დაბარებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში 2020 წლის 15 ივნისის №000212 შემოწმების აქტში დაფიქსირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული უწყება 2020 წლის 25 ივნისს განთავსდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას.

2020 წლის 29 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა შპს „ე...-ის“ დირექტორი ე. თ-ეე, რომელმაც დაადასტურა შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამსახურის მიერ მიღებული დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული იმ სანქციის შესახებ, რომელიც მოჰყვებოდა მშენებლობის გაგრძელებას. ამიტომ, გააგრძელა სამუშაოები, რაც გამოიხატა ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გალამაზებაში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 02 ივლისს მიღებული იქნა №000212 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, შპს „ე...“ დაჯარიმებულ იქნა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, ამავე სამსახურის 2020 წლის 05 მარტს მიღებული №შ-66/20 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.

2020 წლის 17 ივლისს შპს „ე...-ის“ დირექტორმა ე. თ-ეემ №20/01201992623-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 სექტემბრის №1278 ბრძანებით შპს „ე...-ის“ დირექტორის - ე. თ-ეის 2020 წლის 17 ივლისის №20/01201992623-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, შპს ,,ე...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობისა და დეკორატიული ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მიუხედავად ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 02 ივლისს, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანების მიღების შემდგომ, გამოსცა №000212 დადგენილება, რომლითაც შპს „ე...“ დააჯარიმა 50 000 ლარით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ დადგენილების მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის (სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის).

საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 05 მარტის №შ-66/20 დადგენილების მიღების შემდეგ, შპს ,,ე...-ის“ მიერ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა. ამასთანავე, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებით მოსარჩელის მიერ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებზე გაცემული იქნა ნებართვა. შესაბამისად, მართალია, დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა გამოცემული სამშენებლო ნებართვის შედეგად შეიცვალა ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა და წარმოებული სამუშაოები მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორთა პოზიცია, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანების გამოცემის შედეგად მოსარჩელის მხრიდან არ აღმოიფხვრა ჩადენილი სამართალდარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლი (დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. ამდენად, მშენებლობის შეჩერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა უკანონო სამშენებლო საქმიანობა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაა დასაშვები. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული უკანონო, უნებართვო, სამშენებლო სამუშაოები მოაქციოს კანონიერ ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებართვის გაცემის შემთხვევაში, უკვე წარმოებული სამუშაოები ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში, მიიჩნევა კანონიერ მშენებლობად და ნებართვის მფლობელი იძენს დაწყებული სამუშაოების გაგრძელების უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, მანამდე მიღებული იყო თუ არა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა აღმოიფხვრა სადავო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების მიღებამდე - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებით, რამეთუ სხენებულმა ინდ.აქტმა სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების აკრძალვას, რომლის უგულვებელყოფისათვის პასუხიმგებლობა დაეკისრა შპს ,,ე...''-ს და დაჯარიმებული იქნა 50 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების სამართლებრივი ბუნების თაობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზე იყო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან 2019 წლის 20 მაისის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ჯარიმის შესახებ წარდგენილი საჩივრის განხილვის დროისათვის მშენებლობა იყო ლეგალიზებული (30.03.2018წ). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები" (სუსგ ბს-785-771(კ-14), 05.05.2016წ.; №ბს-1109 (2კ-21) 17.02.23 წ.)).

,,საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების ყველა სახის სამართალდარღვევაზე გავრცელების შესახებ (თუ სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული), და დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით.“ ... ,,ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ №ბს-468-465 (კ-17), 21.01.2020წ.), მათ შორის საჯარო ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. ამასთან სამართალდარღვევისათვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს და პროპორციული უნდა იყოს ამ სამართალდარღვევის შედეგად საჯარო წესრიგის დარღვევის ხარისხთან. ამდენად ცალსახაა, რომ მარტოოდენ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი“ (სუსგ №ბს-1043(2კ-20)15.11.2022 წ.).

საკასაციო პალატის ერთ-ერთ განჩინებაში გაკეთებული განმარტების თანახმად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აკრძალული ქმედება სახეზე იყო, თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალისწინებული დარღვევა აღმოფხვრილი იქნა... შესაბამისად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულიყო მცირემნიშვნელოვან დარღვევად და გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ,,სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს... ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (სუსგ 19.10.2017წ. №ბს-360-357(2კ- 17); სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)).

მითითებული საკანონმდებლო რეგულაციების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა აღმოიფხვრა სადავო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 02 ივლისის №000212 დადგენილების მიღებამდე - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4984788 ბრძანებით, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, შპს „ე...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობისა და დეკორატიული ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. რაც გამორიცხავდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე