საქმე Nბს-737(გ-24) 12 დეკემბერი 2024 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "კ...-მა" 17.06.2024წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსა და ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის 29.05.2024წ. საჩივრის დაკმაყოფილებისა და შპს "ვ...სათვის" დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება, ასევე ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. სხდომის N4 ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. N4 სხდომის ოქმით ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების ფილიალებისათვის საჭირო საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "ვ...". მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასების ცხრილის 33-ე პოზიციაში - ...ის 90*120 - მწარმოებელ კომპანიად მითითებული იყო H.... მოსარჩელის მითითებით H... საქართველოს ბაზარზე თანამშრომლობს მხოლოდ შპს "კ...-თან" და შპს "კ...-თან" შეთანხმების საფუძველზე ადგილობრივ ჩინურ კომპანიებსაც არ აწვდის ამ პრუდუქტს საქართველოში ექსპორტისათვის, რათა არ დაზიანდეს შპს "კ...-ის" ექსკლუზიური წარმომადგენლის სადილერო უფლებები. ამდენად, საქართველოს ბაზარზე არსებული H...-ის წარმოების პროდუქტი, მათ შორის დაფები, უკვე წლებია იმპორტირებულია მხოლოდ შპს "კ...-ის" მიერ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია შპს "ვ...ს" მიერ ნიმუშად წარდგენილი დაფის მწარმოებელი იყოს H..., ვინაიდან აღნიშნული კომპანიისგან დაფების შეძენის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს და შპს "ვ...ს" მაგნიტური დაფები მოსარჩელისგან არ შეუძენია. მოსარჩელის მოსაზრებით შპს "ვ...ს" ქმედება იყო არაკეთილსინდისიერი, რაც უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2024წ. განჩინებით შპს "კ...-ის" სარჩელი განსჯადობით განსახილვეად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეცაა აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მოპასუხეებად განსაზღვრულნი არიან როგორც ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების სატენდერო კომისია (მდებარე - ქ. რუსთავი), ისე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (მდებარე - თბილისი). თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის საგულისხმოა სასარჩელო მოთხოვნების შინაარსი და ის გარემოება, რომ დავის გადაწყვეტა არსებითად დამოკიდებული იქნება ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმება/დადგენაზე. ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისთვის - მისი უფლების და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემისა თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის/ქმედების კანონიერებას და მიზანშეწონილობას. სასამართლოს მოსაზრებით საკითხის განხილვა-გადაწყვეტა უნდა მოხდეს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დადგენით, ხოლო აღნიშნულის შეფასებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2024წ. გადაწყვეტილების კანონიერება. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისია. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსჯად სასამართლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლო მიიჩნია.
შპს "კ...-ის" სარჩელის რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნის შემდეგ, შპს "კ...-მა" 27.06.2024წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსა და ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის, ასევე შპს "ვ...ს" მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის 29.05.2024წ. საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება, ასევე ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. N4 ოქმის ბათილად ცნობა და შპს "ვ...სათვის" დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის სატენდერო კომისიისათვის გამოცემის დავალდებულება. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და შპს "ვ...ს" შორის 17.06.2024წ. გაფორმებული N66 ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, ასევე ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და შპს "ვ...სთვის" ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი მოქმედების განხორციელების აკრძალვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.06.2024წ. განჩინებით შპს "კ...-ის" სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,კ...-ის" სარჩელი მიმართულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, №154) და ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის მიმართ (მის: ქ. რუსთავი, ბათუმის ქ. №17). ამასთან, ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების წესი, (თუმცა მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში), ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2023წ. გადაწყვეტილებით განმარტებულია გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას რამდენიმე სასამართლოში, მაშინ მოსარჩელეს შეუძლია თვითონ აირჩიოს ასეთი სასამართლო. მოსარჩელემ ამ შემთხვევაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსჯად სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმის მიხედვით დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის თაობაზე და აღნიშნა, რომ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ თავდაპირველი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული თბილისის ტერიტორიაზე (იხ. სუსგ 25.10.2023წ. Nბს-1069(გ-23)). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და აღნიშნა, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსთვის სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ადგილმდებარეობის (ქ. თბილისი) მიხედვით. სასამართლოს მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ ძირითად აქტს წარმოადგენს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. ტერიტორიული განსჯადობა არის ტერიტორიის მიხედვით საქმის სასამართლოსადმი განსჯადობა, რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 მაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით (სსკ-ის 24-ე მუხ.), დავის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოებს შორის დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ინსტანციურ და ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა. სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება მხოლოდ ადმინისტრაციული ან მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა შეუძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე. მოცემულ შემთხვევაში საგნობრივ განსჯადობაზე დავას ადგილი არ აქვს, დავა წარმოიქმნება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე (იხ. სუსგ 30.05.24წ. Nბს-1164(გ-23)).
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (order publie) შემადგენელ ნაწილად. კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს სასამართლოს განჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით, საპროცესო კოდექსებით. სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საქმის განსჯადობა სარჩელის დასაშვებობის სტადიაზე. სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით დავის განსჯადობით გადაცემა სხვა სასამართლოსათვის, რაც მხარეს იცავს მისი საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვისაგან იმ შემთხვევაში როცა მისთვის ცნობილი არ არის არაგანსჯადობის შესახებ, კანონიერ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და უნდა იყოს დასაბუთებული. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არცერთი მხარე არ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. განსჯადობის წესების დაცვით სასამართლო განხილვა არის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.14წ. N1/4/557,576 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", პ.106).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმისა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის 29.05.2024წ. საჩივარი და დისკვალიფიკაცია მიენიჭება შპს „ვ...ს". მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოპასუხეებად დასახელებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N154) და ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისია (მის: ქ. რუსთავის, ბათუმის ქ. N17).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება მოსარჩელეს ეკუთვნის. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თანამოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა რგოლის სტრუქტურები. სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, თუ საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის ვარიანტებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში განაპირობებს სარჩელის წარდგენა რამდენიმე მოპასუხისათვის, რომლებსაც ადგილმდებარეობა სხვადასხვა ტერიტორიაზე აქვთ ან რამდენიმე სასარჩელო განცხადების გაერთიანება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და ა(ა)იპ ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომისია. შესაბამისად, ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ხოლო მეორესი ქ. რუსთავი. საკასაციო პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გამოიყენა სასამართლოს არჩევის უფლება და მიმართა სასამართლოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ადგილმდებარეობის (ქ. თბილისი) მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება (ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 27.05.2024წ. №4 სხდომის ოქმის მიხედვით დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის თაობაზე მოკლებულია პროცესუალურ საფუძველს, სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობის (სსკ-ის მე-16 მუხ.) შემთხვევა და საერთო განსჯადობის წესის გამოყენება საფუძველს მოკლებულია. განსჯადობის სპეციალური წესები საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. განსჯადობა დოგმატურ საკითხთა რიცხვს განეკუთვნება, განსჯადობის გადაწყვეტისთვის არსებითია განსჯადობის საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია და არა განსჯადობის გადაწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მოსამართლის მიხედულება, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა კანონით განისაზღვრება. ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში დაუშვებელია რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია), არ დაიშვება სასამართლოს ინიციატივით ან მოპასუხის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2023წ. გადაწყვეტილებით შპს "კ...-ის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო ამავე გადაწყვეტილებაში უთითებდა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის დარღვევაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მან არსებითად განიხილა საჩივარი და აღნიშნა, რომ სზაკ-ის თანახმად თავადაც იყო უფლებამოსილი ემსჯელა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობაზე. აღსანიშნავია, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო სასამართლოს არ უცნია არასათანადო მოპასუხედ, საბჭოს არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე არც მოსარჩელის თანხმობაა სახეზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასამართლოს მცდელობა შემოიღოს კანონით დადგენილი იმპერატიული დანაწესიდან განსხვავებული, კანონით გაუთვალისწინებელი ტერიტორიული განსჯადობის ახალი კრიტერიუმი. ის გარემოება, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დატოვა ქვემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება, არ გამორიცხავს პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილ ალტერნატიულ განსჯადობას, მოსარჩელის უფლებას აირჩიოს დავის განმხილველი სასამართლო. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შედის იმ სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელს. ტერიტორიულ განსჯადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შესრულების, (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მოქმედების განხორციელების) შესახებ სარჩელთან დაკავშირებით (მავალებელი სარჩელი), ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეზე ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანოს კომპეტენციის ფარგლებზე და ორგანოს მდებარეობაზე. მავალებელი სარჩელისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განსჯადობის წესების დაცვას, რადგანაც დაუშვებელია სასამართლოს მიერ აქტის გამოცემის დავალება არაუფლებამოსილი ორგანოსათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის 237 მუხლით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში და იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის სრულად დაკმაყოფილების, ნაწილობრივ ან არ დაკმაყოფილების თაობაზე (2310 მუხ.). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილება, რაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას შეადგენს, აღნიშნული დამატებით ადასტურებს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ადგილმდებარეობის მიხედვით (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N154) გადაწყვეტის მართებულობას.
"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.20წ. N3 დადგენილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა, რომელიც მოიცავს საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს "კ...-ის" ადმინისტრაციული სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "კ...-ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე