Facebook Twitter

ბს-307 (კ-24) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჩ-იმა 30.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.09.2020წ. N04/20542 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თ. ჩ-ისათვის 2020 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო პენსიის (ასაკის გამო) აღდგენის (დანიშვნის) თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, ასევე თ. ჩ-ისათვის 2018 წლის 1-ელი ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალდებულება (საპენსიო გასაცემლის ზრდის გათვალისწინებით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2022წ. გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.09.2020წ. N04/20542 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ჩ-ისათვის 2020 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო პენსიის (ასაკის გამო) დანიშვნის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2020 წლის 1-ელი მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) თ. ჩ-ისათვის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, დანარჩენ ნაწილში თ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონისგან განსხვავებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი საჯარო სამსახურის ცნებაში არ გულისხმობს კულტურული საქმიანობის განხორციელებას და მას გამონაკლისის სახით განსაზღვრავს. საქმის მასალების მიხედვით თ. ჩ-ი მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „...ში“, ხელოვნების აკადემია ...ს ...ად. სააპელაციო პალატამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 07.03.2019წ. №47/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „...ის“ დებულებაზე" მითითებით აღნიშნა, რომ თ. ჩ-ის სამუშაო ადგილი და მისი სპეციფიკა სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა.

რაც შეეხება თ. ჩ-ის არგუმენტაციას მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) (2018 წლის პირველი ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საპენსიო გასაცემლის ზრდის გათვალისწინებით)) ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 02.07.2018წ. №29011/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს 2018 წლის ივლისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა, ძალაშია (ბათილად არ არის ცნობილი), ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია 2020 წლამდე არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ჩ-ის მიერ არ მომხდარა მისი უფლების რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამდენად, არ არსებობდა 2018 წლის 1-ელი ივლისიდან 2020 წლის 1-ელ მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის 17.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კასატორის მითითებით თ. ჩ-ის სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული ჰქონდა 2014 წლის 1-ელი მაისიდან. შემოსავლების სამსახურიდან 2018 წლის ივნისში მოწოდებული სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად თ. ჩ-ი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „...ში". აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2018 წლის ივლისიდან მას შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა, ხოლო 2018 წლის ივნისის თვის ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსია თ. ჩ-ის მიერ აღდგენილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. თ. ჩ-იმა 19.02.2020წ. მიმართა განცხადებით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სახელმწიფო პენსიის აღდგენა მოითხოვა. განმცხადებელს განემარტა, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში იგი ვერ მოიპოვებდა პენსიის დანიშვნის უფლებას.

კასატორი არ დაეთანხმა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრებას და აღნიშნა, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯს. ამასთან, "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონის მე-5 მუხლის თანახმად იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთვევებში, კერძოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელე არ წარმოადგენს გადახდისუუნარო და სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრს, ამასთან, არც განსახილველი საქმე წარმოადგენს განსაკუთრებით რთულ დავას, შესაბამისად, არ არსებობდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 02.07.2018წ. N29011/2018 გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2018 წლის ივლისიდან. პენსიის შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ თ. ჩ-ი მუშაობდა სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,...ში’’, ხელოვნების აკადემია ...ს ...ად. 19.02.2020წ. თ. ჩ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიულ ერთეულს და შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2020წ. და 21.09.2020წ. წერილებით თ. ჩ-ის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,...ში’’ მუშაობა წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას და იგი ვერ მოიპოვებდა საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი, რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმისა და სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,...ში’ დასაქმებული პირის საქმიანობის საჯარო საქმიანობად მიჩნევის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 07.03.2019წ. №47/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „...ის“ დებულებაზე", რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ანსამბლის საქმიანობის საგანია: ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის/ფოლკლორის შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება; ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „...ი" მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამდენად, არ არსებობდა თ. ჩ-ისათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „...ში" მუშაობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სააგენტოსათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების უსაფძვლობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით განსაზღვრულია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში დაცულია თ. ჩ-ის წარმომადგენლის კ. ჩ-ის სახელზე გაცემული, სანოტარო ფორმით დამოწმებული მინდობილობა, ასევე იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 30.11.2020წ. ხელშეკრულება, ხოლო თ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხისათვის დაეკისრებინა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი