Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1256(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჭ-ეის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 10 ნოემბერს დ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დ. ჭ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nბ20.202229116 ბრძანების ბათილად ცნობა; გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დ. ჭ-ეის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს - დარიცხული 1 210 ლარის, საკლასო დანამატის - დარიცხული 12.10 ლარის, ჯამში - 1 222.10 (ათას ორას ოცდაორი ლარი და ათი თეთრი) ლარის ანაზღაურება, 2022 წლის 18 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nბ20.202229116 ბრძანება, დ. ჭ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა გორის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს მოსარჩელე დ. ჭ-ეის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის კანონიერებაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას დ. ჭ-ეის სამსახურში აღდგენა იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე - ამ ეტაპზე, არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა - იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს, დარიცხული - 1 210 ლარის, საკლასო დანამატის, დარიცხული - 12.10 ლარის, ჯამში დარიცხული - 1 222.10 ლარის ანაზღაურების შესახებ, 2022 წლის 18 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ამ ეტაპზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით, დ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 108-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (30.11.2022წ. №2204-IXმს-Xმპ ცვლილების შემდეგ სათაური ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. ჭ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა სწორედ მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. ამასთანავე, საქმის მასალებით, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ დ. ჭ-ეის გათავისუფლებისას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, დაინტერესებულ პირს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებებისა თუ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, არ დგინდება აგრეთვე სადავო აქტის გამოცემამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგადასახადო ორგანოდან მტკიცებულებების გამოთხოვა ან რაიმე მოქმედებების განხორციელება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამორკვევის მიზნით.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხელის გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში დ. ჭ-ეის ინდივიდუალურ მეწარმედ აღრიცხვის ფაქტი, თუმცა მართებულია აპელანტის მოსაზრება, რომ რეგისტრაცია იმთავითვე არ გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. სააპელაციო პალატის განმარტებით, მეწარმის სამართლებრივი ფორმით რეგისტრაცია ადასტურებს სამეწარმეო საქმიანობის განზრახვას და მიზანს (მით უფრო იმ პირობებში, რომ პირმა მოითხოვა არა უბრალოდ მეწარმე სუბიექტად, არამედ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაც), თუმცა კანონმდებლობა კრძალავს არა ასეთი განზრახვის არსებობას, არამედ მოხელის მიერ უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დ. ჭ-ეის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების დადასტურების მიზნით მტკიცებულებათა მოძიება თუ გამოკვლევა არ დგინდება. ამასთან, საქმეში დაცულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის ცნობა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ დ. ჭ-ეის მიერ წარდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესაბამისად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო ვინაიდან 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ჯერ არ ამოწურულა, არ წარდგენილა 2022 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების შესაბამისად, სრულყოფილად გამოეკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ემსჯელა დ. ჭ-ეის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საკითხზე და ამის შემდგომ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო მოკლებულია აქტით დამდგარი შედეგის კანონშესაბამისობის გამორკვევის, გამოყენებულ ნორმათა განმარტების სისწორეზე მსჯელობის შესაძლებლობას, რადგან სუბსუმციის განხორციელების უპირველესი პირობა სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენაა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების და ამდენად, დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოება არა თუ ხარვეზებით ჩატარდა, არამედ საერთოდ არ ჩატარებულა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არცერთი გარემოება სათანადოდ დადგენილი არ არის, მტკიცებულებები მოუძიებელი და გამოუკვლეველია და ამასთანავე, არც მხარის პოზიციაა მოსმენილი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს ერთმევა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა, რადგან მას ფაქტობრივად მოუწევს ადმინისტრაციული ორგანოს ჩანაცვლება, ადმინისტრაციული წარმოების სრული მოცულობით ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ჩატარება, რაც კანონშეუსაბამოა. სასამართლო აფასებს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების, მმართველობითი ღონისძიებების კანონიერებას, თუმცა თავად არ ახორციელებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შექმნოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა დავის არსებითად გადაწყვეტის და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის ცნობა, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობის დამადასტურებელ ერთ-ერთ, თუმცა არა ერთადერთ და თვითკმარ მტკიცებულებად, რადგან ერთი მხრივ ცნობა არ ასახავს გათავისუფლების მომენტისათვის არსებულ ვითარებას, 2022 წლის 10 თვის მონაცემებს, ხოლო მეორე მხრივ ცნობა გაცემულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. შესაბამისად, ცნობა უნდა შეჯერდეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მხარის ახსნა-განმარტებების მხედველობაში მიღებით.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია დავის შრომით-სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილება სასამართლოს მინიჭებული აქვს შეცილებითი სარჩელის საფუძველზე მიმდინარე ყველა საქმესთან მიმართებით. რომელიმე დავის ხასიათი, მათ შორის შრომით-სამართლებრივი ბუნება, იმთავითვე არ გამორიცხავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. ნორმა არ შეიცავს მითითებას რაიმე კატეგორიის დავებთან მიმართებით მისი გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სასამართლოს მიხედულების აბსოლუტურ თავისუფლებას. სასკ-ის 32.4 მუხლი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შეცილებითი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიულად არ კონკრეტდება აქტის შინაარსი. თუ სარჩელით მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის შინაარსის მიუხედავად, ფუძნდება სასამართლოს ზოგადი უფლებამოსილება გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ. სწორედ ეს უფლებამოსილება ქმნის შემდგომში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კონკრეტული წინაპირობების (მაგ.: როგორებიცაა - ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა, სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა და ა.შ.) არსებობაზე მსჯელობის შესაძლებლობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამ ეტაპზე დადასტურებულია მხოლოდ გასაჩივრებული აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემა და არა მისი უკანონობა, რის გამოც დ. ჭ-ეის მიერ მითითებული სამართლებრივი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგება. სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა სასამართლოს მიეცემოდა სადავო აქტის სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და ამდენად, მისი არამართლზომიერების ერთმნიშვნელოვნად დადასტურების შემთხვევაში, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოხელის სამსახურში აღდგენის წინაპირობად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ასახელებს, რომლის ფარგლებშიც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის მოაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან ასეთ დროს სასამართლო არ ადასტურებს გათავისუფლების უკანონობას. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალებს კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცხადდება დავის გადაუწყვეტლად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგებზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის გათავისუფლების არამართლზომიერება, ვერ წარმოიშობა მოხელის სამსახურში აღდგენის წინაპირობები. სამსახურში აღდგენა სწორედ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების უკანონობის დადასტურების თანამდევი შედეგია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ჭ-ეის მიერ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება თავად გადაეწყვიტა დავა, ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. ამასთან, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა და ამ ტიპის დავებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება დაუშვებელია. კასატორი ასევე მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების მიერ მოხელის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის ვალდებულებას. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტი და დაადგინა, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტი ვერ ჩაითვლებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებად, არსებობდა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჭ-ე დასაქმებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე.

ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს დ. ჭ-ე დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად - ინდივიდუალურ მეწარმედ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 ოქტომბრის №ბ20.202229116 ბრძანებით, დ. ჭ-ე გათავისუფლდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ იგი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და მის მიერ ირღვეოდა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის ცნობა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ დ. ჭ-ეის მიერ წარდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესაბამისად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო ვინაიდან 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ჯერ არ ამოწურულა, 2022 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 ოქტომბრის №ბ20.202229116 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნებს წარმოადგენს მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დ. ჭ-ეის თანამდებობაზე აღდგენისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, დ. ჭ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იგი რეგისტრირებული იყო მეწარმე სუბიექტად - ინდივიდუალურ მეწარმედ.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის ,,ე“ პუნქტზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ამჟამად, სათაური შეცვლილია - ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მისი განხორციელების შემთხვევაში კი მოხელე შესაძლებელია გათავისუფლდეს თანამდებობიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დ. ჭ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა მხოლოდ მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციის ფაქტის გამო და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია იგი ახორციელებდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას. ამასთან, მართალია საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის ცნობა, თუმცა აღნიშნული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე არ დგინდება დ. ჭ-ეის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან განუხორციელებლობის ფაქტი. გასათვალისწინებელია სააპელაციო სასამართლოს მითითებაც იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტების თანახმად, დ. ჭ-ეის გათავისუფლებისას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, დაინტერესებულ პირს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებებისა თუ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ასევე, საქმის მასალებით არ დგინდება სადავო ბრძანების გამოცემამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამორკვევის მიზნით, საგადასახადო ორგანოდან მტკიცებულებების გამოთხოვის ან რაიმე მოქმედებების განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნიდა გასაჩივრებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტა დავა და თუ დავის გადაწყვეტისას საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (სუსგ №ბს-968(2კ-19), 10.02.2022 წელი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ. №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018 წელი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია დავის შრომით-სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილება სასამართლოს მინიჭებული აქვს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეცილებითი სარჩელის საფუძველზე მიმდინარე ყველა საქმესთან მიმართებით, მიუხედავად დავის ბუნებისა. ამასთან, რაც შეეხება კასატორის არგუმენტაციას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, დ. ჭ-ეის მე-2 და მე-3 სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია და კანონმდებელი მოხელის თანამდებობაზე აღდგენასა და მის სასარგებლოდ განაცდურის დაკისრებას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, ანუ მისი უკანონობის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, დ. ჭ-ეის მე-2 და მე-3 სასარჩელო მოთხოვნები წარმოადგენენ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის თანმდევ სასარჩელო მოთხოვნებს და მათი საფუძვლიანობა დამოკიდებულია სწორედ პირველი სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტაზე.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის ფაქტი, რის გამოც სასამართლომ არსებითად მისი კანონიერება ვერ შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა დ. ჭ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის დადგენა, რაც შესაძლებელია გამხდარიყო მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი