საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1167(კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 21 დეკემბერს მ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2612 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ...ს ქუჩა N3-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართით - 494.00 კვ.მ) მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1179 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2612 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N3-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართით - 494 კვ.მ) მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და შედეგად საკუთრების მოწმობის გაცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივი გახდა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ 494 კვ.მ) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, 4.1.2, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3, 5.1, 11.2 მუხლებზე, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1, 53.5, 97-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია მ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (რომელზეც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები (აშენებული და მშენებარე)) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მ. ჯ-ეის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა მომხდარიყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციისაგან განსხვავებული კონფიგურაციით. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ ირკვეოდა თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ ამგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, შეფასების გარეშე იყო დატოვებული მ. ჯ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც ასახავდა მის სარგებლობაში არსებულ 494 კვ.მ ფართს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის, ორთო-ფოტოებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, მოწმეთა ჩვენებებზე, და აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, მართალია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიუთითებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა ზონალური შეზღუდვა და განთავსებული იყო საკომუნიკაციო ხაზოვანი ნაგებობა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მითითებული არგუმენტების დადასტურება. სასამართლოს შეფასებით, მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდებოდა იმგვარი შეზღუდვის არსებობა, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დგინდება მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N001131124 ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ხე-მცენარეების ასაკი. კომისია განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რისი დადგენაც შესაძლებელია ერთიანი სასაზღვრო მიჯნის არსებობით. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ადგენს ხე-მცენარეთა ხნოვანებას და არა ღობის ასაკს, შესაბამისად, მოცემული დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად.
კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, განსახილველ შემთხვევაში მოწმეები ადასტურებენ მ. ჯ-ეის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით ფლობის ფაქტს, თუმცა მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018 წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-698- 698(კ-18)).
გარდა ამისა, კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საკომუნიკაციო ნაგებობა (ჭებს შორის), ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, სადავო საკითხს მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2612 განკარგულების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასევე განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; პ) საძოვარი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ჯ-ემ 2018 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებულ (ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N3-ის მიმდებარედ, საერთო ფართით - 494.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის №489817 წერილით, მ. ჯ-ეის განცხადება თანდართული და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ დოკუმენტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2022 წლის პირველი აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მ. ჯ-ემ განმარტა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ავტოფარეხი და მარანი, ასევე, გვერდით მდებარეობს მშენებარე ნაგებობა, რომელსაც 1995 წლიდან ფლობს. შენობებს და ნაკვეთს უვლის 1962 წლიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების კომისიის 2022 წლის 26 სექტემბრის №62 ოქმის თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების ნაწილობრივ აღიარება, კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით - შენობისა და ნანგრევის კონტურზე. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (2022 წლის პირველი აგვისტოს №50 საოქმო გადაწყვეტილება).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების კომისიაში 2022 წლის 13 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით, მ. ჯ-ემ უარი განაცხადა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენასა და მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარებაზე.
2022 წლის 22 სექტემბრის №62 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2612 განკარგულებით, მ. ჯ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საერთო ფართით - 494 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები მხოლოდ შენობა-ნაგებობით დატვირთულ ნაწილზე დაადგინა, ხოლო, მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებლად მიიჩნია, ვინაიდან, არ დასტურდებოდა ნაკვეთის აღნიშნული ნაწილის ფლობა-სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებზე, რომლითაც ირკვევა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრულია ლითონის მავთულბადით (ღობით).
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5001029024 დასკვნაზე, რომლის თანახმად, შესწავლილ იქნა ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული ნარგავების წლოვანება. დასკვნაში მითითებულია, რომ ლითონის ღობეში ჩაზრდილია 29 წლის ასაკის დაფნის ხისა და 53 წლის ასაკის აკაციის ტოტები, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ღობე არსებობდა მცენარეების დარგვამდე პერიოდში.
შპს „დ...ის“ N03/10 დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ იქნა მიწის ნაკვეთის ღობის ასაკი. დასკვნის თანახმად, ლითონის ღობე დამაგრებულია გრუნტში ჩაბეტონებულ ლითონის მილებზე. ბეტონის ასაკის შესწავლა განხორციელდა ვიზუალური დაკვირვების მეთოდით - ბეტონის ფაქტურის შესწავლის, დაზიანების ხარისხის, ფერის, გამოყენებული შემავსებლის, სტრუქტურის რღვევის ხარისხისა და კალციუმის ოქსიდის გამოყოფის ოდენობის გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ღობის სავარაუდო ასაკია არანაკლებ 25- 30 წელი.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში მოქცევის ფაქტი ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე).
გარდა ამისა, საქმეში ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 5 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა (ე. გ-ეის, ნ. ბ-ისა და დ. ა-ის) ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ. ჯ-ე 1962 წლიდან ფლობს და განკარგავს ქ.თბილისში, ...ს N3-ის მიმდებარედ არსებულ 494 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა მ. ჯ-ეის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი უთიერთთანხვედრაში მყოფი, დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ არსებული 494 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. დაუსაბუთებელია, რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დაედგინა, რომ აღიარებას ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი.
ასევე უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ზონალური შეზღუდვა, განთავსებულია საკომუნიკაციო ჭა/ ხაზოვანი ნაგებობა. ზონალური შეზღუდვის არსებობის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ურბანული განვითარების სამსახურის 2020 წლის 14 აპრილის №67-0120105733 წერილზე, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N3-ის მიმდებარედ არსებული 494 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ) საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ წერილში არ არის მითითება იმგვარ ზონალურ შეზღუდვაზე, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მიწის ნაკვეთზე, არც საკომუნიკაციო/ხაზობრივი ნაგებობის არსებობა დადასტურებულა შესაბამისი მტკიცებულებებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით სს „ს...დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული არის თუ არა სს „ს...ს“ საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობის ჭა ან/და ხაზობრივი ნაგებობა. საპასუხოდ, სს „ს...ს“ მიერ წარმოდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება „ს...ს“ საკუთრების უფლება საკომუნიკაციო ჭაზე ..., თუმცა არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას კვეთს თუ არა საკომუნიკაციო არხი მიწის ნაკვეთს. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ა...ს" ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სავარაუდო კომუნიკაციების არსებობის ადგილზე აღმოჩნდა უფუნქციო ლითონის მილი, ხოლო საკომუნიკაციო არხების არსებობა არ დადგინდა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ზემოთ მითითებული გარემოებები არ გამხდარა მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოწმეთა ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მიხედვით, აღნიშნული წესის მიზნებისათვის, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (მოწმეთა ჩვენება) დასაშვებ მტკიცებულებად არის მიჩნეული, მაშინ თუ მოწმეების პოზიცია გამყარებულია სხვა სახის მტკიცებულებებით (მაგ. ექსპერტიზის დასკვნით და ა.შ). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია როგორც მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება მოწმეთა წერილობითი განმარტებების გაზიარების დაუშვებლობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. მაკარიძე