Facebook Twitter

ბს-1060(კ-21) 20 დეკემბერი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 08.12.2016წ. №82/20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ე. ბ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინებით შპს „ჯ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება – გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე, ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება, შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.04.2000წ. №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07.08.2003წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 06.03.2014წ. №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის. ამდენად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიატ შპს „ჯ...სა“ და მომხმარებელ ე. ბ-ას შორის არსებულ დავაზე. მხარეთა შორის არსებული შეთანხმება დავალიანების დანაწევრებისა და დავალიანების ცალკეული ნაწილების დროის კონკრეტული პერიოდების - თვეების მიხედვით გადახდის თაობაზე წარმოადგენს პერიოდულად (და არა ერთბაშად, ერთ კონკრეტულ მომენტში) შესასრულებელი ვალდებულების დამდგენ შეთანხმებას, რომელთან მიმართებითაც სამოქალაქო კოდექსი აწესებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის რამდენადმე განსხვავებულ წესს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 21.09.2013წ. მდგომარეობით არსებული დავალიანება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ვადის გათვალისწინებით არის ხანდაზმული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...ს“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებაზე განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელესა და ე. ბ-ას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე. სასამართლომ არასწორად განმარტა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-9-მე-11 მუხლები, რომლებითაც განსაზღვრულია კომისიის ნორმატიული აქტების მიღების, სალიცენზიო, სანებართვო და სატარიფო უფლებამოსილება, ასევე არასწორად განიმარტა „ელექტროენერგიტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის სტატუსი და ფუნქციები, შესაბამისად, არასწორად განისაზღვრა კომისიის კომპეტენციად მომხმარებლის დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და ჩამოწერა. ფიზიკურ და იურიდიულ პირს (კერძო სამართლის სუბიექტებს) შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა (დავალიანების ხანდაზმულად აღიარება) არ შედის კომისიის კომპეტენციაში. განსახილველ შემთხვევაში კომისიამ შეითავსა სასამართლოს ფუქნციები და გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ საკითხზე, რომელიც მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება, ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დაირღვა მხარის უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. სემეკის მიერ სახელშეკრულებო დავებში ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს საქმეებზე სხვადასხვა მომხმარებლების მიმართ კომისია განსახვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს საჯარო უფლებამოსილება – გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები (სუსგ 21.01.2016წ. საქმე №ბს-682-668(კ-14)). კომისიის თითოეული გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას მისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისია უნდა მოქმედებდეს მხოლოდ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22.06.04წ. №2/2/245 გადაწყვეტილება საქმეზე „კ. ძაგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“). „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად უფლებამოსილება არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსათვის სპეციალურად დელეგირებული უფლება-მოვალეობები. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის (12.1 მუხ.). „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 20.12.2019წ. კანონით) 4.5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი წყალმომარაგების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება (29-ე მუხ.). ხსენებული კანონების საფუძველზე კომისიის 06.04.2000წ. №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ (ძალადაკარგულია კომისიის 29.12.2017წ. №54 დადგენილებით) 1.2 მუხლის და კომისიის 07.08.2003წ. №12 დადგენილებით (ძალადაკარგულია კომისიის 13.05.2021წ. №9 დადგენილებით) დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. კომისიის უფლებამოსილებები, ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 06.03.2014წ. №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“ (ძალადაკარგულია კომისიის 28.12.2020წ. №79 დადგენილებით), რომლის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია განიხილოს სადავო საკითხები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის. ამდენად, კომისიის იურისდიქციული, დავების გადამწყვეტი ფუნქცია მისი უფლებამოსილების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გამო კომისიის მიერ მომხმარებელებსა და მიმწოდებელს შორის დავის გადაწყვეტის შეუძლებლობაზე. სეწმეკის 12.08.2010წ. №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ 11.12 მუხლის თანახმად კომისია უფლებამოსილია სამართალდარღვევის თაობაზე გამოცემული დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიის აღნიშნული უფლებამოსილება არ ნიშნავს დარიცხვასთან დაკავშირებული დავის კომისიის მიერ გადაწყვეტის შესაძლებლობას მხოლოდ სამართლადარღვევისათვის სახდელის დაკისრების საკითხზე მსჯელობის შემთხვევაში. ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქცია კომისიისათვის კანონით მინიჭებული ექსკლუზიური საჯარო ფუნქციათა რიგს განეკუთვნება („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 4.3 მუხ. „დ“ ქვ.პ.). დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა (მე-13 მუხ.). ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციონალური ბუნება და მისი ნორმატიული ფუნქციების არსი განაპირობებს კომისიის უფლებამოსილებას მის რეგულირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე, შესაბამისად ხსენებულ ნორმებში იმის აღნიშვნა, რომ კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები გულისხმობს კომისიის რეგულირების სფეროში წარმოქმნილ დავებს. რეგულირება თავის მხრივ მონიტორინგის, ზედამხედველობის (კონტროლის) და კოორდინაციასთან ერთად გულისხმობს აგრეთვე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღებას (მე-3 მუხ. „მ“ ქვ.პ.). სამართლებრივი აქტი არის როგორც ნორმატიული, ასევე ინდივიდუალური აქტი („ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2. მუხ.). ამდენად, რეგულირება გულისხმობს არა მხოლოდ ნორმატიულ რეგულაციას, არამედ ამ ნორმებით განსაზღვრული საერთო, გენერალური რეგულაციის (ნორმის) ინდივიდუალური შემთხვევისადმი დაყვანას, მათ შორის კომისიის მიერ დავების გადაჭრასთან დაკავშირებით აქტების გამოცემით. რეგულაცია, მართვა მოიცავს თავის თავში დავების გადაჭრის იურისდიქციულ საქმიანობას. კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ადგენს არა მხოლოდ პოზიტიური, უდავო, არამედ აგრეთვე ნეგატიური, სადავო ურთიერთობების გადამჭრელ პროცედურებს (სუსგ 21.01.2016წ. საქმე №ბს-682-668(კ-14)).

დასაბუთებული არ არის კასატორის პრეტენზია აბონენტის დავალიანების ხანდაზმულად აღიარებაზე კომისიის კომპეტენციის არარსებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 2.2 მუხ., „ბ“ ქვ.პ.), რომელიც გასცემს ლიზენციას წყალმომარაგების საქმიანობაზე და ახორციელებს სასმელი წყლის მიწოდების რეგულირებას, ასევე ამტკიცებს მეთოდოლოგიას და მის საფუძველზე ადგენს ფასებსა და ტარიფებს (სადავო პერიოდში მოქმედი „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 24.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ., 1.3 მუხ. „კ“ ქვ.პ., 4.5 მუხ. „ბ“ ქვ.პ., 42-ე-44-ე მუხ.), შესაბამისად სეწმეკი არის წყალმომარაგების სექტორის მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო და აღნიშნული სექტორის რეგულირების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე მიმწოდებელი კომპანიის ურთიერთობა მომხმარებელთან მხოლოდ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კერძო ავტონომიის პრინციპით ვერ შემოიფარგლება. წყალმომარაგების სფეროში კომისია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების მიღებით ამტკიცებს მიწოდებისა და მოხმარების წესებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 5.1 მუხ.), კერძოდ სეწმეკ-ის 26.11.2008წ. №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს (1.1 მუხ.). ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია (მე-2 მუხ.), მიმწოდებლები წყალმომარაგებისას ვალდებულნი არიან იმოქმედონ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებლები ვალდებულნი არიან თანხების დაანგარიშება და დარიცხვა განახორციელონ კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს კომისიის მიერ განსაზღვრული ნორმების მოთხოვნების შესრულება მიმწოდებლების მიერ. მიმწოდებლები მომხმარებელზე თანხების გადაანგარიშებას და დარიცხვას ახდენენ კომისიის ნორმატიული აქტების საფუძველზე და კომისია დარიცხული თანხების საფუძვლიანობას ამოწმებს კომისიის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისა და იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის და კონტროლის კომპეტენციიდან გამომდინარე. კომისიის ნორმატიული რეგულაციის სფერო, სხვა საკითხებთან ერთად, ვრცელდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს, აგრეთვე განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებზე. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად, ამდენად კომისია უფლებამოსილია მის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო ურთიერთობების მიმართ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სუსგ 21.01.2016წ. საქმე №ბს-682-668(კ-14)). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, შესაბამისად იგი გამოიცემა ამ წარმოებისთვის დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ვალდებულება არ გამორიცხავს დავალიანების ხანდაზმულობაზე კომისიის მიერ მსჯელობის უფლებამოსილებას. განსახილველ შემთხვევაში სეწმეკ-ის სადავო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ აბონენტისთვის დარიცხული დავალიანება (მისი ნაწილი) იყო ხანდაზმული, რის გამო არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის დროის კონკრეტული მონაკვეთი, რომლის ფარგლებში მოთხოვნის უფლების მქონე პირი შეუზღუდავად სარგებლობს თავისი უფლებით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი კრედიტორი კარგავს თავისი მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის გასვლა არა მხოლოდ მოპასუხის იძულებით შესრულებისგან გათავისუფლების წინაპირობაა, არამედ კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე კრედიტორის მიერ თავისი მოთხოვნის იძულებით განხორციელებაზე უარის თქმასაც მოიაზრებს (სუსგ 21.07.2022წ. საქმე №ბს-1020(კ-19)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მესამე პირი ე. ბ-ა 21.09.2016წ. განცხადებით დავალიანებას არ აღიარებს, რაც არ იწვევს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შემთხვევას. წყალმომარაგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა აგრეთვე არ გამორიცხავს კომისიის მიერ განცხადების განხილვისას ხანდაზმულობის საკითხის შეფასების შესაძლებლობას. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 12.5 მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია მიმწოდებელის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით), აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით დაუშვებელია სასმელი წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება, მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლისგან დავალიანების გადახდა მოითხოვოს კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით და დავის დასრულებამდე სასმელი წყლით მომარაგება შეწყვიტოს სასამართლოს განჩინების ან კომისიის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. მითითებული ნორმა მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხის შეფასების საჭიროებაზე და ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს იცავს მისთვის ნეგატიური შედეგების წარმოშობისაგან. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის გადასაწყვეტად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კომისია არ გასცდენია თავისი უფლებამოსილების ფარგლებს (იხ. სუსგ 20.09.2018წ. საქმე №ბს-480-480(კ-18), 16.07.2019წ. საქმე №ბს-1596(კ-18), 12.09.2019წ. საქმე №ბს-324(კ-19), 21.05.2020წ. საქმე №ბს-922(კ-19), 29.10.2020წ. საქმე №ბს-667(კ-20)).

საქმის მასალებში დაცული 20.02.2012წ. ხელშეკრულებით ე. ბ-ასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომხმარებლისთვის აღრიცხვის ინდივიდუალური კვანძის მოწყობის თაობაზე. შპს „ჯ...ს“ წერილის თანახმად მოქალაქე ე. ბ-ას 2016 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება 641,90 ლარის და აღრიცხვის კვანძის ღირებულება 100 ლარის ოდენობით, ასევე 2012 წლის ივლისში მომხმარებელთან გაფორმდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება დავალიანების 36 თვის განმავლობაში (ყოველთვიურად 13 ლარის ოდენობით) გადახდის თაობაზე. ე. ბ-ამ უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანების ჩამოწერის შესახებ განცხადებით 21.09.2016წ. მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულომ აღნიშნული განცხადება გადააგზავნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. სეწმეკ-ის 08.12.2016წ. №82/20 გადაწყვეტილებით ხანდაზმულად იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ს“ მიერ მოქალაქე ე. ბ-აზე დარიცხული სასმელი წყლის და აღრიცხვის კვანძის საფასურის დავალიანება - 586,69 ლარის ოდენობით, შპს-ს დაევალა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალების ჩამოწერა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, მომხმარებელი მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. („სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 9.3 და 9.5 მუხ. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), შესაბამისად სასმელი წყლის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას წარმოადგენს, მიმწოდებელს მომხმარებლისაგან სასმელი წყლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ყოველ თვეში, მომხმარებლისათვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს (129.1 მუხ.), ასევე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (129.2 მუხ.). კანონის მითითებული დანაწესი იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, ხანდაზმულობის ვადის ათვლისას სპეფიციურ წესს ადგენს, კერძოდ ასეთ შემთხვევებში ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 01.12.2010წ. საქმე №ას-599-562-2010). საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ 2013 წლის 21 სექტემბრამდე მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება შეადგენს 532,48 ლარს და აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის - 54,21 ლარს, სულ 586,69 ლარს. სკ-ის 144.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სუსგ 29.11.2024წ. საქმე №ას-175-2023). განსახილველ შემთხვევაში ე. ბ-ამ დავალიანების აღიარებაზე უარისა და მისი ჩამოწერის მოთხოვნით განცხადება წარადგინა 21.09.2016წ., შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას დაექვემდებარა მის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება, ხოლო 2013 წლის 21 სექტემბრამდე არსებული დავალიანების მოთხოვნის უფლება კომისიის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული მიჩნეული ხანდაზმულად.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება მსგავს საქმეებზე ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა პირთა მიმართ მიღებული სეწმეკ-ის გადაწყვეტილებებით კომისიამ იმსჯელა დავალიანების ხანდაზმულობაზე და მომხმარებელთა დავალიანება კონკრეტული პერიოდის მითითებით ხანდაზმულად მიიჩნია. 01.12.2016წ. წერილში კომისია მიუთითებს იმაზე, რომ გასული არ არის კომპანიის მხრიდან დავალიანების გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული კომისიის გადაწყვეტილებები/წერილი არ ადასტურებს კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხთან განსხვავებულ მიდგომებს. რაც შეეხება კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 25.11.2016წ. და 04.04.2017წ. წერილებს, აღნიშნულ წერილებში მითითებულია დავალიანების მქონე პირის მიერ აღიარებულ დავალიანებებზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის გათვალისწინებით არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მესამე პირის ე. ბ-ას მიერ დავალიანებას აღიარებას, ამდენად არც აღნიშნული წერილი ადასტურებს ხანდაზმულობის საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მოითხოვს საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, თუმცა არ მიუთითებს დაბრუნების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ საფუძვლებზე. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება;

3. შპს „ჯ...ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 28.02.2022წ. №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე