Facebook Twitter

№ბს-1102(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მესამე პირი ასკ 16.2 ) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ხ. ჯ-ი

მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი (ასკ-ის 16.1)- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 20 იანვარს ხ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან დღემდე ოჯახთან ერთად ფლობს და სარგებლობს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობით. ნაკვეთზე მდებარეობს როგორც საქონლის, ისე ფრინველის მცირე ფერმა. ხ. ჯ-იმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის მარტში წარადგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მასალები გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულებით მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ხ. ჯ-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული განკარგულება რეგისტრაციისთვის გადაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის წარმოების პროცესში მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რადგან აღნიშნული ნაკვეთის უდიდესი ნაწილი ინვენტარიზაციის ფარგლებში უკვე რეგისტრირებული იყო (ელ. ვერსიით) სახელმწიფოს საკუთრებად. საქმისწარმოების პროცესში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მათ მიერ მიღებული განკარგულების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო დანიშნულების ობიექტი. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულების გაუქმებასთან დაკვშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ზედაპირულად, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის Nგ.11.482031111 განკარგულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის №გ.11.482031111 განკარგულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ ხ. ჯ-ი ოჯახთან ერთად 2000 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ამავე ნაკვეთზე განთავსებული იყო მისი ოჯახის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებსაც მოსარჩელე იყენებდა საოჯახო ბიზნესის საწარმოებლად. აღნიშნული ფაქტი ხ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ასევე დადასტურდა თავად საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 29 ივლისს გამოსცა №93 განკარგულება, რომლითაც აღიარებულ იქნა ხ. ჯ-ის საკუთრების უფლება და გაიცა საკუთრების მოწმობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება. ამასთან, 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით არ ყოფილა გამყარებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არარელევანტურია 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე დაყრდნობით სადავო მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიად მიჩნევა და ამ საფუძვლით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებააღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი 2020 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის კუთვნილების საკითხის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით გადაწყვეტის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამოსაკვლევი იყო თუ რა ფაქტობრივ გარემოებას დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან ერთად შენობა-ნაგებობის დარეგისტრირების დროს, პალატის მითითებით ასევე, გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოში ხომ არ იყო დაცული საარქივო მასალა მითითებული შენობის სამშენებლო დოკუმენტაციის სახით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცული წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის 1986 წელს შედგენის ფაქტი იმთავითვე არ მიუთითებდა მის სიმცდარეზე ან არსებული სამართლებრივი რეჟიმის ავტომატურად შეცვლაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს სათანადო წესით არ გამოუკვლევია როგორც უფლებაასაღიარებელი, ისე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ამჟამინდელი მახასიათებლები, მათ შორის ის გარემოება, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები ჩარიცხული ხომ არ არის სარეფორმო მიწის ფონდში და შესაბამისად, ხომ არ არსებობს საძოვრის სტატუსის შეცვლის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, შესაბამისი მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნაკვეთის კატეგორიასთან დაკავშირებული საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ინფორმაცია ასახავს არა ამჟამინდელ ან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებულ მდგომარეობას, არამედ 1986 წლის მონაცემებს, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი 2020 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას, სასამართლოში საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საქართველოს რეპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს მინიტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვარს №18 დადგენილება, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. საკანონმდებლო ცვლილებებმა კი განაპირობა მიწის რესურსების ახლებურად განაწილება და 1992 წლამდე არსებული მიწის საკადასტრო მონაცემების შეცვლა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძველეს მონაცემზე დაყრდნობა, როდესაც აღნიშნულის შემდეგ განხორციელდა მიწის საკადასტრო მონაცემებში ძირეული ცვლილებები, დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი 2020 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მქონეს.

სააპელაციო პალატამ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობასთან დაკავშირებით, ასევე მიუთითა საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში დაკითხულ პირთა (...ის საკრებულოში ...ის ..., სოფელ ...ის ...) ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობასთან სახელმწიფოს შემხებლობა არ იკვეთება, ვინაიდან სადაო ტერიტორიაზე ადრე არც კოლმეურნეობის და არც მეურნეობის რაიმე შენობა არ ყოფილა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მიწის ნაკვეთი არასოდეს ყოფილა სახნავი ან საძოვარი, იყო დაუმუშავებელი ქვიანი მიწა, რომელზე მდებარე ფერმა ხ. ჯ-იმა და მისმა ოჯახმა ააშენა. მოწმეთა მიერ მითითებული გარემოების სარწმუნოდ მიჩნევის კუთხით, სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ხ. ჯ-ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტოსურათებსა და ვიდეომასალაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2020 წლის 29 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №93 განკარგულებით აღიარებულ იქნა ხ. ჯ-ის საკუთრების უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ასევე დადასტურებულია, რომ ხ. ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (1700 კვ.მ), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სრულად ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ..., 1220 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობასთან. კასატორი მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2020 წლის 27 ივლისის №93 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება.

კასატორის მითითებით, წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის 1986 წლის გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მქონეს. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი. შესაბამისად, სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 29 ივლისის განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმე შესაბამისი მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მითითებები არ იქნა გათვალისწინებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის Nგ.11.482031111 განკარგულების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულებით ხ. ჯ-ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე უღიარდა საკუთრების უფლება. მოსარჩელეზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა.

2020 წლის 2 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აცნობა, რომ უძრავი ქონება ს/კ ... რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად. ამასთან, 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და "სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ძ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც მოითხოვა ხსენებული განკარგულების კანონიერების შესწავლა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი მის მიერვე მიღებული 2020 წლის 29 ივლისის N93 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული N49 საკუთრების უფლების მოწმობა. გასაჩივრებული განკარგულების თანახმად, მოსარჩელის მიერ უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთი მთლიანად მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობს (ს/კ ...). ამავე განკარგულების თანახმად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ ხ. ჯ-ის მიერ უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა სახელმწიფო ქონება, რის გამოც სახეზე იყო მოსარჩელის მიმართ გამოცემული უფლებააღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბათილად ცნობის წინაპირობები. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს მოსარჩელის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის არსებობდა თუ არა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ზღვრული ოდენობაც დადგენილია ამავე მუხლით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადასტურდება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა, ამასთან დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და კანონიერი საფუძვლის გარეშე (თვითნებურად) დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მისი მოთხოვნის უტყუარობას.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძვლად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე, ასევე ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების ჩამონათვალს. სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციით აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას, ასევე საძოვარი („ზ“ და „პ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დააკმტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

რაც შეეხება საკუთრების უფლების აღიარებას მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არსებითად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო შენობა. სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის აშენების კუთხით, საგულისხმოა ...ის ადმინისტრაციული ერთეულში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის - გ. ს-ეის 9.07.2020წ. აქტი, რომლითაც დადგენილია, რომ მოქალაქე ხ. ჯ-ის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა აშენებული აქვს 1995-97 წლებში, მეცხოველეობის გაშენების ფუნქციური დანიშნულებით. ზემოაღნიშნული აქტის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ სხვა ფიზიკური პირებიც.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღება ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოზე დაკითხული ზ. ჩ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს და 2000-იანი წლების დასაწყისში ხ. ჯ-ის ოჯახმა ააშენა შენობები. სადავო მიწის ნაკვეთი იყო ჭაობიანი მინდორი, რომელიც დააშრეს კომუნისტური მმართველობის დროს, შემდეგ კი მას ამუშავებდა ხ. ჯ-ის ოჯახი. ხსენებულ ადგილზე ადრე არც მეცხოველეობის ფერმები არ ყოფილა განთავსებული და არც არანაირი შენობა არ იდგა იქამდე, ვიდრე იქ ჯ-იების ოჯახმა არ ააშენა ამჟამად არსებული ნაგებობები. მოწმის - ე. გ-ას განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ ხ. ჯ-ის ოჯახი წლებია იყენებს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებას საოჯახო მეურნეობისთვის, მასზე განთავსებულია ორი შენობა, რომლებიც აშენებულია მოსარჩელის ოჯახის მიერ. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებულ ადგილზე გადიოდა არხი, რომლის დაშრობის შემდეგ მოსახლეობამ, მათ შორის, ხ. ჯ-ის ოჯახმაც, დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის სახნავ-სათესად გამოყენება.

2016 წლის 29 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, წყალტუბოს რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1220 კვ.მ. (ს/კ ...) მესაკუთრეა სახელმწიფო. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა. ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო შენობაა განთავსებული, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის და ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი განმარტებით ვერ დადგინდება სადავო მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს მიერ აშენების ფაქტი, მითუფრო, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ამ დაშვების საწინააღმდეგოა. ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 9.07.2020წ. წერილობით აქტზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მოსარჩელის მიერ აშენების ფაქტი.

კასატორის პრეტენზია ასევე მიემართება იმ საკითხს, რომ უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთი საძოვრის სტატუსის მქონეა, რაც გამორიცხავს მასზე უფლების მოპოვებას. ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვარი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

საქმეში წარმოდგენილი 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 1992 წლის 18 იანვარს გამოიცა "საქართველოს რეპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს მინიტრთა კაბინეტის №18 დადგენილება, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ზემოხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კი განაპირობა მიწის რესურსების ახლებურად განაწილება და 1992 წლამდე არსებული მიწის საკადასტრო მონაცემების შეცვლა. გამომდინარე იქედან, რომ ზემოთმითითებული საკანონმდებლო ცვლილებებით ძირეული ცვლილებები განიცადა მიწის ნაკვეთების ფუნქციური მოწყობის საკითხმა, დღევანდელი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინება ფრიად მნიშვნელოვანია.

ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვის ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხნენ სადავო აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილი პირები: ზ. გ-ე (2000-2006 წლებში ...ის საკრებულოში ...ის ...) და გ. ს-ე (2014-2021 წლებში სოფელ ...ის ...). ზ. გ-ეის განმარტებით, არის სოფელ ...ის მკვიდრი. სოფელ ...ის დასახლება წარმოიქმნა დაჭაობებული ადგილების დაშრობის შედეგად. სადაო ფერმა აშენდა ხ. ჯ-ის ოჯახის წევრის მიერ. მითითებულ ადგილას 2000 წლამდე ფერმა არ იყო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომელსაც საძოვრის კატეგორიის სტატუსი არასდროს ჰქონია. მოწმის - გ. ს-ეის ახსნა-განმარტების თანახმად, სადავო ტერიტორიაზე კოლმეურნეობის ან მეურნეობის შენობა არასდროს ყოფილა. სადავო მიწის ნაკვეთი არ მიეკუთვნებოდა სახნავს ან საძოვარს, იყო დაუმუშავებელი ქვიანი მიწა, რომელზეც ხ. ჯ-ის ოჯახმა ააშენა ფერმა. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში ხ. ჯ-ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი სურათები და ვიდეომასალა, რომლითაც დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ბეტონის ფილებით, ამავე მასალითაა აშენებული ფერმის შენობა. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი დამუშავებულია და შემოღობილია მავთულის ღობით. ფერმის ირგვლივ ტერიტორია ქვაღორღიანია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით მყარდება მოწმეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებათა სისწორე. ამასთანავე, საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც 1986 წლიდან დღემდე მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიის შენარჩუნებას დაადასტურებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსის თაობაზე განახლებული ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უტყუარად ვერ დაადასტურეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საძოვრის სტატუსის მქონეა. ამდენად, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ კორექტირებული ნახაზი, რომლის მიხედვითაც ხ. ჯ-ის საკუთრების უფლება უღიარდა, მოიცავდა საძოვრის ტერიტორიას.

საგულისხმოა, რომ იმ პირობებში, როდესაც სოფელ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელები, ასევე ამავე სოფელში მცხოვრები სხვა პირები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ხ. ჯ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების 2 000-იანი წლებიდან ფლობა-სარგებლობის, მიწის ნაკვეთზე შენობის აშენების ფაქტებს. ამდენად, სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, უსაფუძვლოა მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ობიექტია განთავსებული, რაც გამორიცხავდა შესაბამის მიწის ნაკვეთზე ხ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და უტყუარად ვერ დაადასტურეს მოსარჩელესთან მიმართებაში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. სადავო განკარგულება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, რის გამოც მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წამოყენებული დასაშვები საკასაციო განაცხადი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა