Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-886(2კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. წ-ის უფლებამონაცვლე - თ. ტ-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. წ-იმა 2023 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 30 000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. წ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 11610.5 ლარისა (მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანი) და მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. წ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად პირს ზიანი უნდა მიადგეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის უკანონო და ბრალეული ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა შეფასდეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

კასატორის მოსაზრებით, მორალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 5000 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას და წარმოადგენს არაგონივრულად მაღალ ოდენობას.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის სახით 11610.5 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, რამეთუ მოსარჩელე უთითებს ყოველდღიურ სამუშაოებზე, რაც, შესაძლოა, ყოფილიყო არასტაბილური და მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ი. წ-ის წარმომადგენელმა - თ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე საკასაციო საჩივრით თ. ტ-ემ იშუამდგომლა მოცემულ საქმეში ი. წ-ის უფლებამონაცვლედ და კასატორის სტატუსით ჩაბმის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულებით ი. წ-ი თავის მოთხოვნის უფლებას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მთლიანად და შეუზღუდავად უთმობს თ. ტ-ეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ი. წ-ის წარმომადგენლის - თ. ტ-ეის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, ვინაიდან დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კანონმდებლობა დასაშვებად მიჩნევს უფლებამონაცვლეობას, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - არა. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით. სწორედ ამიტომ, ი. წ-ის წარმომადგენელს - თ. ტ-ეს დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, მოთხოვნის დათმობის საფუძვლით კასატორის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში, მოთხოვნის დაზუსტება, ასევე, იმავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები).

თ. ტ-ემ 2024 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. კასატორმა აღნიშნა, რომ ი. წ-იმა უკანონო პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 21 დღე. იგი იყო კვალიფიციური ელექტროშემდუღებელი და გამოიმუშავებდა დღეში 150-200 ლარს, რაც მის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობას ქმნიდა. რაც შეეხება უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში მოთხოვნის დაზუსტებას, კასატორმა აღნიშნა, რომ მორალური ზიანის საკითხი ერთმნიშვნელოვნად პირადული არ ყოფილა, ვინაიდან ი. წ-ის მიმართ წაყენებულმა უკანონო ბრალდებამ და გამოყენებულმა აღკვეთის ღონისძიებამ მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა მის ოჯახურ წრეს, მეგობრებს. დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად თ. ტ-ემ წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა (აქტის ჩანაწერის ნომერი: ...), რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე ი. წ-ი გარდაიცვალა 2024 წლის 27 მაისს. თ. ტ-ემ დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე მიღებულია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. განვლილ პერიოდში ი. წ-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ექიმებთან კონსულტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2024 წლის 17 მაისს მიიღო მისგან უფლება მოთხოვნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, ცნობილ იქნა თ. ტ-ე; მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, თ. ტ-ეს უარი ეთქვა ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დადგენაზე დაუშვებლობის მოტივით; ი. წ-ის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალებისა და აღნიშნულ ნაწილში უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ ამ ნაწილში თ. ტ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის დათმობის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თ. ტ-ეს უარი ეთქვა ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დადგენაზე დაუშვებლობის მოტივით, რის გამოც ამ ნაწილში ი. წ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. შესაბამისად, შესაფასებელია მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი. წ-ი დაკავებულ იქნა 2021 წლის 13 სექტემბერს. მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით ი. წ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (4 ეპიზოდი) და გამართლდა. ი. წ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადამ შეადგინა 8 თვე და 21 დღე. ამდენად, დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისად, პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ქმედების უკანონობა, რაც ქმნის მოსარჩელისთვის როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ი. წ-ის სარჩელზე შეწყვეტილია საქმის წარმოება, პალატა შეაფასებს მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მართებულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო პატიმრობიდან გამოწვეული მატერიალური ზიანი, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ფაქტობრივად არსებული ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც, თუკი მხარე დაადასტურებს, რომ ვერ მიიღო სარგებელი სწორედ უკანონო დაკავებიდან გამომდინარე ან ვერ განახორციელა კონკრეტული ქმედებები, რამაც მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. ამასთან, „მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“... მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინება საქმეზე №ას-945-895-2015; 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-307-291-2011).

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ უკანონო პატიმრობის გამო ვერ განახორციელა მისი პროფესიული საქმიანობა, შესაბამისად ვერ მიიღო შემოსავალი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მართებულობის დასადასტურებლად საქმეში დაცულია ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მ. მ-ის მიერ 2023 წლის 3 ნოემბერს გაცემული ცნობა №100, რომლითაც ირკვევა, რომ ი. წ-ი იყო თვითდასაქმებული ელექტრო შემდუღებელი.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, ვინაიდან შეუძლებელია კონკრეტული თანხის განსაზღვრა, თუ რამდენს გამოიმუშავებდა მოსარჩელე ყოველთვიურად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები თანხის გამოთვლისას მართებულად დაეყრდნენ საქსტატის მონაცემებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის 2023 წლის 25 ოქტომბრის №7-2627 წერილის მიხედვით, ლითონის დამამუშავებელი მრეწველობის, მანქანათმშენებლობის და მონათესავე სფეროების მუშების ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 1334,5 ლარს. დადგენილია, რომ უკანონო პატიმრობის გამო ი. წ-იმა ვერ მიიღო შემოსავალი 8 თვისა და 21 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს 11610.5 ლარს (8x1334,5=10676 - მიუღებელი შემოსავალი 8 თვის განმავლობაში; 1334,5÷30=44,5 (1 დღის შემოსავალი); 44,5x21=934,5 - მიუღებელი შემოსავალი 21 დღის განმავლობაში. 10676+934,5=11610.5).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მატერიალური ზიანის - 11610.5 ლარის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე