საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1200(2კ-24) 30 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ო...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ო...ს“ წარმომადგენელმა 2022 წლის 10 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა; ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №..., 2021 წლის 1 მარტის №5537 ბრძანებების ბათილად ცნობა; გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №... საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №12951/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის მოსარჩელის მიერ გადაანგარიშებისას წარდგენილი დეკლარაციის გათვალისწინება; ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის მოსარჩელის მიერ დეკლარირებული თანხების შემმოწმებლის მიერ დადგენილი გადასახადისგან ამოღების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ო...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №... ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის საგადასახადო №... მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის პირველი მარტის №5537 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №12951/2/2021 გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა (2024 წლის 26 ნოემბრის №ბ-1687-24) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (2024 წლის 6 დეკემბრის №ბ-1761-24) განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. მითითებული კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივრებზე, რითაც მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 378.2 მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთანავე, მართალია სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის ცნობის ან მორიგების უფლებას აძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (3.2 მუხ.), თუმცა აღნიშნული მოწესრიგება არ ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევას. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევისაგან განსხვავებით, საქმის განმხილველი სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში უცვლელად რჩება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც, უკვე განხორციელებულად ითვლება სასამართლოს კონტროლი (იხ. სუსგ 08.04.2020წ. №ბს-1163 (კ-18)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორთა მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ.შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე