საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-391(კ-24) 4 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. მ-ე
მესამე პირი - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 18 მარტს ა. მ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ამავე სააგენტოს 03.01.2022წ. №..., 03.01.2022წ. №... და 28.02.2022წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია სააგენტომ გააგზავნა პროკურატურაში გამოსაკვლევად. პროკურატურის წერილის თანახმად, თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საქმის წარმოება შეჩერდა პროკურატურიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი არ არის უფლებამოსილი 60 დღეზე მეტი ხნით ელოდოს პროკურატურის გადაწყვეტილებას და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია გააგრძელოს სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 03.01.2022წ. №..., 03.01.2022წ. №... და 28.02.2022წ. №... გადაწყვეტილებები და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა. პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიების დასრულების მოლოდინში, სარეგისტრაციო წარმოება სრულყოფილად არ ჩატარებულა და არ განხორციელებულა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებები, რამაც უსაფუძვლოდ გააჭიანურა ა. მ-ეის დაინტერესებაში არსებულ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულება.
სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. კასატორი აღნიშნავს, რომ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, აღნიშნული გამოიწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მესაკუთრის მხრიდან უძრავი ნივთის განკარგვას და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც, თავის მხრივ, აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. ამგვარი გარემოებების არსებობის პირობებში კი, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო საქმის განხილვისას გამოვლენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს, სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და მოსარჩელისათვის სრულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. ამავე მუხლის 22 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი. ხსენებული ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, კი სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი). სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) და მათგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე, მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, მიწის სააღრიცხვო ბარათით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2016 წლის 19 თებერვალს ა. მ-ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით, ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდები: ... და ...). განაცხადს თან ერთოდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი და შპს „კ...ს“ 19.02.2016 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის მიმდებარედ მდებარე 5577 კვ.მ და 510 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვლის №... და №... წერილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას აცნობა მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების შესახებ და განუმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები 2006 წელს მემკვიდრეობით მიღებულია და რეგისტრირებულია საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია: „ამონაწერი ბორჯომის რაიონის ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის №1 გადაწყვეტილებიდან“, ამონაწერში არსად არის ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი, ამასთანავე, არ არის წარდგენილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის გაგება, თუ რა საკითხზე იმსჯელა 2000 წელს ...ის საკრებულომ.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს №... და №... გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, საქმეზე საგამოძიებო ორგანოდან საბოლოო პასუხის მიღებამდე. საგამოძიებო ორგანომ სარეგისტრაციო სამსახურს აცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დასრულებული არ იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... სადავო გადაწყვეტილებაში ნახსენებია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 17 ივნისის №13/34-36169 წერილი, რომლითაც ა. მ-ეს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №01606907 საქმე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. იმავე წერილიდან ირკვევა, რომ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში, დაინტერესებული მხარის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს რამდენჯერმე წარედგინა განცხადება შეჩერებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე ქმედითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რა დროსაც მხარეს განემარტა, რომ წარმოების შეჩერების საფუძველს მიმდინარე გამოძიება წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ინფორმაცია საჯარო რეესტრში წარდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოების განმავლობაში გამოვლენილი, კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დაავალოს მხარეს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ისარგებლა აღნიშნული უფლებამოსილებით, მოეძია დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციიდან. თუმცა საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში, ერთი და იგივე საფუძვლით რამდენჯერმე იქნა მიღებული საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება ისე, რომ მხედველობაში არ მიღებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების შემდგომ. აღნიშნულის პარალელურად, საქმეში მოიპოვება სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის წერილები, საიდანაც დგინდება, რომ პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის №01606907 საქმე, თუმცა კონკრეტულად ა. მ-ეის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს პროკურატურას არ გაუვრცელებია რაიმე უფლებრივი შეზღუდვა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიეთითა მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციაზე. ამრიგად, საკასაციო პრეტენზია, რომ მიმდინარე გამოძიება სარეგისტრაციო წარმოების დასრულებას ხელს უშლის, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 12.04.2024წ. №17515 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.04.2024წ. №17515 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე