Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-659(კ-24) 4 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - გ. ნ-ე, ს. ნ-ე, სა. ნ-ე, ე. ს-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-იმა 2021 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 დეკემბრის №1739 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ვაკის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში, №... კორპუსში მდებარე სადავო უძრავი ქონება - ოროთახიანი ბინის №...-ის ერთი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 14.85 კვ.მ, აღირიცხება ნ. ღ-ის სახელზე.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1988 წლიდან იმყოფებოდა სადავო ფართში. ვაკის რაიონის გამგეობამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იგი 7 წლის განმავლობაში იხდიდა ბინის ქირას, ასევე, სწავლის ვადით ჩაწერილი იყო აღნიშნულ ბინაში. მოსარჩელის მოსაზრებით, კონკრეტულ ფართში დროებითი ჩაწერა არ ზღუდავს პირს, მოითხოვოს ამ ფართის საკუთრებაში გადაცემა. მისი განმარტებით, გამგეობა და მესამე პირები უკანონოდ დევნიან მას სადავო ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გ. ნ-ეის ოჯახის სახელზე გაცემული ბინის ორდერის საფუძველზე კონკრეტული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული პირის მიერ რაიონულ გამგეობაში წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა განცხადების განხილვის შედეგად დადებითი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რამდენადაც ბინის ორდერი, რომლის საფუძველზეც იქნა გასაჩივრებული განკარგულება მიღებული, ძალაშია, არ არის გაუქმებული და წარმოადგენს მესამე პირთა უფლების დამდგენ დოკუმენტს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-იმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, იგი ფიქრობდა, რომ სადავო ფართს შუაზე გაიყოფდნენ მოსარჩელე და მესამე პირი - გ. ნ-ე, რაზედაც მესამე პირმა დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და უარი განაცხადა. კასატორის მოსაზრებით, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მესამე პირთათვის ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. №..., კორპ. №...-ში მდებარე 14,85 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 1995 წლის 6 სექტემბერს ვაკის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ, 1995 წლის 3 აგვისტოს №8.1.132 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. ნ-ეის სახელზე გაიცა №016127 ორდერის ასლი, რომლითაც გ. ნ-ეის სამსულიან ოჯახს (გ. ნ-ე, ე. ს-ი - მეუღლე, ს. ნ-ე - შვილი) მიეცა საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ...ის ქ. სახლი №..., №... კორპუსში არსებული №... ოროთახიანი ბინის 1 ოთახი - საცხოვრებელი ფართობით: 14,85 კვ.მ.

დადგენილია, რომ 2008 წლის 13 მარტს, ე. ს-იმა №ს-639 განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. №..., ... კორპუსში მდებარე №... არაპრივატიზებული ბინის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა შემდეგ ოთხ სულზე - ე. ს-იზე, გ. ნ-ეზე, ს. ნ-ეზე და სა. ნ-ეზე. ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 სადავო განკარგულებით, წარდგენილი №016127 ბინის ორდერისა და ნახაზის საფუძველზე, გ., ს. და სა. ნ-ეებს და ე. ს-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., კორპ. №...-ში მდებარე ოროთახიანი №... ბინის ერთი ოთახი საცხოვრებელი ფართით 14,85 კვ.მ, სათავსოების საერთო სარგებლობაში დატოვებით. გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულების საფუძველზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2008 წლის 24 მარტს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №591.

მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების (09.06.2017წ. მდგომარეობით) მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., კორპ. №...-ში, მე-2 სართულზე მდებარე №... ბინაზე (ფართით 48,48 კვ.მ), ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №591 საკუთრების უფლების მოწმობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ბრძანების საფუძველზე, რეგისტრირებულია გ. ნ-ეის, ე. ს-ის, სა. ნ-ეის, ს. ნ-ეის (14,85 კვ.მ ფართზე) და სახელმწიფოს (33,63 კვ.მ) საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ 2020 წლის 10 აგვისტოს ნ. ღ-იმა საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მერიის 2020 წლის 18 დეკემბრის №1739 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. ღ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირებისათვის სადავო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პერიოდისთვის (2008წ.) სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს არეგულირებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“. აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოხსენებული „წესი“ განსაზღვრავდა კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, კერძოდ, „წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრებაში გადაცემა გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.

ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კანონიერ მოსარგებლეს, რომელსაც სარგებლობაში არსებული ფართით სარგებლობის უფლება წარმოშობილი აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, შეუძლია განცხადებით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, წარადგინოს „წესით“ განსაზღვრული უფლებადამდგენი დოკუმენტაცია და მოითხოვოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. მოცემულ საკითხს ანალოგიურად არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესიც“, რომელიც იდენტურად განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, ასევე, ამავე აქტით დასახელებულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადებითა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, კერძოდ, №189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლით გათვალისწინებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც უნდა დაერთოს განაცხადს, მათ შორისაა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ს-ის მიერ 2008 წელს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია შეიცავდა ყველა იმ საჭირო რეკვიზიტს, რაც ქმნიდა განცხადების დაკმაყოფილებისა და მასში აღნიშნულ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის საფუძვლებს. ამასთან, ე. ს-ისა და მისი ოჯახის საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი - გ. ნ-ეის სახელზე გაცემული ორდერი კანონიერ ძალაშია, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც სასამართლოს არ აძლევს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

საკასაციო პალატა, დამატებით, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს თბილისის სტუდქალაქის სამმართველოს უფროსის 1988 წლის 1 ივლისის №50-18- 240/02 წერილზე, რომლითაც ნ. ღ-ის ეცნობა, რომ მას სწავლის ვადით გამოყოფილი ჰქონდა საცხოვრებელი ფართი ... კორპუსის №23 კვანძის ერთ მხარეს. ასევე აღნიშვნის ღირსია ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 25 აპრილის №2/51 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის სარჩელი მოპასუხე ნ. ღ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. კანონიერ ძალაში შესული ხსენებული გადაწყვეტილებით ნ. ვ.-ს ასული ღ-ი მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. №...-ში არსებული სტუდქალაქის №... კორპუსში №... კომუნალური ფონდის ბინიდან და შესახლდა ამავე სტუდქალაქის I... კორპუსში მისთვის გამოყოფილ №...-ში 16 კვ.მ ფართის იზოლირებულ ბინაში. ხოლო საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს თბილისის სტუდქალაქის სამმართველოს უფროსის 1996 წლის 29 ნოემბრის №50-04- 4/17 წერილით ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ №... კორპუსის №... ბინაში ცხოვრობდა სტუდქალაქში სწავლასთან დაკავშირებით დროებით ჩაწერილი ნ. ვ.-ს ასული ღ-ი. ვინაიდან აღნიშნული კორპუსი აღარ იყო სტუდქალაქის და გადაცემულ იქნა კომუნალურ ფონდში, რაიონულ გამგეობის შესაბამისი სამსახურისთვის, ნ. ღ-ის აღნიშნულ ფართში ცხოვრება არაკანონიერი იყო, რის გამოც ნ. ღ-ი დაკმაყოფილდა სტუდენტთათვის განკუთვნილ მე-... კორპუსში გამოყოფილ №...-ში, 16 კვ.მ ფართის იზოლირებული ბინით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სადავო აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეთა გაერთიანების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. კასატორი ითხოვს რა სხვა სასამართლოთა წარმოებაში არსებულ საქმეთა გაერთიანებას, საკასაციო პალატას, მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიაჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე