საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-735(2კ-24) 4 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ე
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-ემ 2020 წლის 18 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 31.07.2006წ. №1592 მიმართვისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 04.11.2014წ. №13/41905 მიმართვისა და 01.06.2015წ. №1/3-384, 08.06.2015 წ. №1/3- 416, 09.10.2018წ. №1/3-590 ბრძანებების (ე. კ-ეის ფლობა-სარგებლობაში არსებულ 1175 კვ.მ №2-1 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ ..., სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ე. კ-ეის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის და დამატებით მტკიცებულებათა მოთხოვნის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 01.07.2020წ. №5 ოქმისა (საკითხი №25) და ამავე კომისიის 21.07.2020წ. №01/13104 წერილის, ასევე, ადმინისტრაციული დავის სასამართლოში დასრულებამდე ე. კ-ეის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის შესახებ ამავე კომისიის 11.02.2021წ. №44-4421042391 წერილის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2018წ. №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ე. კ-ეის ფლობა-სარგებლობაში არსებულ 1175 კვ.მ №2-1 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ ..., სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში), ე. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 04.03.2021წ. №1-1/69 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ქ. ქუთაისში, ...ის ... დასახლებაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 2738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საცხოვრებელი, დამხმარე) ე. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის დეკემბერში განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, განცხადებას თან დაურთო სათანადო დოკუმენტაცია და მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საცხოვრებელი, დამხმარე) საკუთრების უფლების აღიარება. აღიარების კომისიაში განცხადების შესწავლით გამოირკვა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). მოსარჩელის მოსაზრებით, ს/კ ... მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე უკანონოდ არის რეგისტრირებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოცემული სხვადასხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომელთა გაუქმებაზე უარს ამბობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნული მიზეზი გახდა კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ე. კ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 31.07.2006წ. №1592 მიმართვა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 04.11.2014წ. №13/41905 მიმართვა და 01.06.2015წ. №1/3-384, 08.06.2015 წ. №1/3- 416, 09.10.2018წ. №1/3-590 ბრძანებები (ე. კ-ეის ფლობა-სარგებლობაში არსებულ 1175 კვ.მ №2-1 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ ..., სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 01.07.2020 წ. ოქმი №5 (საკითხი №25) და ამავე კომისიის თავმჯდომარის 21.07.2020წ. №01/13104 წერილი ე. კ-ეის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის და დამატებით მტკიცებულებათა მოთხოვნის შესახებ, აგრეთვე, ამავე კომისიის 11.02.2021წ. №44-4421042391 წერილი ადმინისტრაციული დავის სასამართლოში დასრულებამდე ე. კ-ეის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2018წ. №... გადაწყვეტილება (ე. კ-ეის ფლობა-სარგებლობაში არსებულ 1175 კვ.მ №2-1 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ ..., სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში), ბათილად იქნა ცნობილი ე. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 04.03.2021წ. №1-1/69 ბრძანება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილების მიღება (სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) ქ. ქუთაისში, ...ის ... დასახლებაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 2738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საცხოვრებელი, დამხმარე) ე. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება (წინა ს/კ ...) 2006 წლის 1 აგვისტოდან წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მმართველი, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია. სამინისტროს სამხარეო სამმართველომ, უფლებამოსილების ფარგლებში, სრულყოფილად გამოიკვლია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის დროისათვის არსებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.
კასატორების მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, გაუგებარია რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართვა და სააგენტოს ბრძანება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ აბრკოლებს მოსარჩელეს მითითებული მიწის ნაკვეთის აღიარებაში. პირიქით, მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას საკუთრების უფლების აღიარებისათვის, რადგან კანონმდებელმა სწორედ სახელმწიფოს ნება გამოხატა,მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით გადაეცა იმ პირებისათვის, ვისაც ამ კანონის შესაბამისად დაუდასტურდებოდა ფლობა და სარგებლობა, კანონმდებელს არ დაუდგენია რაიმე განსხვავება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს შორის. შესაბამისად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სადავოდ ქცეული უფლების დამდგენი დოკუმენტი არ აყენებს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება, რომლითაც მიწის ნაკვეთი, რომელზე უფლების მოპოვებასაც ე. კ-ე თვითნებურად დაკავების საფუძვლით ცდილობს, აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 1 დეკემბერს ე. კ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებულ 2738.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საცხოვრებელი, დამხმარე) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
დადგენილია, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე განიხილეს ე. კ-ეის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ვინაიდან საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან ზედდება, კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დაევალა წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, ორ-ორი ეგზემპლარი ზედდების გარეშე; ბ) ორთოფოტო; გ) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი - სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი (მოწმის ჩვენება - მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება); დ) ინფორმაცია ტექ. ბიუროს არქივიდან აღრიცხულია თუ არა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი; ე) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარების საკითხი განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება, ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზედაც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება; ვ) წერილობითი ინფორმაციები - სს „ე...“-საგან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისაგან, ს...საგან, შპს „ა...“-საგან და სს „სი...“-საგან, მითითებული კომპანიების კომუნიკაციის არსებობის ან არარსებობის თაობაზე, საკუთრება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მითითებით. სხდომის ოქმში აღინიშნა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველად, თუმცა დადგენილია, რომ ამის შესახებ ე. კ-ეისთვის არ უცნობებიათ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებზე, კონკრეტულად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.07.2021წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი, ქ. ქუთაისში, ...ის ... დასახლებაში მდებარე, ს/კ ... (1175 კვ.მ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი შემოსაზღვრულია ღობით და მის ტერიტორიაზე გაშენებულია მსხმოიარე ნარგავები. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის ტერიტორია (საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით) ძირითადად წარმოადგენს, ქ. ქუთაისში, ...ის ... დასახლება, ...ის ქ. №...-ში მდებარე, ე. კ-ეის სარგებლობაში არსებული 2738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (2738 კვ.მ) ტერიტორიაზე ფაქტობრივად განთავსებულია ე. კ-ეის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები. ასევე აღსანიშნავია შპს „ა...“-ის მიერ 2021 წლის 10 დეკემბერს მომზადებული ექსპერტიზის №28 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის ... დასახლება, ...ის ქ. №...-ში, ე. კ-ეის მფლობელობაში არსებული 2738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ე. კ-ეის საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა ჯიშის მსხმოიარე ნარგავები, არის შემოსაზღვრული ღობით. აღნიშნული 2738 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის მოვლილი და დამუშავებული. აღნიშნულ 2738 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დგას საცხოვრებელი სახლი, რომელიც ე. კ-ეს და მისი ოჯახის წევრებს გადაეცა ქ. ქუთაისის ლენინის რაიაღმასკომის 01.12.1982 წ. №25/41-842 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 08.04.1983წ. №008547 საბინაო ორდერით და რომელიც პრივატიზებულ იქნა ნოტარიუს პ. ბ-ეის მიერ დამოწმებული 02.06.1992წ. ხელშეკრულების საფუძველზე. 2738 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლი აშენებულია, ამავე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ჯიშის მსხმოიარე ნარგავები გაშენებული და მიწის ნაკვეთი შემორაგვულია 2007 წლამდე პერიოდში. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაცია სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილები, რომ ე. კ-ე 1959 წლიდან ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ე. კ-ეისთვის დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ კომისიამ მოსარჩელე მხარეს მოსთხოვა დაკორექტირებული ნახაზების წარმოდგენა ზედდების გარეშე მაშინ, როდესაც კომისიას უნდა ემსჯელა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა თვითნებურად დაკავებულ ისეთ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ე. კ-ე თვითნებურად სარგებლობდა თუ არა ქ. ქუთაისში ...ს ... დასახლება №2-ში მდებარე სადავო 1175 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რამეთუ ამ ფაქტობრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის. კომისია ფორმალურად მიუდგა საკითხს და სრულიად დაუსაბუთებლად, კანონით გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები შექმნა ე. კ-ეის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისას, როცა ზედდების აღმოფხვრა მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება აღიარებაზე უარის საფუძველს არ ქმნიდა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კომისიამ, ე. კ-ეისათვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის გარდა, კომისიის 11.02.2021წ. №44-4421042391 წერილით ე. კ-ეს აცნობა, რომ ადმინისტრაციული დავის (საქმე №3/382-20) დასრულებამდე კომისია ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას მის განცხადებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სადავო 1175 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია ე. კ-ეისთვის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა, თუმცა ასევ აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა აღიარების კომისიაში ე. კ-ეის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე