საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-937(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-იმა 2022 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ნ. ა-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №SSVA 00025853 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ნ. ა-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის განმარტებით, მას თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარი უკანონოდ ეთქვა. მოპასუხე არ გაეცნო მის განცხადებას და გასცა შაბლონური პასუხი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 2 დეკემბრის SSVA 00024190 წერილობითი პასუხით ნ. ა-ის მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ არსებობდა სამსახურის მიერ გამოცემული არაერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მას უარი ეთქვა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ერთსა და იმავე საკითხზე არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდებოდა, რომ 2022 წლის 7 სექტემბრის განცხადებაში ნ. ა-ის არ მიუთითებია ახალი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორი მიუთითებს, რომ იგი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 21 წელი, 3 თვე და 8 დღე, და არა 20 წელი, 6 თვე და 13 დღე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. კასატორი მიუთითებს, რომ იგი არის მარტოხელა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი. სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჯილდოები და წელთა ნამსახურობა კი იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისს ნ. ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის №3873/02-02-23/0302 წერილობითი აქტით, ნ. ა-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი - განმცხადებელს ეცნობა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ვეტერანების კატეგორიები, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ იგი მიეკუთვნებოდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას, განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის №37/ს ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ვეტერანის მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ამასთან, ნ. ა-ის განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, შესაბამისად, ყველა საბუთი (თუ იგი არ იყო შედგენილი ქართულ ენაზე) უნდა წარედგინა ქართულად ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით. ნ. ა-ის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა და განემარტა, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა მოეყვანა სამსახურის მიერ მითითებულ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში. ასევე განემარტა, რომ სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განცხადების განუხილველად დატოვებას გამოიწვევდა.
დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის №802/02-03-14/04-02 წერილით ნ. ა-ის ეცნობა, რომ ვინაიდან სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მან არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული საბუთები, სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 13 და 16 აგვისტოს მისი განცხადებები განუხილველად დატოვა. ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №3443/02-03-14/04-01 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის 2017 წლის 9 ივნისის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებას.
დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს SSVA 000017163 წერილობითი პასუხით ნ. ა-ის ეცნობა, რომ მისი 2018 წლის 14 ივნისის განცხადება სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ნ. ა-ი არ მიეკუთვნებოდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ნ. ა-იმა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბრის SSVA 00022449 წერილით ნ. ა-ის უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი არაერთხელ იყო განხილული სამსახურის მიერ და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს ნ. ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას ერთოდა წარჩინების ნიშნის ასლი და წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და მოითხოვდა ახალი სამართლებრივი საფუძვლით განცხადების განხილვას, კერძოდ, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე ნამსჯელი იყო მისთვის სამხედრო ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო ამჟამად განმცხადებელი ითხოვდა თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებას. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის SSVA 00025853 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან წარდგენილ განცხადებაში ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა შეცვლილი არ იყო, განაცხადი დარჩა განუხილველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს განუმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი საბუთების მიხედვით, ნ. ა-ის სამხედრო ძალებში ნამსახურობა ჰქონდა 5 წელი, 8 თვე და 22 დღე, რის გამოც მას სამსახურის არაერთი გადაწყვეტილებით ეთქვა უარი სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, სასამართლოს 2019 წლის 2 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის SSVA 00022449 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების ხელახლა განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ ნ. ა-ის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.
საქართველოს მოქალაქეების ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას. კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომელიც 31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №3615 კანონით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, შეიცვალა კანონის სათაური, კერძოდ, კანონს დაერქვა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე შეიცვალა ამავე კანონის მე-10 მუხლის სათაური და შინაარსი იმგვარად, რომ სამხედრო ძალების ვეტერანების ნაცვლად კანონი ამ კატეგორიის პირებს მიიჩნევს თავდაცვის ძალების ვეტერანებად. თუმცა აღნიშნული მუხლის დისპოზიცია ვეტერანის სტატუსის განსაზღვრისათვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იმავე შინაარსისაა და ჩამოთვლის იმავე კატეგორიის პირებს, როგორადაც ისინი დასახელებულნი იყვნენ 2018 წლის 31 ოქტომბრის №3615 კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნორმის როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია ადგენს, რომ ნორმაში ჩამოთვლილ პირებს უნდა ჰქონდეთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. საგულისხმოა, რომ ნ. ა-ის არაერთხელ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ხოლო მოსარჩელის მიერ 2022 წლის 7 სექტემბერს წარდგენილი განაცხადით მითითებული არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რაც მოსარჩელის განაცხადის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას შექმნიდა. საკანონმდებლო ცვლილება კი არ იძლევა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ მისაღები გადაწყვეტილების გამოცემის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე