Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1033(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 11 აგვისტოს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - მ. ბ-ეის მიმართ. მოსარჩელემ მ. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მ. ბ-ეის სახელზე რიცხული ავტომანქანისათვის (სატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი: „...“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...) ყადაღის დადება.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დადებული კონტრაქტით განისაზღვრა, რომ საკუთარი ინიციატივით ან კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნა გამოიწვევდა მის დაჯარიმებას 5000 ლარით. მ. ბ-ემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი, რაც მისი დაჯარიმების საფუძველი გახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მ. ბ-ეის (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი: „...“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., 5000 ლარის ფარგლებში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. ბ-ეის (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი: "...", საიდენტიფიკაციო ნომერი: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., ძალაში დარჩა 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით/ შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა (5000 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად, პალატამ სამართლიანად ნამსახურობის ვადის ადეკვატურად ჩათვალა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ჯარიმის სახით სადავო თანხის ოდენობა (5000 ლარი) გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში. ამდენად, სახეზეა კანონისმიერი ჯარიმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირება არ არის მართლზომიერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მ. ბ-ეისათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირების კანონიერება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 10 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ბ-ეს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1/43-ს „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი.

ასევე დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. აღნიშნული განაჩენი საფუძვლად დაედო მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტას, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 11 აპრილის №MOD92300001234 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის „...ის“ ...ის ... მ. მა.-ს ძე ბ-ე, 2023 წლის 11 აპრილიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტის №1/43-ს 6.2 პუნქტი ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, კერძოდ, „თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1., 6.1.4., 6.1.5., 6.1.6., 6.1.7., 6.1.8., 6.1.9. პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 ლარის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება“. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 10 ივნისის შეთანხმების ოქმის თანახმად, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში შევიდა ცვლილება და მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივითა და დასაბუთებული, შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფო მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა), ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა: IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ბ-ე ვადაზე ადრე იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოიშვა მისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, თანმდევად კი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (სუსგ №ბს-852(კ-21), 30.11.2021წ.).

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. აღნიშნული მუხლი ვრცელდება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მიმართ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ბ-ეის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 4 წელს, 7 თვესა და 1 დღეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით/შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა - 5 000 ლარი არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ჯარიმის თანხის, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე