საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1149(გ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის ა. ბ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 ოქტომბერს ა. ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალების - ... (სახელმწიფო სანომრე ნიშნით - ...) რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 21 ნოემბრის რეგისტრაციის ჩანაწერი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, ამავდროულად, აღდგენილ იქნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ჩანაწერი ს. დ-ეის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. დ-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, თბილისი-...ს გზატკეცილი ...-ე კმ. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანებას. აღნიშნული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო კი მდებარეობს ქალაქ თბილისში, გულუას ქ. №10-ში. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სარჩელზე განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების განხილვა უნდა მოხდეს ერთობლიობაში, თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელი ქალაქი რუსთავია, ხოლო მეორესი - ქალაქი თბილისი.
სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას რამდენიმე სასამართლოში, მაშინ მოსარჩელეს შეუძლია თვითონ აირჩიოს ასეთი სასამართლო. მოსარჩელემ, ამ შემთხვევაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ თავდაპირველი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული ქ.თბილისის ტერიტორიაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის №ბს-1069(გ-23) განჩინებაზე, რომელშიც, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი მსჯელობაა განვითარებული. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ ძირითად აქტს წარმოადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში - სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელი საპროცესო ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე. საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანების ბათილად ცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების - „...“ (სახელმწიფო სანომრე ნიშნით - ...) ა. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 21 ნოემბრის რეგისტრაციის ჩანაწერი, ასევე, აღდგენილ იქნა სატრანსპორტო საშუალების - „...“ (...) ს. დ-ეის სახელზე რეგისტრაციის ჩანაწერი. აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილებით ს. დ-ეისათვის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნიშნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 9 22 02548155 ბრძანებით კი, არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა, ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ №ბს-721-707გკ-14), 16.04.2015წ.), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად აღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნებასურვილზე, ალტერნატიულობის მიუხედავად კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ასე მაგალითად, უკეთუ ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს აქტების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში ყურადღება მახვილდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ცენტრალური ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე, სასამართლო განსჯადობის საკითხის რაციონალური გადაწყვეტის მოსაზრებები განაპირობებენ საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსადმი დაქვემდებარებას, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლო განსჯადობის საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ადგილი აქვს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად უქმდება ტერიტორიული ორგანოს აქტი და ზემდგომი ორგანო საჩივრის დაკმაყოფილების გზით გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ კმაყოფილდება და უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები და ფუნქციები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტი სააგენტოს მიზნებად ასახელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას, მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს კონტროლს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მომსახურების გაუმჯობესებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი სააგენტოს ფუნქციებად ასახელებს სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემას.
ზემოხსენებული ,,დებულების“ მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სააგენტო წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ფუნქციები განსაზღვრულია ამავე დებულების მე-7 მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არამხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, არამედ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც უფლების მზღუდავი შინაარსისაა და ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის საფუძველი. გასაჩივრებული აქტები ერთსა და იმავე სამართალურთიერთობას ეხება, სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა რგოლის ორგანოებია. ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისთვის - მისი უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო აქტით არ მიუღია ახალი, მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, არ შეუტანია რაიმე ცვლილება გასაჩივრებულ აქტში. ამდენად, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტით მხოლოდ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი აქტის მართლზომიერება და იგი არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას. ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის, ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ს. დ-ეისათვის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნიშნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს აქვს დავალებული.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა ადასტურებს განსახილველი დავის მოპასუხე ტერიტორიული ადმინისტრაციული ორგანოს მდებარეობის მიხედვით განსჯადობით დაქვემდებარების საჭიროებას. ვინაიდან, მოპასუხის - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მისამართია ქ.რუსთავი, თბილისი-...ს გზატკეცილი ...-ე კმ., საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე