საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-736(კ-23) 11 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) - გ. ბ-ი, ე. ხ-ი, ბ. ბ-ი, ფ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ბ-ი
სარჩელზე მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 აპრილს ნ. ბ-იმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საარქივო ცნობის შესაბამისად, 1986-1988 წლების მონაცემებით მის კომლს ერიცხებოდა 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი, 1989-90 წლებში 0,35 ჰა; 1997 წელს კი 1 ჰა. ტექნიკური პასპორტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად იყო 1592 კვ.მ. კომლში რეგისტრირებული იყო მოსარჩელე და მისი მამა, რომელიც გარდაიცვალა 2018 წელს.
მოსარჩელის განმარტებით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები ცდილობენ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში შეჭრას, მიუხედავად იმისა, რომ მიჯნა გავლებულია წლების წინ და მიწის ნაკვეთის ბოლოს გავლებულია მავთულბადე. 2016 წელს მხარეთა შორის არსებული დავის გამო გაუქმდა როგორც მოსარჩელის, ისე მისი მეზობლების რეგისტრაციები მიწის ნაკვეთებზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა მოსარჩელისთვის ცნობილი, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა კვლავ დაირეგისტრირეს უძრავი ქონება იმგვარად, რომ თავიანთ საკადასტრო საზღვრებში მოაქციეს მოსარჩელის კუთვნილი, შემოღობილი მიწის ნაკვეთის ნაწილი. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 24 აგვისტოს საზღვრების დადგენის მიზნით, ასევე იმის დასადგენად დარღვეული იყო თუ არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი სცდება ფაქტობრივად არსებული შენობის სამხრეთ-დასავლეთის კედელს, რომელიც კვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა გ. და შ. ბ-იების და და ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამყოფ საზღვრად. გადაცდენის ფართობი შეადგენდა 28კვ.მ, ხოლო გადაცდენა მერყეობდა 0,25+0,98 მ ფარგლებში. ასევე, მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი კონფიგურაციით არ შეესაბამებოდა მათ მიერ 1988 წელს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე დატანილ მიწის ნაკვეთს.
მოსარჩელემ, დაზუსტებული სარჩელით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №... და 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის - სადავო უძრავი ნივთის ნ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ბ-ი, ე. ხ-ი, ბ. ბ-ი და ფ. ბ-ი
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-იმა, ე. ხ-იმა, ბ. ბ-იმა და ფ. ბ-იმა. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ნ. ბ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა საკუთრების უფლება, არამედ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, როცა მოცემულ ორ მიწის ნაკვეთს შორის არ დგინდება დაზუსტებული საზღვრები, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, საარქივო მასალები, მოახდინოს ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელს გახდის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-იმა, ე. ხ-იმა, ბ. ბ-იმა და ფ. ბ-იმა.
კასატორების განმარტებით, არამართებულია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კასატორების სახელზე საკუთრების სადავო რეგისტრაციისას უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ მესამე პირების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით და უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტებთან ურთიერთშეჯერებული არ ყოფილა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრს უძრავი ქონების ამონაწერში მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტების გარდა გამოთხოვილი და შესწავლილი ჰქონდა შემდეგი დოკუმენტები: ა) შ. და გ. ბ-იების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი; ბ) ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; გ) ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, რომლის შესაბამისად შ. ბ-ის სახელზე ფიქსირდება 0.55 ჰა მიწის ნაკვეთი; გ) ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან გ. ბ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ; დ) მომიჯნავეების - გ. წ-ის, ი. ე-ისა და თ. ე-ის განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გ. ბ-ის ნაკვეთის მდებარეობა შეესაბამებოდა მის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს, ფართი - 2525 კვ.მ. ამასთან, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. ბ-იმა და ნ. ბ-იმა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს 2016 წლის 3 აგვისტოს, ვიდრე გ. ბ-ი დაირეგისტრირებდა საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.
კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ა. ბ-იის კომლის კუთვნილი 1 ჰექტრიდან უკვე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: ... - 3707.36 კვ.მ., ... - 1599.00 კვ.მ. ... - 3222.00 კვ.მ, ნ. ბ-ის სარეგისტრაციოდ დარჩენილი აღარ აქვს 0.35 ან 0.27 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან ა. ბ-იის კუთვნილ ტექნიკურ პასპორტში მიწის ფართობად მითითებულია 1592 კვ.მ., რაც მოიცავს სახლის მიმდებარე ნაკვეთსა და ბოსტანს, ამიტომ გაურკვეველია რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ გარემოება რომ ნ. ბ-ის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, სახლთან მიწა და ბოსტანი ერთად შეადგენდა 34.14 ჰა-ს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ტექნიკური პასპორტის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს ნაკვეთის საზღვრები, რამეთუ არა მხოლოდ შ. და გ. ბ-ის, არამედ ა. ბ-იის კუთვნილ მიწის ნაკვეთის ტექპასპორტში მითითებული პარამეტრები შესაბამისობაში არ არის ნაკვეთების რეალურ ადგილმდებარეობასთან.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ასევე ის გარემოება, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა მხოლოდ გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი და მასზე დაყრდნობით მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტს ნ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზსა და ტექნიკურ პასპორტზე დატანილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციების იდენტურობაზე არ უმსჯელია. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა 2019 წლის 24 ივნისის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N03/13, რომელიც არაერთი მტკიცებულების გამოკვლევის საფუძველზეა შესრულებული. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტმა დაადგინა, რომ ტექნიკური პასპორტის მონაცემებზე დაყრდნობით მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და მიჯნების განსაზღვრა არასწორი იყო. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დგინდება, რომ ...3 მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არის მართებული, ხოლო ნ. ბ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი შედგენილია ხარვეზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნ. ბ-ის კომლს 1986-1988 წლების მონაცემებით ერიცხებოდა 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი; 1989-90 წლებში 0,35 ჰა, 1997 წლისთვის 1 ჰა მიწის ნაკვეთი. ტექნიკური პასპორტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მიწა ფაქტობრივად იყო 1592 კვ.მ. კომლში რეგისტრირებული იყო მოსარჩელე - ნ. ბ-ი და მისი მამა, რომელიც გარდაიცვალა 2018 წელს.
2018 წლის 26 მარტს ნ. ბ-იმა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადი განცხადება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა №001130918 და მიუთითა, რომ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ერთოდა №... (03.08.2016) განცხადებას.
2018 წლის 30 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ...3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება და წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ბ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომლის 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ 2017 წლის 23 მარტს გ. ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთზე, მდებარე, თელავი, სოფელი ....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. ბ-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მიწის ნაკვეთი, მდებარე, თელავი, სოფელი .... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ცნობა-დახასიათება, სამკვიდრო მოწმობა და საარქივო ცნობა. მიწის ნაკვეთის ტექპასპორტის თანახმად, ნაკვეთი არის მართკუთხედი, საცხოვრებელი სახლი განთავსებულია მიჯნაზე და მოსარჩელის მხარეს არ აქვს მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რაც ცალსახად მიუთითებს უფლების კონსტიტუციურ მნიშვნელობაზე და მისი დაცვის სავალდებულოობაზე. აღნიშნული უფლების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას კი ქმნის საჯარო რეესტრი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. საჯარო რეესტრი, როგორც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განმახორციელებელი საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის უფლების არა მხოლოდ ფიქსაციის, არამედ - უფლების წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ასევე საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის №5001020418 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ნ. ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებში. ამასთან, ზედდებაში არსებული ფართობი შემოსაზღვრულია ღობით, რომელიც მოსარჩელის მფლობელობაშია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მესამე პირებზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი სცდება ფაქტობრივად არსებული შენობის სამხრეთ-დასავლეთის კედელს. გადაცდენის ფართობი შეადგენს 28კვ.მ-ს. ამავე დასკვნის მიხედვით, მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება 1988 წელს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე დატანილ მიწის ნაკვეთს.
ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2019 წლის 24 ივნისის №03/13 დასკვნა, რომლის თანახმად, სოფელ ...ს მეპატრონეების მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი კონფიგურაცია არ ემთხვევა 1988 წელს შედგენილი მიწის ნაკვეთის ტექნიკურ პასპორტში ასახულ ნახაზებს. ყველა ნახაზში მიწის ნაკვეთების ფორმა მართკუთხა არის. საკომლო წიგნის ჩანაწერებით, ე.წ. ყვითელი ხაზების რუკის მიხედვით და ასევე ადგილზე ჩატარებული კვლევით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ოთხი მიწის ნაკვეთი. აზომვითი ნახაზების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ნ. ბ-ის მიწის ნაკვეთთან ფიქსირდება ფართის ზედდება დაახლოებით 28 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საჯარო რეესტრში მესამე პირების - გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ისა და ფ. ბ-ის სახელზე საკუთრების სადავო რეგისტრაციისას უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები დადგინდა მხოლოდ მესამე პირების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით და უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებული არ ყოფილა. ფიზიკური პირები ვერ ასაბუთებენ მათი (შესაბამისად - დასარეგისტრირებელი/რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთების მდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტებთან შესაბამისობას. რეგისტრირებული მონაცემების სისწორე, ფაქტობრივად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შესაბამისობა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან ასევე ვერ დაადასტურა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უძრავ ნივთზე რეგისტრაციაზე უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა უფლების რეგისტრაციის გამო. რამდენადაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტი რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობაზე, რაც წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის აღურიცხაობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მაშინ როცა სადავო არის არის საკუთრების უფლება და სადავოა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და ფაქტობრივი გარემოებები, როცა მომიჯნავე ორ მიწის ნაკვეთს შორის არ დგინდება დაზუსტებული საზღვრები და წარმოიშვა ზედდება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია და საარქივო მასალები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ქ. ი-იის მიერ 30.06.2023წ №17659787842 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. ი-ის (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის, ე. ხ-ის, ბ. ბ-ის და ფ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება;
3. ქ. ი-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2023წ №17659787842 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე