Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-911(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. გ-ი

მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 1 ივნისს ი. გ-იმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ი. გ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.38221199 განკარგულების ბათილად ცნობა და კომისიისთვის ი. გ-ის სარგებლობაში არსებულ 1312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის მიხედვით, ი. გ-იმა 2020 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც იმავე წლის 30 ნოემბერს განცხადება გადაუგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს ქუჩის მ/ტ. მიწის ნაკვეთის ფართობი - 1312 კვ.მ, განაშენიანების ფართი (დანგრეული) – 129 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარება, რის დასადასტურებლადაც მან კომისიას წარუდგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილი იყო დანგრეული შენობა განაშენიანების ფართობის მითითებით და ორი მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ სადავო მიწის ნაკვეთის 1996 წლიდან ი. გ-ის მიერ ფლობის/სარგებლობის ფაქტს.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, კომისიამ 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.38221199 განკარგულებით მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე და აღნიშნა, რომ maps.gov.ge-ს მონაცემებით არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ნაკვეთი წარდგენილი კონფიგურაციით არ იყო შემოღობილი და დამუშავებული, ასევე არ იკვეთებოდა საზღვრების მიჯნა. ამასთან, კომისიამ აღნიშნა, რომ 2022 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების აქტით იკვეთებოდა, რომ ლითონის ბადით შემოღობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთის მხოლოდ 50 კვ.მ-მდე და შემოღობილ ნაწილში იდგა მრავალწლიანი ნარგავები, თუმცა შენობის კვალი არ ფიქსირდებოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩართულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-38.38221199 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებისას, 2000 წლის ორთოფოტოს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის 2022 წლის 26 აგვისტოს №5005835122 ექსპერტიზის დასკვნით მსჯელობა და ხელმძღვანელობა და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

2023 წლის 21 მარტს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 აგვისტოს №005883422 დასკვნის მომზადებისათვის მის მიერ გადახდილი 201 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით მოსარჩელე ი. გ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. გარდა ამისა, მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით ი. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ი. გ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე; ი. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 აგვისტოს №005883422 დასკვნის მომზადებისას გადახდილი 200 (ორასი) ლარი ი. გ-ის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.38221199 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ სალეგალიზაციო ობიექტში 2006-2007 წლამდე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე 2006-2007 წლების საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ გვერდის maps.gov.ge მონაცემებით, სალეგალიზაციო ობიექტზე არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი წარმოდგენილი კონფიგურაციით (არ იყო შემოღობილი, დამუშავებული, არ იყო დადგენილი (არ იკვეთებოდა) საზღვრების მიჯნა და ა.შ).

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 აგვისტოს №005883422 დასკვნაზე, რომლის თანახმად, საკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში შენობა №1-ის ძირითადი ნაწილი დანგრეული იყო და დარჩენილი იყო მხოლოდ მისი საძირკვლის ფრაგმენტი. ამასთან, ექსპერტის მიერ მოხდა ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის შედარება 2000 წლის ორთოფოტოსთან, რის შედეგად დადგინდა, რომ 2000 წლის ორთოფოტოზე შპს „მ...“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში ფიქსირდებოდა შენობა. ამდენად, განიმარტა, რომ ქალაქ რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული საკადასტრო-აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში შენობა №1-ის ძირითადი ნაწილი დღეის მდგომარეობით იყო დანგრეული და დარჩენილი იყო მხოლოდ მისი საძირკველის ფრაგმენტი, აღნიშნული შენობა (დანგრევამდე) კი, ფიქსირდებოდა 2000 წლის ორთოფოტოზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მართალია ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს. გასაჩივრებულ აქტში მითითებული არგუმენტაციის საპირისპიროდ, პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების პირობებში უნდა მოეხდინა კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია სწორი ადმინისტრირების ფარგლებში საქმეზე კანონისმიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის გზით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დართული ფოტოსურათები და ორთოფოტოები იძლეოდა სადავო საკითხის გადაწყვეტის მაკვალიფიცირებელი გარემოების - დანგრეული შენობის მდებარეობის ზუსტი ლოკაციის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყოველგვარი დამატებითი რესურსების და ღონისძიებების განხორციელების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ თვალთახედვის პირობებშიც კი, ადგილზე დათვალიერებით, რამდენადაც ფიქსირდებოდა როგორც დანგრეული შენობა და საძირკველი, ისე ნარგავები მსხმოიარე მდგომარეობაში და მიწის ნაკვეთზე ასახული მოცემულობა შეესაბამებოდა მისი ყოველდღიური აქტიური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ მდგომარეობას, კერძოდ, მიწის ნაკვეთით დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოში ზეპირი მოსმენისას სხვა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ჰქონდა წარმოდგენილი და სხვა ნახაზის საფუძველზე მიიღო სადავო განკარგულება, ხოლო ექსპერტთან წარადგინა სულ სხვა ნახაზი, შესაბამისად, დასკვნა დაფუძნებული იყო საკადასტრო ნახაზზე, რომელზედ არ უმსჯელია ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი მტკიცებულებებიდან მან უპირატესობა მიანიჭა ორთოფოტოებს და დაადგინა, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე შენობა არ იყო განთავსებული, ხოლო მოწმეთა ჩვენებები მიწის ნაკვეთზე 1996 წლიდან შენობის განთავსების თაობაზე, არ მიიღო სარწმუნოდ.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სწორედ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა გამოკითხვის სავალდებულოობით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითი გარემოებების დადგენა, რაც კომისიის შეფასებით მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება. გარდა ამისა, კასატორმა ხაზი გაუსვა სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით (ან მისი ნანგრევებით) ხომ არ იყო დაკავებული, აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ზეპირ მოსმენაზე მან გამოიკვლია ზემოაღნიშნული გარემოება და მოსარჩელე მიუთითებდა იმ კოტეჯზე, რომელიც ჩანდა 2000 წლის ორთოფოტოზე, თუმცა სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის საზღვრებში არ იყო მოქცეული.

კომისია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაება ადვოკატი, სხვა ნახაზი იქნა წარდგენილი ექსპერტთან და შესაბამისად სასამართლომაც იმსჯელა სხვა ნახაზით, რომელშიც იყო იგივე კვადრატულობა, თუმცა შეცვლილი კოორდინატები, სადაც გაჩნდა კოტეჯის ნანგრევი, რომელზე მოთხოვნაც მხარეს ზეპირ მოსმენაზე არ დაუყენებია, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო არ და ვერ იმსჯელებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე (ნანგრევზე), ვინაიდან დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა მასზე მოთხოვნა.

კომისია მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კერძოდ მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-38.38221199 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებისას, 2000 წლის ორთოფოტოს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის 2022 წლის 26 აგვისტოს №5005835122 ექსპერტიზის დასკვნით მსჯელობა და ხელმძღვანელობა და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ხოლო მოსარჩელეს - ი. გ-ის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ი. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.38221199 განკარგულების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად კერძოდ ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტებად ასახელებს ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტს, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტს, გადახდის ქვითარს ან/და სხვა დოკუმენტს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.38221199 განკარგულებით ი. გ-ის უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო განკარგულების თანახმად, 2022 წლის 20 აპრილის სხდომაზე წარდგენილი მასალების განხილვისას, დადგენილ იქნა, რომ 2006-2007 წლების საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ გვერდის - maps.gov.ge-ს მონაცემებით, სალეგალიზაციო ობიექტზე არ დასტურდებოდა ფლობა-სარგებლობის ფაქტი წარმოდგენილი კონფიგურაციით (მითითებულ იქნა რომ არ იყო შემოღობილი, დამუშავებული, არ იყო დადგენილი (არ იკვეთებოდა) საზღვრების მიჯნა და ა.შ.). 2022 წლის 15 აპრილის ადგილის დათვალიერების აქტით კი კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნილ ობიექტზე ლითონის ბადით შემოღობილი იყო მხოლოდ 50 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი. შეღობილ ნაწილში იდგა მრავალწლიანი ნარგავები, განთავსებული იყო ბეტონის ფილა და ხის პალეტები (პადონები), შენობის არსებობის კვალი არ ფიქსირდებოდა. აღნიშნული გარემოება კი კომისიის მითითებით, ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 აგვისტოს №005883422 დასკვნაზე, რომლის შესწავლის საგანს წარმოადგენდა ს/კ ... მიწის ნაკვეთზე (1312 კვ.მ) როგორც დღეის მდგომარეობით აშენებული, მშენებარე ან დანგრეული მდგომარეობით შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხის გამოკვლევა, ასევე ამავე მიწის ნაკვეთზე ორთოფოტოების მეშვეობით, 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობის დადასტურება. ამასთან, ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილ იქნა 2022 წლის 11 აგვისტოს შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ქალაქ რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული 1312 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. დასახელებული დასკვნის მიხედვით, საკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში შენობა №1-ის ძირითადი ნაწილი დანგრეულ იქნა და დარჩენილი იყო მხოლოდ მისი საძირკვლის ფრაგმენტი.

ასევე დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ მოხდა ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის შედარება 2000 წლის ორთოფოტოსთან, რის შედეგად დადგინდა, რომ 2000 წლის ორთოფოტოზე შპს „მ...“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში ფიქსირდებოდა შენობა. ამდენად, ქალაქ რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, შ.პ.ს „მ...“-ის მიერ მომზადებული საკადასტრო-აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში შენობა №1-ის ძირითადი ნაწილი დასკვნის მიღების მომენტისთვის იყო დანგრეული და დარჩენილი იყო მხოლოდ მისი საძირკვლის ფრაგმენტი, აღნიშნული შენობა (დანგრევამდე) ფიქსირდებოდა 2000 წლის ორთოფოტოზე.

დადგენილია, რომ საქმის მასალებში არსებული მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, გეგმის შედგენის პერიოდისათვის არსებული სიტუაციის შესაბამისად, ჩანდა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მიმდებარედ ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის შენობა-ნაგებობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევა და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეზე დართული ფოტოსურათები და ორთოფოტოები იძლეოდა დანგრეული შენობის მდებარეობის ზუსტი ლოკაციის გამოკვეთის შესაძლებლობას ადგილზე დათვალიერების პირობებში, რამდენადაც ფიქსირდებოდა როგორც დანგრეული შენობა და საძირკველი, ისე ნარგავები და მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობა მეტყველებდა მიწის ნაკვეთით დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობაზე.

ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება ერთი მხრივ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე (მიწის ნაკვეთზე 2 შენობის მდებარეობის და ხანძრის შედეგად დანგრევის თაობაზე) და დანგრეულ შენობებს შორის განსხვავების მხოლოდ ადგილმდებარეობაში არსებობაზე, ხოლო მეორე მხრივ მისი მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილი და მხარის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოების პირობებში, ადგილზე დათვალიერებისას შესაძლებელი იყო ზუსტი მოცემულობის დადგენა, ხოლო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოწმეთა ჩვენებების პირობებში, დადგენას ექვემდებარებოდა საკითხი მიწის ნაკვეთის ფლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე განმარტებულ იქნა, რომ სადავო ადგილზე 90-იან წლებამდე განთავსებული იყო კოტეჯები, რომლებიც მოსახლეობისათვის სახელმწიფოს ჰქონდა გადაცემული. მოსარჩელე ერთ-ერთ ასეთ ორსართულიან კოტეჯში დროებით შესახლებული იყო 1996 წლიდან, რომელიც 2003 წელს დაიწვა, რის შემდეგაც ოჯახი გადაიყვანეს სხვა შენობაში, რომელიც სამხედრო ნაწილის იყო და მოგვიანებით გადაეცა საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ გარემოების თაობაზე მოსარჩელის მიერ განმარტება გაკეთებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების სხდომაზეც, თუმცა კომისიას არ გამოუკვლევია და უმსჯელია იმ გარემოებაზე, სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით ან მისი ნანგრევით დაკავებული. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასევე უნდა შეფასდეს კანონთან შესაბამისობაში მყოფი, ახალი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული, ხელახალი წარმოების ფარგლებში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დეტალური გამოკვლევისას (მათ შორის გულისხმობს, 2000 წლის ორთოფოტოს და 2022 წლის 26 აგვისტოს №5005835122 ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებას, ხელახალი ადგილზე დათვალიერებას და სხვ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. შონია