Facebook Twitter

ბს-453(კ-22) 05 თებერვალი 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-ემ 14.01.2019წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩუარის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის 12.12.2018წ. №... გადაწყვეტილებისა და ყველა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით ... და ... დარეგისტრირდა შპს „ჯ...ს“ საკუთრების უფლება. სასარჩელო მოთხოვნების რამდენჯერმე დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ 16.03.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის 12.12.2018წ. №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 24.01.2019წ. №... გადაწყვეტილების, შპს „ჯ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 08.08.2017წ. №... და 11.08.2017წ. №... გადაწყვეტილებების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაცის შესახებ 15.11.2011წ. №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 6500კვ.მ. მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან ამორიცხვა. მოსარჩელემ დავის არსის მოკლე მიმოხილვაში აგრეთვე მიუთითა, რომ ითხოვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.06.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და შპს „ჯ...“.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 17.05.2021წ. გადაწყვეტილებით ე. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.12.2018წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და მისი თანმდევი 24.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.11.2011წ. №... გადაწყვეტილება და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 6500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამორიცხული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა ე. გ-ეის განცხადებაზე მის მიერ მოთხოვნილი 6500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (გარდა შპს „ჯ...ს“ სახელზე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთებიდან 140 კვ.მ. და 51 კვ.მ. ზედდებისა) ე. გ-ეის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. გ-ეის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2021წ. განჩინებით ე. გ-ეის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენს ე. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. სადავო ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციამდე სახელმწიფო მიწის რეფორმის ფარგლებში განკარგული იქნა ე. გ-ეის დედაზე - ეთ. გ-ეზე, კერძოდ დავის საგანს მიკუთვნებული ნაკვეთი გამოყოფილი იქნა ხულოს რაიონის სოფ. ...ის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს 26.05.1998წ. №4 კრების ოქმით და იმავე წლის 30 მაისის მიზომვის აქტით გადაეცა მოსარჩელის ე. გ-ეის აწ. გარდაცვლილი დედის - ეთ. გ-ეის კომლს, ამასთანავე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადასტურებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამდენად, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს მიერ მის განკარგვად, ვინაიდან მესაკუთრე სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ჯერ კიდევ 1998 წელს იქნა განკარგული ე. გ-ეის კომლზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შეფასებულ უნდა იქნას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემის დროს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლება და ინტერესი. ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შესახებ. სასკ-ის 32.4 მუხლიდან გამომდინარე თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში მდებარე 691 695 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის 21.10.2011წ. №2044 განკარგულების საფუძველზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 07.11.2011წ. გაფორმდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია არა ერთი გაყოფისა და გაერთიანების რეგისტრაცია). მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის საფუძვლები შედავებული არ ყოფილა და დღემდე ძალაშია. ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობა, ისეთ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი მოსარჩელის მიერ არ არის შედავებული, გამორიცხავს ჩანაწერის ბათილობას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ...ზე“ გადაცემული მიწის ნაკვეთების ნაწილები - 51 კვ.მ. და 140 კვ.მ. წარმოადგენს იმ ნაკვეთის ნაწილს, რომელზეც მოსარჩელე ითხოვს უფლების რეგისტრაციას. შპს „ჯ...ს“ საკუთრების რეგისტრაციის გამო სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 6500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამოირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან და საჯარო რეესტრს დაევალა ე. გ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მისთვის გადაცემული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრის დავალდებულების ნაწილში, ბოლო დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაციის საჯარო რეესტრისთვის დავალება არ მოუთხოვია.

კასატორმა მიუთითა, რომ „...ის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კურორტ „...ის“ დასაგეგმარებელი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.05.2014წ. №33 განკარგულების შესაბამისად სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დამტკიცებული გრგ-ს შესაბამისად მიწის ნაკვეთი არის სარეკრეაციო და სატრანსპორტო ზონა, ტერიტორიის ნაწილი არის სათხილამურო ტრასა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტრო უზრუნველყოფს კერძო ინტერესების დაცვას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 18.10.2016წ. №189 განკარგულებით დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად იმ პირებზე, რომლებსაც დასახლებაში საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნიათ უძრავი ნივთი, კომპენსაცია გაიცემა საბაზრო ფასის 100%-ის ოდენობით. დასახლებაში უძრავი ნივთის მესაკუთრეებსა და მართლზომიერ მფლობელებზე ასევე გაიცემა კომპენსაცია იმ უძრავი ნივთის საბაზრო ფასის 100%-ის ოდენობით, რომელიც დაკავებული აქვთ თვითნებურად, საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არაუმეტეს საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართისა. დასახლებაში უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელები მიიღებენ კომპენსაციას უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 60%-ის ოდენობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 17.11.2016წ. №01-3/384 ბრძანების საფუძველზე მითითებული პროგრამის ფარგლებში კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და კომპენსაციის გაცემის ან/და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. განკარგულებით დადგენილი წესითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გამოსყიდულია მიწის ნაკვეთების დაახლოებით 95%. აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ ინფორმირებულია მოსარჩელე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუსგ 28.10.2019წ. №ბს-504-501(კ-17), 28.06.2021წ. №ბს-535(კ-20)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ხულოს რაიონის სოფ. ...ის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს 26.05.1998წ. №4 კრების ოქმით მოსარჩელის ე. გ-ეის დედის - ეთ. გ-ეის ოჯახს გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი მიწის ნაკვეთი, სახელდობრ „...ს“ ტერიტორიაზე 0,65 ჰა ფართობის ოდენობით. აღნიშნული ნაკვეთი 30.05.1998წ. მიზომვის აქტით გადაეცა ეთ. გ-ეის კომლს, რომლის შემადგენლობაში ირიცხება აგრეთვე მოსარჩელე მხარე. ე. გ-ემ 26.04.2018წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო წარმოებისას განცხადებაზე თანდართულ და ... (მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა), ... (მესაკუთრე შპს „ჯ...“) და ... (მესაკუთრე შპს „ჯ...“) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდების არსებობა. მხარეთა შორის დავის მოგვარების მიზნით დაინიშნა სანოტარო მედიაცია, რომელიც შეწყდა სანოტარო ბიუროში მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. საბოლოოდ 12.12.2018წ. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ე. გ-ეის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. ამდენად, მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას სხვა პირთა, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა სახელმწიფოს მიერ მის განკარგვად არ უნდა იქნეს მიჩნეული (სუსგ 28.06.2021წ. №ბს-535(კ-20), შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემით მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა და არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით ეთ. გ-ეის ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო 1998 წელს, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნეოდა, ხოლო სადავო უძრავ ნივთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება წარმოიშვა მხოლოდ 2011 წელს, შესაბამისად კასატორის მითითება ავტონომიური რესპუბლიკის უფლების წარმომშობი დოკუმენტების ძალაში ყოფნის ფაქტზე დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას არ ადასტურებს. კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრს დაევალა მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებები შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებთან ზედდების ნაწილში (51კვ.მ. და 140კვ.მ. ოდენობით) დარჩა ძალაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ, საჯარო რეესტრს არ დავალებია მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მარეგისტრირებელ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ე. გ-ეის განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, ამასთანავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრს აქტის გამოცემა დაევალა ე. გ-ეის მიერ მოთხოვნილ 6500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, გარდა შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთების ნაწილისა, რომლებთანაც დადგინდა ზედდების არსებობა 51კვ.მ. და 140კვ.მ. ოდენობით. საჯარო რეესტრის 27.10.2021წ. სიტუაციური ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილი 6500კვ.მ. მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი - 6309კვ.მ. ზედდებაში იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (ტ. 4, ს.ფ. 203). მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პროცესუალური შესაძლებლობა გულისხმობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების მიზნით ხელახლა განსახილველად საკითხის ადმინისტრაციული ორგანოში დაბრუნებას, შესაბამისად კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის დაევალა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიუხედავად ასეთი მოთხოვნის არარსებობისა, არარელევანტურია.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ხულოს მუნიციპალიტეტის 30.05.2014წ. №33 განკარგულებით დატმკიცებული კურორტ „...ის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა და სადავო ნაკვეთის ამ გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარეობის ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლი ახდენს ისეთი შემთხვევების დიფერენცირებას, რომელიც გამორიცხავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, ამასთანავე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინების საჭიროება დადგენილია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას (51.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს ის გარემოება, რომ ე. გ-ემ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ამასთანავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული იქნა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან დაკავშირებული გარემოება, კერძოდ ...ის ადმინისტრაციულ თემში ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 10.07.2018წ. №20 ბრძანებით დადგინდა კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს 26.05.1998წ. №4 ოქმით ე. გ-ეის ოჯახზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის („...ს“ ტერიტორიაზე მდებარე 0,65ჰა სათიბის) და საჯარო რეესტრში წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მითითებული ბრძანება არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარების რაიმე დამაბრკოლებელ გარემოებაზე მითითებას. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის მონაცემების სხვა პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო. იმ შემთხვევაში თუ მარეგისტირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, უნდა მიუთითოს შესაბამის ფაქტობრივ გარემობებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 18.10.2016წ. №189 განკარგულებით დამტკიცებულ „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...იზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე“. მართალია, მითითებული პროგრამა ადგენს კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას იმ პირებზე, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, თუმცა აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემისთვის სავალდებულოა ამ პირთა თანხმობა (ტ. 2, ს.ფ. 61-68). განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელესთან პროგრამით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის უფლების გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და მის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, შესაბამისად კასატორი ვერ ასაბუთებს ამ საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობას. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე