ბს-493 (2კ-23) 20 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (მოპასუხე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2022წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. გ-ემ 21.01.2021წ. სარჩელით, ხოლო 18.02.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მ. გ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N MIA 8 20 00819913 ბრძანების ბათილად ცნობა, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N MIA 9 20 01807808 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. გ-ეის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ...ი განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან, მ. გ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, მ. გ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ... განყოფილებაში ...ად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ზრდიდა ძიძა. ვინაიდან ძიძა მათთან მისვლას და ბავშვის დატოვებას ვერ ახერხებდა პანდემიის გამო, მ. გ-ემ 15.03.2020წ. უშუალო ხელმძღვანელს - შ. გ-ეს სთხოვა სამსახურიდან ერთი დღით 2020 წლის 16 მარტისათვის განთავისუფლება. უშუალო ხელმძღვანელს უთხრა, რომ ბავშვი ან ქობულეთში უნდა წაეყვანა ოჯახის წევრებთან ან ისინი ქ. თბილისში დაიტოვებდნენ ბავშვს, რისთვისაც სჭირდებოდა ორშაბათი დღის (16 მარტი) გათავისუფლება სამსახურიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 17.03.2020წ. სამსახურში მისულს მას განუცხადეს, რომ აკადემიის რექტორის მოსაზრებით მას უნდა დაეწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ, რადგან დატოვა ქალაქი და წავიდა ქობულეთში. მას მისცეს შვებულების გამოყენების უფლება, ხოლო შვებულების ამოწურვისთანავე მოსთხოვეს სამსახურიდან წასვლის თაობაზე პატაკის დაწერა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის ორშაბათ დღეს ოფიციალურად იყო განთავისუფლებული უშუალო ხელმძღვანელისგან, თუმცა აღნიშნული ფაქტით არავინ არ დაინტერესებულა, ასევე უცნობია თუ რის საფუძველზე არ უნდა დაეტოვებინა ქალაქი, რადგან აღნიშნული პერიოდისათვის ქალაქის დატოვებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა და მითითება არ არსებობდა. მოსარჩელე თვლის, რომ იგი აიძულეს წასულიყო სამსახურიდან, აკადემიას არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია რამდენად შეესაბამებოდა მისი განცხადება ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს, ამასთან, მოსარჩელე ისე გათავისუფლდა სამსახურიდან, რომ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობრივი სარგო აკადემიაში მუშაობის პერიოდში შეადგენდა 1150 ლარს, ხოლო სპეციალური დანამატი - 135 ლარს. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე 2020 წლის 1 ივლისიდან თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეიცვალა და შეადგენს 1300 ლარს. "შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 1-ლი მუხლის მე-31 პუნქტზე და ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 48-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.06.2021წ. სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2021წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N MIA 8 20 00819913 ბრძანება მ. გ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N MIA 9 20 01807808 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. გ-ეს გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ...ი განყოფილების ...ის თანამდებობა, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, 04.04.2020წ. მ. გ-ემ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორს მიმართა პატაკით და ითხოვა 2020 წლის 4 აპრილიდან კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული პატაკის საფუძველზე სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N MIA 8 20 00819913 ბრძანებით სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ...ი მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 4 აპრილიდან, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N MIA 9 20 01807808 ბრძანებით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 5 აგვისტოდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაითხოვა მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პატაკი. კადრების განკარგულებაში მ. გ-ეის ყოფნის პერიოდში, უშუალო ხელმძღვანელი ან/და გათავისუფლებაზე ბრძანების მიმღები ვალდებული იყო გამოერკვია წლების განმავლობაში უწყებაში მომუშავე მოხელის სამსახურიდან წასვლის მიზეზი. სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ რექტორის დავალებით, მ. გ-ეის უშუალო ხელმძღვანელმა მას მიუთითა სხვა სამსახურის მოძებნისა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანია საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, რომელსაც უნდა შეესწავლა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში არსებული, მ. გ-ეის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება უნდა მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემამდე უნდა გამოერკვია ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულებას, რამაც გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დღითიდღე კლებულობდა სამუშაო ადგილები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა მ. გ-ეის მიერ შესაბამისი მოთხოვნით წარდგენილი პატაკის საფუძველზე, თუმცა არ გამოუკვლევია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ნების გამოვლენის ნამდვილობა. შესაბამისი წარმოების ჩატარებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების მიმართ მოპასუხე მხარეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნდა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ რატომ გადაწყვიტა მ. გ-ემ, მცირეწლოვანი შვილის დედამ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერა შვებულების ამოწურვისთანავე, პანდემიისა და სამუშაო ადგილების დეფიციტის ფონზე, აღნიშნული წარმოადგენდა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით. მ. გ-ეის განმარტებით, პატაკის დაწერის საფუძველი გახდა რექტორის მითითება მოეძებნა სხვა სამსახური და წასულიყო დასაქმების ადგილიდან, რაც მოსარჩელის სურვილს არ წარმოადგენდა. აღნიშნული ფაქტი იკვეთება მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს - შ. გ-ეს შორის მიმოწერით, რომლის ამონაწერიც ერთვის საქმეს (ს.ფ. 405-407). სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. გ-ე სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში დასაქმებული იყო 2015 წლიდან, ამ ხნის მანძილზე მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სახის სახდელი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პატაკის ნამდვილობასთან ერთად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა მ. გ-ეის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობა და ქალაქიდან გასვლა რამდენად წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, ასევე შეფასებას საჭიროებდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, ხარისხი და მხარის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიების - სამსახურიდან დათხოვნის პროპორციულობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2022წ. განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N MIA 8 20 00819913 ბრძანებით სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ...ი მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 4 აპრილიდან, საფუძვლად მიეთითა მ. გ-ეის 04.04.2020წ. №815011 პატაკი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N MIA 9 20 01807808 ბრძანების თანახმად კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ყოფილი ...ი მ. გ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 5 აგვისტოდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ამავე წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას (წესის 35.1 მუხ.). სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილი ან თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (წესის 35.2 მუხლის "დ" ქვ.პ.). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. გ-ეის სამსახურიდან დათხოვნისას არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, მის მიერ წარდგენილი პატაკი. კადრების განკარგულებაში მ. გ-ეის ყოფნის პერიოდში, უშუალო ხელმძღვანელი ან/და გათავისუფლებაზე ბრძანების მიმღები ვალდებული იყო გამოერკვია წლების განმავლობაში უწყებაში მომუშავე მოხელის სამსახურიდან წასვლის მიზეზი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე აქტის გამოცემის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წესებს განსაზღვრავს ამავე კანონის 109-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, მ. გ-ეის მიერ პატაკით მიმართვის ფაქტი ვერ ჩაითვლება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უპირობოდ გამოცემის ერთადერთ საფუძვლად, რადგან მოსარჩელის განცხადება სზაკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ავტომატურად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არ განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. გ-ე იმავე დღიდან გაათავისუფლა თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განყოფილებაში, როდესაც მან პატაკით მიმართა უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. გ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის არ დაიცვა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საჯარო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომ გამოირიცხოს საჯარო მოსამსახურეთა ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ის, რომ მ. გ-ემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი მცირეწლოვანი შვილის დედამ დაწერა შვებულების ამოწურვისთანავე, პანდემიისა და სამუშაო ადგილების დეფიციტის ფონზე, რაც ქმნიდა მისი ნამდვილი ნების დადგენის საჭიროებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა მ. გ-ეის განმარტებაზე, რომლის თანახმად პატაკის დაწერის საფუძველი გახდა რექტორის მითითება იმის თაობაზე, რომ მ. გ-ეს მოეძებნა სხვა სამსახური და წასულიყო დასაქმების ადგილიდან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული ფაქტი იკვეთებოდა ასევე მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის მიმოწერით, რომლის ამონაწერიც ერთვის საქმეს.
რაც შეეხება მ. გ-ეის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის და ქალაქიდან გასვლის ფაქტს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტების გამოცემის საფუძველს მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა. ამასთან, მ. გ-ე სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში დასაქმებული იყო 2015 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სახის სახდელი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს პატაკის ნამდვილობის საკითხთან ერთად ასევე უნდა შეეფასებინა მ. გ-ეის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობა და ქალაქიდან გასვლა რამდენად წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, ასევე შეფასებას საჭიროებდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, ხარისხი და მხარის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიების - სამსახურიდან დათხოვნის პროპორციულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მ. გ-ე შვებულებაში იმყოფებოდა 2020 წლის 17 მარტიდან 4 აპრილამდე. შვებულების ვადის გასვლის შემდგომ, 4 აპრილიდან მ. გ-ემ პირადი პატაკით ითხოვა მისი კადრების განკარგულებაში აყვანა, რაც დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე 6 აპრილს გამოიცა ბრძანება. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო მოსარჩელე 2020 წლის 5 აგვისტოდან დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. კასატორის მოსაზრებით ყველაფერი განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მოსარჩელის მითითებით მის მიმართ განხორციელდა იძულება. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეს იძულების ფაქტის განხორციელების შესახებ მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებით სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო მას 2020 წლის 17 მარტს მოსთხოვეს სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერა, თუმცა მას არ დაუწერია სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი, არამედ გავიდა შვებულებაში 17 მარტიდან. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელეს დარღვეული უფლებების შესახებ შეეძლო უფლებამოსილი ორგანოსათვის მიემართა შვებულების აღებამდე, შვებულების დროს ან თუნდაც კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნული ბადებს ეჭვს მის მიმართ იძულების ფაქტის ნამდვილად არსებობის თაობაზე. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეესწავლა მ. გ-ეის საჩივარში მითითებული გარემოებები. კასატორმა მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულებაზე და აღნიშნა, რომ აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამდენად, აკადემიას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობიდან მოხელეთა გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა მის გადაწყვეტილებაში ჩარევის ვალდებულება. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის მის მიმართ ძალადობის განხორციელების თაობაზე, მან გენერალურ ინსპექციას მიმართა 04.09.2020წ. ანუ მაშინ, როდესაც სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება უკვე გამოცემული იყო.
კასატომა მიუთითა, რომ მ. გ-ე არ დაემორჩილა აკადემიის რექტორის 08.01.2014წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 6.2 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წერილობითი პატაკით მოახსენოს კურატორ პრორექტორს არგამოცხადების პერიოდი, მიზეზები და შესაბამისი აუცილებლობა. მ. გ-ემ იცოდა, რომ ქალაქგარეთ გასვლისას უნდა დაეწერა პატაკი და აეხსნა ამის მიზეზი. მ. გ-ემ გამოავლინა გულგრილი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ, არ გაითვალისწინა კანონით დადგენილი მოთხოვნები, ხელმძღვანელის მითითება და პრიორიტეტად არ ჩათვალა მისი მოვალეობების განხორციელება. მოსარჩელის მიერ დარღვეულია სადავო ბრძანებების გასაჩივრების ერთთვიანი ვადები. კასატორი უზენაესი სასამართლოს 13.12.2018წ. Nბს-708-708(კ-18) განჩინებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ფორმალურად არ არის მიბმული მხოლოდ აღნიშნული ბრძანების ადრესატისათვის ჩაბარებისა და გაცნობის საკითხზე. ყურადღება არ უნდა გამახვილდეს მხოლოდ ოფიციალურ გაცნობაზე მაშინ, როდესაც პირს უნდა სცოდნოდა ამ აქტის არსებობის შესახებ. კასატორმა მიუთითა, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საინფორმაციო წერილი მოსარჩელეს 16.11.2020წ. გაუგზავნა, ასევე, ამავე თარიღში გაეგზავნა მ. გ-ეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი, კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება. კასატორმა მიუთითა, რომ მ. გ-ემ 16 ნოემბერს იცოდა დათხოვნის შესახებ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე, თუმცა სარჩელი ერთი თვის ვადის გაშვებით წარადგინა. ამდენად, მ. გ-ემ გაუშვა როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სარჩელის შეტანის ვადა, რაც სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში და არ დაასაბუთა სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობების არსებობა.
კასატორმა - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ აღნიშნა, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან უარი თქვას შრომაზე. განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულმა თავად ითხოვა შვებულება გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად, შვებულებით ისარგებლა 18 კალენდარული დღე, რაც გონივრული განსჯის შედეგად სავსებით საკმარისია თავისუფალი ნების გამოვლენისათვის. მოსარჩელემ ქობულეთის ერთ-ერთი განყოფილებიდან აკადემიას გადმოუგზავნა პატაკი კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. მოსარჩელე კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა 4 თვის განმავლობაში. მას ამ პერიოდის მანძილზე არ მიუმართავს და არ უცნობებია აკადემიის რექტორისათვის ან ზემდგომისათვის იმის შესახებ, რომ კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე მის მიერ დაწერილ პატაკში გამოვლენილი არ იყო მისი ნამდვილი ნება. არსებული მოცემულობა მოსარჩელესთან მიმართებით არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დასაქმებულის ნების ნამდვილობის შემოწმების საფუძველს. ამდენად, უმართებულოა სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მ. გ-ემ პატაკი 04.04.2020წ. დაწერა და ამავე თარიღიდან ითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო პატაკის იძულებით დაწერის თაობაზე არც აკადემიისათვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ უცნობებია 2020 წლის 28 სექტემბრამდე.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია აგრეთვე, რომ მ. გ-ემ უხეშად დაარღვია აკადემიის რექტორის 08.01.2014წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 6.2 მუხლის მოთხოვნა. მ. გ-ემ ასევე დაარღვია აკადემიის ხელმძღვანელის მითითება სამუშაო დღეებში ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ, რომელიც განპირობებული იყო კორონა ვირუსით გამოწვეული ფორს-მაჟორული გარემოებებით. კასატორმა შს მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული "შსს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე" მითითებით აღნიშნა, რომ შინაგანაწესის დარღვევა წარმოადგენს შრომის დისციპლინის დარღვევას, რომელიც ითვლება დისციპლინურ გადაცდომად, თუმცა მასზე რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აკადემიის რექტორს მხოლოდ კომპეტენციის ფარგლებში. სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება არ წარმოადგენს რექტორის ცალსახა უფლებამოსილებას, ამიტომაც რექტორის პოზიცია "მოსარჩელეს მოეძებნა სხვა სამსახური" ვერ იქნებოდა რეალური საფრთხის მატარებელი და ეს უნდა სცოდნოდა მოსარჩელეს. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა გენერალური ინსპექციისათვის, რომელსაც ვინმეს პასუხისმგებლობის საფუძველი არ გამოუკვეთავს.
კასატორი აღნიშნავს, რომ 06.04.2020წ. ბრძანება აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მოსამსახურის მიერ მოსარჩელეს გაეგზავნა ელ. ფოსტაზე. აღნიშნული ფოსტის უკან დაბრუნების შეტყობინება გამგზავს არ მიუღია, თუმცა იგივე ბრძანება იმავე მოსამსახურის მიერ მოსარჩელეს მიეწოდა ფეისბუქ გვერდის მესენჯერის საშუალებითაც, სადაც მოსარჩელემ გაგზავნილი ფაილი გახსნა. ამდენად, აკადემიამ უზრუნველყო 06.04.2020წ. ბრძანების მხარისათვის გაცნობა, თუმცა მოსარჩელეს 1 თვის ვადაში არ გაუსაჩივრებია იგი. კასატორმა მიუთითა, რომ შს მინისტრის N995 ბრძანების 34.4 მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი სამოქალაქო პირი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად, ე.ი. მოსარჩელე 06.04.2020წ. ინფორმირებული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის გასვლისთანავე მისი შს სამინისტროდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ 16.11.2020წ. აკადემიის კანცელარიამ მ. გ-ეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი, კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2 თვის შემდეგ მიმართა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიმართ 2020 წლის 6 აპრილიდან დღემდე მაიძულებელი ხასიათის გარემოებების არსებობას დაადასტურებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 17.03.2020წ. N MIA 0 20 00698299 შვებულების განცხადებით, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ...მა მ. გ-ემ 2020 წლის 17 მარტიდან 2020 წლის 4 აპრილამდე 18 სამუშაო დღის ოდენობით ისარგებლა კუთვნილი შვებულებით. 04.04.2020წ. მ. გ-ემ პატაკით მიმართა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორს და ითხოვა 2020 წლის 4 აპრილიდან კადრების განკარგულებაში აყვანა. თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N MIA 8 20 00819913 ბრძანებით სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ...ი მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 4 აპრილიდან, საფუძვლად მიეთითა მ. გ-ეის 04.04.2020წ. N815011 პატაკი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N MIA 9 20 01807808 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ი განყოფილების ...ი მ. გ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 5 აგვისტოდან. მ. გ-ემ 30.09.20წ. მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საჩივრით და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ... განყოფილებაში ...-...ად, მუშაობის პერიოდში მის მიმართ არცერთი უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სანქცია, მათ შორის არც სიტყვიერი შენიშვნა. Covid-19-დან გამომდინარე ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლებოდა და რთულდებოდა ვირუსით გამოწვეული ფონი. მ. გ-ეის 2 წლის შვილს ზრდიდა ძიძა, რომელმაც მ. გ-ეს სთხოვა, რომ უსაფრთხოებისათვის გარკვეული პერიოდი დროებით აღარ ემუშავა, ვინაიდან უწევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ასევე შედიოდა რისკ ჯგუფში. მ. გ-ე საჩივარში აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობდა ქობულეთში და არავინ არ ჰყავდა თბილისში, ვინც ბავშვის დატოვებას შეძლებდა, ამიტომ მან გადაწყვიტა ბავშვი ქობულეთში დაეტოვებინა მშობლებთან, რათა ძიძისთვის არ შეექმნა პრობლემა, ხოლო თავად უპრობლემოდ ევლო სამსახურში. ამასთან, რადგან ბავშვი ოჯახის წევრებს იშვიათად ნახულობდა, მ. გ-ეს სჭირდებოდა რამდენიმე დღე, რომ მათთვის ბავშვი შეეგუებინა. საჩივარში მ. გ-ე მიუთითებდა, რომ აღნიშნულის თაობაზე ჰქონდა კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან, რომელსაც სთხოვა ორშაბათი დღისათვის - 2020 წლის 16 მარტისთვის გათავისუფლება, ხელმძღვანელი გაგებით მოეკიდა ყოველივეს და უთხრა, რომ შეეძლო ორშაბათს სამსახურში არ მისულიყო, თუმცა არავისგან არ ყოფილა არანაირი მითითება იმაზე, რომ არ წასულიყო ქობულეთში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ქობულეთში წასვლაც ჰქონდა ნათქვამი ხელმძღვანელისათვის. ამის შემდეგ, სამშაბათს სამსახურში მისულს, უფროსმა განუცხადა, რომ რექტორის აზრით უნდა დაეწერა პატაკი და წასულიყო სამსახურიდან, რადგან დატოვა ქალაქი და წავიდა ქობულეთში. მოსარჩელემ ითხოვა აკადემიის რექტორთან შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აიძულეს დაეწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ. ერთადერთი, რისი უფლებაც მისცეს, იყო დარჩენილი კუთვნილი შვებულების გამოყენება. მ. გ-ე საჩივარში მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ უკანონო ქმედებებს და ითხოვდა ამ საკითხების შესწავლას, ვინაიდან სამსახურის დაკარგვის გამო აღმოჩნდა როგორც მატერიალური, ისე მორალური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის იძულების წესით დაწერას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16.11.2020წ. N MIA 4 20 02684485 წერილით მ. გ-ეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად და უფლებების დასაცავად უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ე გათავისუფლებამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, რომელზეც ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები, უკეთუ სპეციალური კანონმდებლობით აღნიშნული საკითხი სხვაგვარად არ იყო მოწესრიგებული („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 4.3 მუხლის „ა“ ქვ.პ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, თავის მხრივ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წესებს განსაზღვრავს ამავე კანონის 109-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხსენებული ნორმა მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. კანონი განმცხადებელს გარემოებათა ობიექტური თუ სუბიექტური ცვლილებების გათვალისწინებით თავისივე ნების უარყოფის და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს (109.3 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ემ პირადი პატაკით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2020 წლის 4 აპრილიდან. ხსენებული ნორმის თანახმად, გათავისუფლების შესახებ აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება ხსენებული ნორმის (109-ე მუხ.) დარღვევის შესახებ არ დასტურდება, ვინაიდან მ. გ-ეის განცხადება შეიცავდა სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტულ თარიღს, მ. გ-ემ პირადი პატაკით (04.04.2020წ.) სამსახურიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა ითხოვა 2020 წლის 4 აპრილიდან. განცხადების დამაკმაყოფილებელი ბრძანება გამოიცა 06 აპრილს, ბრძანებით დადგინდა მ. გ-ეის სამსახურიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2020 წლის 4 აპრილიდან. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება სზაკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად განცხადება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ადგენს მმართველობის სფეროს ზოგად მოწესრიგებას, სპეციალური ნორმის არსებობის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური მოწესრიგება. ამდენად, სზაკ-ის 76.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითება არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე. საქართველოს შს მინისტრის 31.12.13წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 1.31 მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე აკადემიის ადმინისტრაციის ...ი განყოფილების შტატით გათვალისწინებული ...ის პოზიციაზე მუშაობდა 2017 წლის 1 თებერვლიდან (აკადემიის რექტორის 31.01.2017წ. N243521 ბრძანება) 2020 წლის 6 აპრილამდე. მ. გ-ემ 17.03.2020წ. მოითხოვა შვებულება (17.03.2020წ. N069819 შვებულების განცხადება), მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მ. გ-ე დარჩენილ კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა 04 აპრილამდე. შვებულებაში ყოფნის დროს მ. გ-ემ 04.04.2020წ. N815011 პატაკით მიმართა აკადემიას კადრების განკარგულებაში აყვანის მოთხოვნით, აკადემიის რექტორის 06.04.2020წ. N819913 ბრძანებით მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 04 აპრილიდან. შს მინისტრის 31.12.13წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ამავე „წესის“ 37-ე მუხლის მიხედვით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან. აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. N180780 ბრძანებით, მ. გ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 2020 წლის 5 აგვისტოდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. მ. გ-ეს განცხადება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არ დაუწერია, მან პატაკით მიმართა აკადემიას შვებულებაში გასვლის, ხოლო შემდგომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ. ამდენად, არ დასტურდება უკიდურესი აღგრძნების, სტრესის ზეგავლენა, ძალადობის ან მოტყუების გამო სამსახურის დატოვება. საქმეზე არც მუქარის გამო სამსახურიდან წამოსვლის მოტივი არის დასაბუთებული. მოსარჩელე ვერ ასახელებს და არც სასამართლოს არ დაუდგენია აკადემიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მოსარჩელის მიმართ ძალადობის ან მუქარის რაიმე მოტივი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელეს აქვს შესაძლებლობა ბრძანების გამოცემამდე დასაბუთების გარეშე უარყოს თავისი განცხადება, ბრძანების გამოცემის შემდეგ პირმა უნდა დაასაბუთოს იძულება ან მუქარა, შეცდომაში შეყვანა. შვებულებაში ყოფნის დროს, აგრეთვე კადრების განკარგულებაში ოთხი თვის განმავლობაში ყოფნის დროს მოსარჩელეს არ მიუმართავს კომპეტენტური ორგანოსათვის და არ უცნობებია დაწერილ პატაკში იძულებით გამოვლენილი ნების შესახებ ან გამოვლენილი ნების შეცვლის შესახებ. მოსარჩელემ შსს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ 2020 წლის სექტემბრის თვეში. საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინსპექციის კომპეტენციას განეკუთვნება სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობის (მათ შორის, ოპერატიულ სამძებრო და კონტრდაზვერვითი) შემოწმება არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას ვინმეს პასუხისმგებლობის საფუძველი არ გამოუკვეთავს. „პოლიციის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება, საამისოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შს ორგანოს თანამშრომლის ინიციატივა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არის მისი გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. პირს უფლება აქვს თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. ადმინისტრაციული ორგანო და შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული (იხ. სუსგ 11.01.2018წ. №ბს-663-659(კ-17)). ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები, კერძოდ, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (იხ. სუსგ 05.11.2014წ. Nას-649-616-2014). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა. მოსარჩელე აცხადებს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან იძულება გამოწვეული იყო აკადემიის ხელმძღვანელის მოსაზრებით მ. გ-ეის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის შესახებ (აკადემიის რექტორის 08.01.04წ. N9 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 6.2 მუხლის თანახმად ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებული იყო წინასწარ წერილობითი პატაკით მოეხსენებინა კურატორი პრორექტორისათვის არგამოცხადების პერიოდი, მიზეზი. ადმინისტრაციის მოსაზრებით მ. გ-ემ დაარღვია აგრეთვე აკადემიის მითითება სამუშაო დღეებში ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ, რომელიც განპირობებული იყო კორონავირუსით გამოწვეული ფორს-მაჟორული გარემოებებით). ვინაიდან შიგანანაწესის დარღვევა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დასდებია, საკასაციო პალატა არ თვლის საჭიროდ ამ მიმართებით მსჯელობის განვითარებას, რაც შეეხება შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან წასვლის იძულების ფაქტორის არსებობას, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შინაგანაწესის დარღვევა არის შრომის დისციპლინის დარღვევა, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება (შს მინისტრის 31.12.13წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 2.2 მუხ. „თ“ ქვ. პ.). ამავე წესდების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა) გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ (4.4 მუხ.), ამასთან, მათ უფლება არ აქვთ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე–3 მუხლის „დ-ზ“ ქვეპუნქტებით ("ზ"ქვეპუნქტში დისციპლინური სახდელის სახედ გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნა) გათვალისწინებული სახდელი, კერძოდ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ, მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლის "დ-ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, აკადემიის რექტორი არ არის უფლებამოსილი შრომის დისციპლინის დარღვევის დროს მოსამსახურის მიმართ სახდელის სახით გამოიყენოს სამსახურიდან დათხოვნა. ხსენებული გარემოება მ. გ-ეისათვის, როგორც ...ი სამსახურის ...სათვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, შინაგანაწესის დარღვევის გამო სხვა სამსახურის მოძებნასთან დაკავშირებით რექტორის მოსაზრება არ შეიძლებლოდა დასაქმებულის მიერ აღქმულიყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რეალურ მუქარად. საჯარო მოსამსახურე, იურიდიული თვალსაზრისით, უფლებრივ დონეზე დაცულია კანონით, თუმცა მის რეალიზაციასა და დაცვაზე ზრუნვა ასევე წარმოადგენს მისივე უფლებას. საჯარო მოსამსახურე არა მხოლოდ კონკრეტული სფეროს კვალიფიციური სპეციალისტი, დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, არამედ, ამავდროულად, მაღალი პიროვნული და მორალური პრინციპების, ღირებულებების მატარებელი პირია (იხ. სუსგ 18.02.14წ. Nბს-463-451(კ-13)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ პირი იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. ამასთანავე, სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (სუს 13.09.2018წ. №ბს-858-850(კ-16)). ამდენად, მ. გ-ეის მიმართ მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, მით უფრო, რომ იგი დასაქმებული იყო აკადემიის ... განყოფილებაში. კომპეტენტურობის მოთხოვნა მოხელის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა, ნორმატიული მასალის ცოდნა (ყოველ შემთხვევაში იმ ნორმატიული აქტის მაინც, რომლითაც უშუალოდ წესრიგდება პირის საქმიანობა, პრინციპები, სამართლებრივი დაცვის გარანტიები) მუშაკის ვალდებულებას შეადგენს. ამასთან, აღსანიშნავია მ. გ-ეის მიერ 03.08.2021წ. საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადება, სადაც მ. გ-ე მიუთითებდა, რომ აკადემიის რექტორი არ იყო უფლებამოსილი შრომის დისციპლინის დარღვევის დროს აკადემიის თანამშრომლისთვის შეეფარდებინა ყველაზე მძიმე სახდელის ფორმა და დაეთხოვა სამსახურიდან (ტ.1, ს.ფ. 391-394). ამდენად, მოსარჩელის მიერ სხვა სამსახურის მოძებნასთან დაკავშირებით რექტორის მოსაზრების რეალური საფრთხის მატარებლად, აღნიშნულის იძულების ფაქტორად მიჩნევა არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ მ. გ-ემ გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის (2.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.) დისციპლინური გადაცდომის დასკვნას ადგენს გენინსპექცია (4.3 მუხ.), ხოლო დისციპლინური გადაცდომის ამ სახეობისათვის (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მინისტრს ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს, კერძოდ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად დისციპლინური სახდელის შეფარდების და მოხსნის უფლება აქვს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირებს. ამასთანავე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74.1 მუხლის მიხედვით სსიპ-ის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, კადრების განკარგულებაში აყვანასა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნას ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გენინსპექციის დასკვნით დადასტურების შემთხვევაში აკადემიის რექტორი უფლებამოსილია მოსამსახურეს შეუფარდოს დისციპლინური სახდელი, მათ შორის, შესაძლებელია მოსამსახურის მიმართ სახდელის სახით გამოყენებულ იქნეს სამსახურიდან დათხოვნა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადასტურების თაობაზე გენინსპექციის დასკვნის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენას საჭიროებს აკადემიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იძულებისა და მუქარის ფაქტის არსებობა, მისი მოტივი, რამეთუ დასაბუთებული არ არის რეალური საფრთხის მატარებლად რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო აკადემიის რექტორის მოსაზრება მ. გ-ეის მიერ სამსახურის დატოვებისა და სხვა სამსახურის მოძებნის შესახებ, ერთ შემთხვევაში შინაგანაწესის დარღვევის გამო, მაშინ როდესაც შრომის დისციპლინის დარღვევის გამო აკადემიის რექტორს არ აქვს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, მაშინ როდესაც არ არსებობს გენინსპექციის დასკვნა მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას უშუალო უფროსისგან მიღებული ჰქონდა ნებართვა იმაზე, რომ ორშაბათ დღეს - 16.03.2021წ. გაეცდინა სამსახური, "სსიპ შს სამინისტროს აკადემიის შინაგანაწესის" 6.3 მუხლის მიხედვით წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი და სავარაუდო პერიოდი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნორმის შესაბამისად მოქმედებდა და აცნობა უშუალო უფროსს ოჯახში შექმნილი მდგომარეობის გამო სამსახურის ერთი დღით გაცდენის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან წარადგინა მტკიცებულება, კერძოდ, სატელეფონო პირადი მიმოწერის ამონაწერი, უშუალო უფროსის მიერ სამსახურიდან 16.03.20წ. მისი საპატიო ოჯახური მიზეზის გამო ოფიციალური გათავისუფლების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. კომუნიკაციის თავისუფლება გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომუნიკაცია არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია (იხ. სუსგ. 04.05.2015წ. საქმე №ას-1155-1101-2014)). ამდენად, მოსარჩელის მსჯელობა, საქმეში დაცული მტკიცებულებები ერთობლიობაში არ ადასტურებენ და ეჭვქვეშ აყენებენ სამსახურის დატოვების და სხვა სამსახურის მოძებნის შესახებ მუქარის რეალურობას, ასეთად სხვა სამსახურის მოძებნის თაობაზე რექტორის მოსაზრების მიჩნევას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ღრმად იყო დარწმუნებული თავისი ქცევის მართებულობაში, მისი ქცევის კანონიერებაში, რექტორის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების რაიმე საფუძვლის არარსებობაში. აღნიშნული მოსაზრებები გაურკვეველს ხდის მ. გ-ეის მიერ მუქარის რეალობად მიჩნევის პირობას. მართალია საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მ. გ-ეის მიერ სხვა სამსახურის მოძებნის შესახებ რექტორის მიერ მოსარჩელის უშუალო უფროსისათვის გამოთქმული მოსაზრების მოსარჩელის მიერ რეალურ მუქარად აღქმა საჭიროებს დასაბუთებას.
სარჩელის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება ერთთვიან ვადაში არ გასაჩივრებულა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის შრომითი უფლების დარღვევას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც იგი დაითხოვეს სამინისტროდან. მოცემული კატეგორიის დავათა განხილვისას არსებითად ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტების კანონიერება. ამასთან, სარჩელის ხანდაზმულობა უნდა შეფასდეს ბოლოს გამოცემული აქტის ჩაბარების გათვალისწინებით (იხ. 04.07.2019წ. Nბს-564(2კ-19), 13.05.21წ. Nბს-724(2კ-20), 28.01.20წ. Nბს-1150(კ-19)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 05.08.2020წ. ბრძანების მხარისათვის ჩაბარების თარიღი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მხარისათვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანებაში (06.04.20წ.), აგრეთვე დათხოვნის შესახებ (05.08.20წ.) ბრძანებაში მიეთითა ბრძანებების გაცნობიდან 1 თვის ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შესაძლებლობა. მ. გ-ემ 30.09.20წ. განცხადებით მიმართა შს სამინისტროს და მოითხოვა საკითის შესწავლა და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ აკადემიის რექტორის 05.08.20წ. N1807808 ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული განცხადება შსს გენერალური ინსპექციის მიერ, შემდგომი რეაგირებისათვის, გადაეგზავნა შსს ... დეპარტამენტს, 16.11.2020წ. N MIA 4 20 02684485 დეპარტამენტის პასუხით განმცხადებელს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის. ამდენად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამინისტროში გასაჩივრების უმართებულო მითითების, აგრეთვე სამინისტროს ...ი დეპარტამენტის პასუხში სასამართლოში მომართვის ვადის მიუთითებლობის გამო სახეზეა სასკ-ის 12.2 მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადის სადავო შემთხვევაზე გავრცელების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არსებითად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნაზე. მართალია სასამართლოს მიერ სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის მოთხოვნის თაობაზე დამატებით გამოსაკვლევ და შესაფასებელ გარემოებებზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მითითებების მიცემის შესაძლებლობას. ამასთან, კასატორების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულადაა გასაჩივრებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში კუთვნილი იძულებითი განაცდურის მოსარჩელისათვის ანაზღაურება. იძულებითი განაცდურის ოდენობა განისაზღვრა იმ ხელფასით, რომელსაც მ. გ-ე იღებდა სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დასაქმებულის უფლებაა, ეს უკანასკნელი რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას და მას სამსახურში აღადგენს. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება სრულად იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის, შრომითი ურთიერთობების უკანონოდ შეწყვეტის მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სუსგ Nას-392-2019, 27.11.2020წ.). განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, შეწყვეტის შესახებ აქტის ბათილად ცნობის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა შეწყვეტის მომენტიდან გაგრძელებულად მიიჩნევა, შესაბამისად განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა. მოცდენა არის იმგვარი ვითარება, როდესაც სამსახურიდან არამართლზომიერად გათავისუფლების შედეგად, დასაქმებულს მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა. ამდენად, იძულებითი განაცდურის პერიოდი მოიცავს პირის გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდს. სამსახურიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს სადავო აქტის გამოცემამდე მდგომარეობის აღდგენას. სამსახურში აღდგენაც და განაცდურიც არის ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. განაცდური განგრძობადია და მისი შეწყვეტა დამოკიდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მ. გ-ეს მიეცა ორი თვის ხელფასი ("შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 34.2 მუხ.), აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელე მოითხოვს გათავისუფლების მომენტიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელის განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელე დასაქმდა სხვა სამსახურში, სადაც ჰქონდა შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. უკანონოდ გათავისუფლების თანმდევი სამართლებრივი შედეგია პირვანდელი უფლებრივი რესტიტუცია, თუკი ეს შესაძლებელია, რომელსაც სამუშაოზე აღდგენასთან ერთად იძულებითი განაცდურის გაცემაც უკავშირდება. ამასთანავე, მოსარჩელე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს ვიდრე იქნებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. განაცდურის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგის ჯამს, ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. ორგანომ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც პირი იქნებოდა, ორგანო არ არის ვალდებული პირი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. როდესაც გათავისუფლებული პირი სასარჩელო წესით იცავს თავის უფლებას და იმავდროულად სხვაგან იწყებს მუშაობას, აღნიშნული იმთავითვე არ გამორიცხავს ასეთი პირისათვის იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით მიკუთვნებას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდში მის მიერ სხვა დასაქმებულთან შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მოცულობა ისეთი არის ან იყო, რომ მისი შეთავსება ძირითად სამუშაოსთან შესაძლებელი იქნებოდა და არ დააბრკოლებდა იმ სამსახურში მოვალეობის შესრულებას, საიდანაც გათავისუფლების გამო მას მოესპო კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა (სუსგ 21.10.22წ., Nას-736-2022). საქმეში დაცული შემოსავლების სამსახურის 20.09.22წ. ცნობით დასტურდება, რომ რექტორის სადავო ბრძანების (05.08.2020წ. N180780) გამოცემისთანავე, რომლითაც მ. გ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 2020 წლის 05 აგვისტოდან, მ. გ-ემ 2020 წლის აგვისტოდან სამსახური დაიწყო შპს „ა...ში“, შემდგომ შპს „ს...ში“, შპს „რ...ში“ (...ი სამსახურის უფროსი), სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ხსენებულ ორგანიზაციებში შრომითი საქმიანობის შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა ზოგ პერიოდებში აღემატება სსიპ შს სამინისტროს აკადემიაში სამსახურის დროს დანიშნულ მის ანაზღაურებას. ახალ დამსაქმებელთან ხელფასის ოდენობის ნაკლებობის პერიოდებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა მოსარჩელის ძველ და ახალ დასაქმებაში დანიშნულ ხელფასს შორის. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შს მინისტრის 31.12.13წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა არის დისციპლინური გადაცდომის სახეობა. შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-7 მუხლის მიხედვით, სამინისტროს სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს ეკრძალება იმავე ან სხვა დაწესებულებაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება ან/და სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, სამინისტროს საჯარო მოხელესა და სსიპ-ის სამოქალაქო პირს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სსიპ-ის ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით (მე-7 მუხ. მე-5 პ., „ა“, „ბ“, „გ“ ქვ.პ.), თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო „წესის“ 43-ე, 45-ე მუხლები ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას/გათავისუფლებას სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არ არის დადგენილი თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი, სამსახურებრივი სპეციფიკიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ორივე სამუშაოს შესრულება მ. გ-ეის აკადემიის შტატში დარჩენის შემთხვევაში, არ გამოკვლეულა ამ სამუშაოების შეთავსების შესაძლებლობა. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენას საჭიროებს იძულებითი მოცდენის არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო - სააპელაციო სასამართლოა. სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპების დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ 02.06.2021წ. საქმე №ბს-568(2კ-კს-20). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის დავალების საკმარის დასაბუთებას, აგრეთვე არ შეიცავს მითითებას დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შეუძლებლობაზე. უკეთუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოკვლეულა, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მას გააჩნია აღნიშნული გარემოების თავად გამოკვლევის და შეფასების უფლებამოსილება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმის ხელახალი განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2022წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი