Facebook Twitter

ბს-121(2კ-24) 05 თებერვალი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ლ. მ-ეის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ემ 05.04.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ. №01-13/76 მიმართვის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3571 მიმართვის ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.02.2017წ. №19 საოქმო გადაწყვეტილების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში ...ს დასახლებაში მდებარე 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელემ აგრეთვე დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დაასახელა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2020წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2020წ. განჩინებით ლ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.01.2020წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად.

საქალაქო სასამართლოში დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ ლ. მ-ემ 04.11.2022წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.02.2017წ. №19 საოქმო გადაწყვეტილებისა და ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულების ბათილად ცნობა, 147კვ.მ. ნაკვეთის ნაწილში მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის 24.11.2016წ. №... და 28.12.2016წ. №... გადაწყვეტილებების და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 07.03.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 250კვ.მ. ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ. №01-13/76 მიმართვის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3571 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2023წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულება, კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ლ. მ-ეის განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა („ა“), ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის დოკუმენტაციის გადაგზავნის შესახებ საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონული ოფისის 28.12.2016წ. №... გადაწყვეტლება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონული ოფისის 07.03.2017წ. №... გადაწყვეტილება და ლ. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2022წ. გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრს დაევალა ლ. მ-ეის 18.11.2016წ. სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა („ბ“), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ ლ. მ-ეის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ 06.03.2009წ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგეობის №01-13/76 მიმართვის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3571 მიმართვის ძალადაკარგულად ცნობა („გ“). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ლ. მ-ეის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2022წ. განჩინებებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2023წ. განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ლ. მ-ეისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.05.2023წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულება ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულება ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 147,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 147,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად დაკავების საფუძვლით ლ. მ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.05.2023წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის ლ. მ-ეის მიერ მისი ოჯახის წევრებთან ერთად 397.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ათეული წლების მანძილზე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი 250 კვ.მ. მოსარჩელის მეუღლეს გამოეყო ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. ბრძანებით, როგორც ამავე მეურნეობის მუშა-მოსამსახურეს, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პირუტყვისა და ფრინველის სადგომის ასაშენებლად და ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის. აღნიშნული ბრძანების ადრესატმა (მოსარჩელის მეუღლემ) ფაქტობრივად მიიღო მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელსაც დღემდე ფლობს და იყენებს მოსარჩელის ოჯახი, კერძოდ ამ პერიოდიდან ლ. მ-ეის ოჯახი 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საბოსტნედ იყენებდა, მოგვიანებით კი მის ნაწილზე ოჯახმა განათავსა პირუტყვის სადგომი - ბოსელი და ავტოფარეხი. აღნიშნული ნაგებობები, როგორც უსახური, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაანგრია შესაბამისი კომპენსაციის გადახდით. ლ. მ-ეის ოჯახს არ შეუწყვეტია ნაკვეთის ფლობა, მუნიციპალიტეტს ან აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აგრეთვე არ გამოუთხოვია ნაკვეთი მათგან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირად სარგებლობაში მეურნების მიწის ნაკვეთის გადაცემა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ სსრ მიწის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, შესაძლებელი იყო, თუმცა ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დირექტორის უფლებამოსილებით და საჭიროებდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოს, ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანებით განხორციელდა მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში (და არა საკუთრებაში) გადაცემა, ამავე მეურნეობაში დასაქმებულ პირებზე კონკრეტული დანიშნულებით - საოჯახო მეურნეობების მოსაწყობად. ეს პროცესი ლეგიტიმურ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა უშვებდა მიწის ნაკვეთის ინდივიდუალურ სარგებლობაში გადაცემას, ამასთან მითითებული ბრძანებით მიწის ნაკვეთით სარგებლობის რაიმე კონკრეტული ვადა დათქმული არ ყოფილა. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობაში გადაცემას (სსრ მიწის კოდექსის მუხ. 13). მართალია, მაშინდელი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის) გადაწყვეტილება ამ პროცედურის დასრულების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანება სადავო არ გაუხდია საბჭოთა პერიოდის ან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ადგილობრივი მმართველობის ან სახელმწიფოს სხვა რომელიმე ორგანოს, შესაბამისად ლ. მ-ეის ოჯახისთვის 250კვ.მ. მიწის ნაკვეთის საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით გადაცემის შესახებ ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანება უნდა ჩაითვალოს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1. მუხლის „რ“ პუნქტით განსაზღვრულ, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ განიხილება მიწაზე ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას. ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება, შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნული გარემოების გამო კომისია მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მართლზომიერად დაუფლებული 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის გვერდით, თვითნებურად დაეუფლა 147,5 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელსაც დღემდე ფლობს. განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიის უარი ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ გარემოებას - უძრავ ნივთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს. სხვა გარემოებები კომისიას არ გამოუკვლევია. იმისათვის, რომ დადგინდეს 147,5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, ლ. მ-ეის საკუთრების აღიარების კანონშესაბამისობა, კომისიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სრულყოფილად უნდა შეისწავლოს და გაანალიზოს ყველა ის გარემოება, რაც არსებობს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმართ. კომისიამ ასევე უნდა გამოიკვლიოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოებების არსებობა. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მართებული გადაწყვეტილება, მაგრამ ვინაიდან სააპელაციო განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ ბუნდოვნად მიიჩნია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მეტი თვალსაჩინოებისათვის ცვლილების შეტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ლ. მ-ეის მიერ.

კასატორმა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სსრ მიწის კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით სარგებლობისთვის მიწის ნაკვეთის გაცემა ხორციელდებოდა მიზომვის წესით, სარგებლობისთვის მიწის ნაკვეთის მიზომვა ხდებოდა საქართველოს სს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ან მშრომელთა დეპუტატების შესაბამისი ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე იმ წესით, რომელსაც ადგენდა სსრ კავშირის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული იყო ორგანოები, რომელთაც გააჩნდათ მიწის ნაკვეთების სარგებლობისათვის გაცემის უფლებამოსილება. ასეთ ორგანოებს წარმოადგენდა მინისტრთა საბჭო, რაიონული საბჭოს აღმასკომი, საქალაქო სადაბო საბჭოს აღმასკომი და სასოფლო საბჭოს აღმასკომი, შესაბამისად ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთების სარგებლობისათვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე ...ს ...ის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანება არ წარმოადგენს ისეთ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი „სხვა დოკუმენტად“. მუშა-მოსამსახურეებზე გამოყოფილი ფართობების სისწორე უნდა განეხილა და დაეკანონებინა აღმასკომს არსებული წესების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღარ ყოფილა მიღებული. დირექტორის აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს შუალედურ აქტს, რომლის აღსრულებაც არ განხორციელებულა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (რაისაბჭოს აღმასკომის) მიერ. ამდენად, სახეზე არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლები. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უკუძალა მიენიჭებინა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონისთვის. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 15.10.2009წ. №01-22/3571 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ნივთზე ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სოფელ ...ში მდებარე რამდენიმე, მათ შორის 13 213 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რეგისტრაცია განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.2009წ. №10/1 განკარგულების საფუძველზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოსთვის 09.10.2009წ. მიმართვის ძალადაკარგულად ცნობის დავალება დღეს მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლს. თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ქონების ავტონომიური რესპუბლიკისთვის ასეთი სახით საკუთრებაში გადაცემა შესაბამისობაშია იმ დროს მოქმედ კანონმდებლობასთან. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.2009წ. №10/1 განკარგულების საფუძველზე უძრავ ნივთზე ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება კანონიერად გავრცელდა.

კასატორმა ლ. მ-ემ აღნიშნა, რომ სასამართლომ დაადგინა მიწის ნაკვეთის ასაღიარებლად საჭირო ყველა გარემოება, კერძოდ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ლ. მ-ე ახორციელებდა მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას, ასევე 2007 წლამდე ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლისთვისაც მოსარჩელემ მიიღო კომპენსაცია. სასამართლოს მიერ გამოკვლეული, სრულყოფილად შეფასებული და დადგენილი იქნა გარემოებები, რომელიც სრულიად საკმარისი იყო კომისიისთვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალებისათვის, ამასთან ორივე ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ არის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავი გარემოება. კომისიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მართლზომიერება და არა ლ. მ-ეის მიერ მიწის ნაკვეთის დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ლ. მ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლეს ე. მ-ეს ...ს ციტრუსების საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანებით გამოეყო 250კვ.მ. ნაკვეთი, რომელსაც ლ. მ-ე ოჯახთან ერთად ფლობს და სარგებლობს ათეული წლების მანძილზე. საქმის მასალებში დაცული საარქივო ცნობის თანახმად 1997-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან კომლის უფროსი ლ. მ-ე, მეუღლე - ე. მ-ე და შვილი - რ. მ-ე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედი 13.07.1971წ. სსრ მიწის კოდექსით მიწა მიიჩნეოდა სახელმწიფო საკუთრებად და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის (მე-4 მუხ.). მთელი მიწა წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად აგრეთვე მიეკუთვნებოდა საბჭოთა მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (მე-5 მუხ.), მიწა სოფლის მეურნეობის საწარმოებლად მეურნეობებს უვადო სარგებლობაში გადაეცემოდათ (52-ე მუხ.), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უვადო სარგებლობაში გადაცემა აგრეთვე დასაშვები იყო მოქალაქეებისთვის პირადი მეურნეობის საწარმოებლად (52-ე მუხ.). მიწა გაიცემოდა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის, მიწათსარგებლობა მიიჩნეოდა უვადოდ, თუ მიწათსარგებლობის ვადა წინასწარ არ იყო დადგენილი (მე-12 მუხ.). სარგებლობისათვის მიწის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშვნას საჭიროებდა მიწის მიზომვის მიზანი და მიწით სარგებლობის პირობები (მე-13 მუხ.). მითითებულ პერიოდში საბჭოთა მეურნეობის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება საბოსტნე ნაკვეთის მუშა-მოსამსახურეებისათვის გაცემის თაობაზე (75-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ ბრძანებაში მითითებულ პირებს, თითოეულს გამოეყო 250კვ.მ. ნაკვეთი პირუტყვისა და ფრინველის სადგომთა ასაშენებლად და ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის, მუშა-მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამდენად, მითითებულ პერიოდში საბჭოთა მეურნეობა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტული მიზნით - საბოსტნედ მუშა-მოსამსახურისათვის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. კასატორი აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ საბჭოთა მეურნეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო და საჭიროებდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (აღმასკომის) მიერ დამტკცებას, რის გამო აღნიშნული ბრძანება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში მიწის რეფორმა დაიწყო 1992 წელს, კერძოდ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. №48 დადგენილების გამოცემით დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრობა. 22.03.1996წ. მიღებულ იქნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი, რომლითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სპეციალური რეჟიმი. აღნიშნული კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 22.03.1996წ. დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით 1992 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა კომლების, ოჯახების კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები მათ კერძო საკუთრებად გამოცხადდა. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 11.07.2007წ. მიღებული იქნა კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) დამტკიცდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლითაც განისაზღვრა მართლზომიერი მფლობლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. მსგავს დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილია მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევის შესაძლებლობა. ამდენად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც განპირობებულია მიწის რეფორმის ხარვეზებით მიმდინარეობით და ისეთი სახის დოკუმენტების არაერთგვაროვნებით, რომლებიც პირთა მიერ ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას) ადასტურებს. მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით 03.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (კანონის ამჟამინდელი სათაურია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი), რომელიც აგრეთვე უშვებს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევის შესაძლებლობას. ხსენებული კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით მიწის რეფორმის მიმდინარეობისას დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი შეცდომები და მთელ რიგ შემთხვევებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არ გაცემულა ან გაცემული დოკუმენტაცია შედგენილი იქნა მნიშვნელოვანი დარღვევებით, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტი წარმოადგენს იმ საჯარო მმართველობითი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც განხორციელდება დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის წახალისების მიზნით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. მ-ემ 18.11.2016წ. მიმართა საჯარო რეესტრს პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს არ გააჩნდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.02.2017წ. №95 განკარგულებით ლ. მ-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 397,5კვ.მ. ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. მითითებული განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრმა 07.03.2017წ. მიიღო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.03.2022წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნება მართებულად იქნა მიჩნეული აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ შეფასებას საჭიროებდა №7 ბრძანების მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ „სხვა დოკუმენტად“ მიჩნევის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევა გულისხმობს არა ნებისმიერ, არამედ ისეთი სახის დოკუმენტს, რომელიც პირს უქმნის ლეგიტიმურ მოლოდინს და კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან ერთობლიობაში ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესაძლებლობას. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა არ ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს. აღნიშნული საფუძვლით ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს აგრეთვე თვით მფლობელობა (სარგებლობა). მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერად მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, შესაბამისად პირი დაუფლებული უნდა იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას (სუსგ 31.01.2013წ. საქმე №ბს-22-22(კ-12), 08.05.2014წ. საქმე №ბს-640-615(კ-13)). განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მიუხედავად მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის შესახებ აღმასკომის გადაწყვეტილების არარსებობისა, საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 27.01.1986წ. №7 ბრძანება აღსრულდა, მოსარჩელე და მისი ოჯახი იმთავითვე დაეუფლა მიწის ნაკვეთს და სარგებლობს დღემდე ბრძანებაში მითითებული მიზნის შესაბამისად (საბოსტნედ). ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებები ერთობლიობაში ქმნიდა 250 კვ.მ. ნაკვეთის ნაწილში მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საჯარო რეესტრისთვის მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების საფუძველს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახმა ამ ნაკვეთის ნაწილზე განათავსა პირუტყვის სადგომი და ავტოფარეხი, რომელიც შემდეგში ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაექვემდებარა დემონტაჟს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქ. ბათუმის საკრებულოს 28.03.2006წ. №3-7 დადგენილებაზე, რომლითაც ქ. ბათუმის იერსახის მოწესრიგების მიზნით დადგინდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უსახური ნაგებობებისა და მინაშენების, აგრეთვე კაპიტალური ავტოფარეხების დემონტაჟი. საკრებულოს 27.11.2009წ. №92 განკარგულებით გათვალისწინებული იქნა მფლობელებზე საკომპენსაციო თანხის გაცემა და განისაზღვრა საკომპესაციო თანხის მიმღებ პირთა წრე, მაგ., კომპენსაციის გაცემა დაიშვებოდა ისეთ პირებზე, რომლებსაც გააჩნდათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება, დადგენილება, განკარგულება და სხვ.), რომელიც ადასტურებდა დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა დოკუმენტი, რომლითაც პირდაპირ დასტურდებოდა დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის მშენებლობის ან/და განთავსების ლეგალიზება და სხვ.. ამდენად, კომპენსაციის გაცემა დადგინდა უძრავ ნივთთან მიმართებით სამართლებრივი საფუძველის მქონე პირებზე. საკრებულოს თავმჯდომარის 30.04.2012წ. №02/191 ბრძანებით დამტკიცებული №3 ოქმით განისაზღვრა იმ პირთა სია, რომლებზეც №92 განკარგულებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გაიცა საკომპენსაციო თანხა, კომპენსაციის გაცემა დადგინდა აგრეთვე ლ. მ-ეზე 1500 ლარისა და 800 ლარის ოდენობით. მართალია, ხსენებულ ოქმში არ არის აღნიშნული ლ. მ-ეზე კომპენსაციის გაცემის კონკრეტული საფუძველი, მაგრამ დადგენილების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო უძრავ ნივთზე განთავსებული ობიექტ(ებ)ის მიმართ მოსარჩელე სამართლებრივი საფუძვლის მქონედ მიიჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა არა აღნიშნული ნაკვეთების მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან გამოთხოვის, არამედ მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო. კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება არ გამხდარა აგრეთვე სადავო ნაკვეთზე ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის და შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. „სხვა დოკუმენტის“ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობა დაშვებული იყო სადავო უძრავ ნივთზე ჯერ მუნიციპალური და შემდეგში ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტარციის დროს მოქმედი კანონმდებლობითაც, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენდა მართლზომიერი მფლობლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც არ იყო ამომწურავი, მათ შორის გათვალისწინებული იყო აგრეთვე „სხვა დოკუმენტი“, ამდენად კასატორის მითითება კანონის უკუძალაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არარელევანტურია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 04.02.2017წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი №19) ლ. მ-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 397,5კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. კომისიის მითითებით საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და არა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა სახელმწიფოს მიერ უძრავი ნივთის განკარგვად არ უნდა იქნეს მიჩნეული, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა, ამით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სასამართლოს მიერ ჩანაცვლებას. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების მთლიანად სასამართლოზე გადაბარების შემთხვევაში, სასამართლო სრულად ჩაანაცვლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განახორციელებდა საჯარო მმართველობას, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მიწა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იმყოფება, სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების ფაქტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დგინდება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვა (31-ე მუხ.) გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილ გადამოწმებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს აქვს უფლებამოსილება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების და შესწავლის საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული. სასამართლო ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის პროცესში ახორციელებს სასამართლოწარმოებას და არა ადმინისტრაციულ წარმოებას, უკანასკნელი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების განსაზღვრას, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას, მოძიებული ინფორმაციის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან შესაბამისობის დადგენას და სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას. სასამართლოს მიერ მითითებული ფუნქციების საკუთარ თავზე აღების შემთხვევაში, სასამართლო სრულად ჩაანაცვლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განახორციელებდა საჯარო მმართველობას, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია (სუსგ 05.02.2020წ. საქმე №ბს-1350(2კ-19)). ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოსთვის მინიჭებული საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპის დაცვას. სასამართლოში საჯარო მმართველობის კონტროლი უნდა განხორციელდეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვით (სუსგ 25.11.2022წ. საქმე №ბს-876(კ-20)). ამდენად, კასატორის ლ. მ-ეის მითითება აღიარების კომისიის მიმართ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და საკუთრების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალების საფუძვლების არსებობის თაობაზე, არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ლ. მ-ეის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ლ. მ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე