საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-710(კ-24) 18 თებერვალი , 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 13 მაისს მ. ო-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, სადგური ..., ყოფილი სს ,,თ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარედ, 2000 წლიდან თვითნებურად ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1449 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, რომელიც მოსარჩელემ გაასუფთავა, დარგო ხეები და შემოღობა. ასევე დაახლოებით 100 კვ.მ ფართზე კაპიტალური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გამოყენებით დაიწყო არასაცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც დღესაც არის მშენებარე ნაგებობა. მოსარჩელის მხრიდან დასახელებული უძრავი ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი დასტურდება მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებებით და ექსპერტიზის დასკვნით.
მ. ო-იმა 2020 წლის 21 აგვისტოს, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სადგური ... ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, 1449 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ აღრიცხვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა განცხადება და 2022 წლის 15 აპრილის №690 განკარგულებით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №690 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. თბილისში, სადგური ... ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, 1449 კვ.მ მიწის ნაკვეთის მ. ო-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ო-იმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. ო-იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით შპს ,,ე...-ს“ არ უსარგებლია და თავად არ მიუმართავს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის შესაბამისად, მას არ მოუხდენია ასეთი უფლების რეალიზება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, ტერმინ - დაინტერესებული პირის განმარტებაში მითითებული „უფლებამონაცვლე“ გულისხმობს ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა პირს, რომელიც ფაქტობრივად ამ პირთან ერთად ფლობდა და იყენებდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, თანამესაკუთრე, თუმცა არა სხვა გარეშე პირი, მათ შორის, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე, რომელიც ცალსახად არ ფლობდა და არ ჰქონდა კავშირი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან 2007 წლამდე. შპს ,,ე...-თან“ მ. ო-იის სამართლებრივი კავშირი საქმის მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-იმა.
კასატორის - მ. ო-ის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასებს საქმეში არსებული მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ მას, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მშენებარე შენობა-ნაგებობა, დაკავებული ჰქონდა თვითნებურად 2000 წლიდან, რაც დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული მ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის N343006 წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა მ. ო-ის განცხადება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარე, ქ. თბილისი, სადგური ... (საერთო ფართობი - 844 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 1449 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №690 განკარგულებით მ. ო-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მ. ო-იზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადასვლით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება არ გადასულა, რადგან მითითებული მოთხოვნის უფლება აღნიშნული უძრავი ქონების გამსხვისებელს (შპს ,,ე...“-ს) მოქმედი კანონმდებლობით დაკარგული აქვს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ო-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მ. ო-იი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე. თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 2007 წლიდან 2016 წლამდე იყო შპს ,,ე...“. 2016 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მ. ო-იმა შეიძინა შპს ,,ე...-სგან“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ. ო-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულით დასტურდება, რომ მ. ო-იმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, ასეთი მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება მიიღო წინა მესაკუთრისგან, რომელსაც, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა საკუთრების უფლების აღიარების გზით საკუთრების მოპოვების უფლების განკარგვის დათმობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემძენზე გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ე...-ის“ მიერ უძრავი ქონების განკარგვის შედეგად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა მოსარჩელე მ. ო-ი და შესაბამისად მასზე გადავიდა ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირებს შორის უფლების განკარგვის, დათმობის საკითხებს. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. მითითებული ნორმის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე, შესაძლებელია განიკარგოს, დათმობილ იქნას უფლება, მოთხოვნა, თუკი თავად მოთხოვნისა და უფლების არსი იძლევა ასეთ შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება, რომ მის ნაცვლად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებით ისარგებლოს მოსარჩელემ ფორმალურად ნამდვილია, რამდენადაც იგი ცხადად არის გამოვლენილი და სადავოდ არ გამხდარა. თუმცა, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მოთხოვნის, უფლების დათმობაზე გამოხატული ნება, თავად ამ უფლებიდან გამომდინარე იყოს დათმობადი, გადაცემადი და შესაბამისად აღსრულებადი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის გადაცემის, დათმობის ინსტიტუტი ატარებს სამოქალაქოსამართლებრივ ხასიათს, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროდან (სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს - მუხლი 1). თუმცა, თავად მოთხოვნა, უფლება, რომლითაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს ისარგებლოს - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, არის საჯაროსამართლებრივი ხასიათის. შესაბამისად, სამოქალაქოსამართლებრივი უფლების დათმობის ნამდვილობა-აღსრულებადობისთვის, აუცილებელია, რომ მატერიალურად საჯაროსამართლებრივად ასეთი უფლება იყოს გადაცემადი. ამდენად, მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა და შესაძლებლობის ფარგლები დადგენილი უნდა იქნეს მისი საჯაროსამართლებრივი რეგულირების თავისებურების გათვალისწინებით.
მ. ო-იისათვის უარის თქმის ზემოაღნიშნულ საფუძვლებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობის პირობებშიც, კი 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელმა ნორმებმა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს 2012 წლის 1 იანვრიდან შეუზღუდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის მდგომარეობით უძრავი ქონების გამსხვისებელი ვერ გადასცემდა მყიდველს იმ უფლებას, რაც თვითონ გაქარწყლებული ჰქონდა. ამრიგად, მოსარჩელე მ. ო-ი, როგორც უძრავი ნივთის მყიდველი, გახდა შპს ,,ე...“-ს უფლებამონაცვლე შეძენილ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ო-ის საკასაციო საჩივარზე ბ. ნ-ეის მიერ 19.07.2024 წლის 22917582949 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. ნ-ეს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. ბ. ნ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 19.07.2024 წლის 22917582949 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე