ბს-1097(კ-23) 14 თებერვალი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. რ-ემ 30.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ 15.12.2021წ. დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2022წ. გადაწყვეტილებით ა. რ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის ა. რ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას, დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, კერძოდ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული საკმაოდ მძიმე შეზღუდვების არამართლზომიერება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ა. რ-ეის მარეაბილიტირებელი გარემოება და სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებითა და მსჯავრდებით. სკ-ის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში ა. რ-ეისთვის წაყენებული ბრალდებისა და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა თუ სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის 1005.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი, ასევე უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულა აქვს ყველას. საქმის კონკრეტული შედეგი წინასწარ ვერ განისაზღვრება, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12.2014წ. (საქმე №3/3/601) გადაწყვეტილებაში ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმად წარდგენილ ბრალდებაში პირის გამართლება თავისთავად არ გულისხმობს აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არამართლზომიერებას ან მის უკანონო ხასიათს, ამასთანავე გამამართლებელი განაჩენი ვერ გააბათილებს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს პოზიციის თანახმად, თითოეულ დასახელებულ საპროცესო მოქმედებას გააჩნია გამოყენებისა და შეფარდების დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებების არსებობისას ითვლება კანონიერად. მიუხედავად პირის გამართლებისა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტლებებზე და აღნიშნა, რომ პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით). მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. საქმის მასალებში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.2018წ. განაჩენით ა. რ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა, ასევე მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების მოთხოვნის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ა. რ-ეის ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს მის ბრალეულობაში დაარწმუნებდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 22.03.2021წ. განჩინებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14)). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და განაჩების გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14), 07.02.2019წ. საქმე №ბს-432-429 (2კ-17)). დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია, მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608, 609, II-15). ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - პროკურატურა არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ 20.07.2022წ. №ბს-628(2კ-20)), შესაბამისად კასატორის პრეტენზია მის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე, არ არის დასაბუთებული. სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითება უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოპასუხის მიერ იმ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოებით - მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენის მიღებით. რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, მართალია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, თუმცა კონვენციის მითითებული მუხლი პირს არ ანიჭებს კომპენსაციის უფლებას კონკრეტული ოდენობის თანხაზე (Şahin Çağdaş v. Turkey, 2006, §34). კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, 2018, §23). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიური სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება. განსახილველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობისა და წარდგენილი ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება), შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი