Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-638(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ჩ-ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 7 ივლისს თ. ჩ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, თ. ჩ-ი დაიბადა და აღიზარდა საქართველოში. იგი იმყოფება საზღვარგარეთ და საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვერ დაბრუნდა. 2022 წლის 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თ. ჩ-ის შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, იმ მიზეზით, რომ იგი თითქოს იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც მოსარჩელის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თ. ჩ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულება ,,საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ’’ თ. ჩ-ის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" დებულების 38.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, წარდგინებას თან უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) ასლი, ამ დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციისა და უშიშროების სამსახურებში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის - საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულების გამოცემას საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის N1000707953 დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით თ. ჩ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც თავის მხრივ მიღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის NMIA 0 20 00533057 წერილის საფუძველზე, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქე თ. ჩ-ი სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაეყრდნო საქმეში არსებულ უმთავრეს მტკიცებულებას. სადავო ბრძანებულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის N1000707953 დასკვნა თ. ჩ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, სააგენტოს აღნიშნული დასკვნა დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის NMIA 0 20 00533057 წერილსა და ამავე წერილზე თანდართულ თ. ჩ-ის სახლეზე გაცემულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლს, რომლითაც დასტურდება, რომ ჩ-ი ფლობდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას.

კასატორის მითითებით, სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ნაცვლად დაეყრდნო არსებითად არასათანადო და არასაპირწონე დოკუმენტს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. მოსკოვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ტროიცკის და ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციული ოლქების შინაგან საქმეთა სამმართველოს, ქ. მოსკოვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიგრაციის საკითხების განყოფილების 2020 წლის 29 აპრილის N197 ცნობას, რომლის თანახმად, თ. ჩ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, ქ. ქუთაისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველოს ცენტრალიზებული აღრიცხვების და ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა „...ს“ მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ ირიცხება როგორც მოქალაქე. კასატორის განმარტებით, სასამართლოს ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულება, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში უპირობოდ უნდა ეხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული დოკუმენტით, რადგან, ამ მტკიცებულების წარმომავლობის კანონიერება არ ყოფილა სადავო. ამასთან, პრეზუმირებულად უნდა იქნეს მიჩნეული რომ მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო უწყების მიერ არის წარმოდგენილი არის კანონიერი და დაუშვებელია მისი არასარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევა.

კასატორის მითითებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 102.3 მუხლით, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორის მოსაზრებით სათანადო მტკიცებულებას შეიძლება განეკუთვნებოდეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი და არა რუსეთის ფედერაციის უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის სათანადო წესით საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურიერთდახმარების ფარგლებში წარმოდგენილი. კასატორმა აღნიშნა, რომ საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებას, რომლითაც თ. ჩ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო 39-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ჩ-ი დაიბადა ... წელს, საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის №MIA 0 20 00533057 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქალაქეებს მიღებული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან მათ სარგებლობაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით: თ. ჯ.-ს ძე ჩ-ი (დაბ. ...წ. პ/ნ ...) ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2020 წლის 20 მარტის №1000707953 განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის თ. ჩ-ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ თ. ჩ-ის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 20 მარტის №1000707953 განცხადება/წარდგინების დაკმაყოფილება და თ. ჩ-ისთვის (დაბადებული: ... წელს) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით.

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით თ. ჩ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეეზღუდოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტში თ. ჩ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ თ. ჩ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით. მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე თ. ჩ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ექვემდებარება ბათილად ცნობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 29 აპრილის №197 ცნობის თანახმად, თ. ჩ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, ქ. ქუთაისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველოს ცენტრალიზებული აღრიცხვების და ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა ,,...ს “ მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ ირიცხება როგორც მოქალაქე, რომელმაც მოიპოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე