საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-655(კ-24) 11 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები - თ. ც-ე, გ. უ-ა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 ოქტომბერს გ. უ-ას და თ. ც-ეის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა კონტრაქტები ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. აღნიშნული კონტრაქტებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება სამხედრო სამსახურის 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეები საცხოვრებელი ბინით, რომელიც სამხედრო სამსახურის 5 წლიანი ვადის დასრულების შემდეგ, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდათ. მოსარჩელეების მიერ სრულად შესრულდა კონტრაქტის პირობები, კერძოდ, მათ იმსახურეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 5 წლის განმავლობაში, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გ. უ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, გ. უ-ასთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა და ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ც-ეს შორის 2009 წლის 1 იანვარს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, თ. ც-ეისთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. უ-ასა და თ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. უ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ გ. უ-ასთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. ც-ეისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2009 წლის 1 იანვარს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ თ. ც-ეისთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ც-ემ და გ. უ-ამ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოსარჩელეების მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის (თითოეულისთვის 590-590 ლარის) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე ურის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თ. ც-ეის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ. ც-ეისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, თ. ც-ეის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; გ. უ-ასა და თ. ც-ეის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ც-ეისა და გ. უ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 590-590 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ც-ეს შორის 2009 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი, აღნიშნული კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია შეთანხმების ოქმით კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან 10 წლით, თუმცა ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ კონტრაქტის ვადასთან ერთად გადავადდა 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, ვინაიდან მხარეთა შეთანხმების ოქმით ამ მუხლში ცვლილება არ შესულა, იგი დარჩა უცვლელი.
თ. ც-ეისა და გ. უ-ას სააპელაციო საჩივართან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მოთხოვნა მართლზომიერია, მაშინ სწორედ მოპასუხე ხდება იმ ხარჯის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, რომელიც მისი დაუსაბუთებელი მოქმედების/უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა და პირიქით - მოპასუხის პოზიციის საფუძვლიანობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ გაღებულ ხარჯს მოსარჩელე აანაზღაურებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ სასამართლო წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, არამართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ კონტრაქტის ვადის 10 წლით გაგრძელება არ უკავშირდება კონტრაქტის 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ვინაიდან, შეთანხმების ოქმით ამ მუხლში ცვლილება არ შესულა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით, კვლავ ძალაშია. კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ც-ეს შორის კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 1 იანვარს, ხოლო №74 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა კონტრაქტში 2011 წლის 1 აგვისტოს - კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წელიწადსა და 7 თვეში, მანამ სანამ თავდაცვის სამინისტროს თ. ც-ეის მიმართ წარმოექმნებოდა საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება. შესაბამისად, იმ დროიდან, როდესაც განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში, იგი შეეხო არა მარტო 5.1.9 პუნქტს, არამედ მთლიან ხელშეკრულებას. კასატორის განმარტებით, 10 წლიანი ვადის ცვლილება ბმაშია კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტთან, რადგან ამ ცვლილებით 10 წლიანი ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის გაფორმების დღიდან ე.ი. 2009 წლიდან 1 იანვრიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გაუქმებას და ახალი ვადის განსაზღვრას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის გარემოებებით, დადგენილია, რომ 2009 წლის 1 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ც-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომლის 5.1.9. პუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დაეკმაყოფილებინა ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ, ხოლო 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ც-ეს შორის 2009 წლის 1 იანვარს გაფორმებული 5 წლიანი ხელშეკრულება, 2011 წლის 1 აგვისტოს №74 შეთანხმების ოქმით გაგრძელდა 5 წლის ვადით - 2019 წლის 1 იანვრამდე, თუმცა 2017 წლის 5 იანვარს იგი დათხოვნილ იქნა რეზერვში ზღვრული ასაკის გამო, შესაბამისად, მას შეუწყდა 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული 10 წლიანი შეთანხმების ოქმი.
სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 5 იანვრის №MOD 3 17 00000010 ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ...ის მეთაურის ... ...ის დარგში (...) (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №...), კაპიტანი - თ. ი.-ს ძე ც-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თ. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2001 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომლითაც ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 5 წლის ვადით ნიშნავს, იმას, რომ 10 წლიანი ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის გაფორმების დღიდან ე.ი. 2009 წლიდან 1 იანვრიდან, რაც ნიშნავდა მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გაუქმებას და ახალი ვადის განსაზღვრას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევდა გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. მითითებული ნორმის შინაარსი შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის გარანტიას, იმ შემთხვევებისათვის, თუკი ხელშეკრულების პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მაშინ ეს პირობა ბათილია და ძალა არა აქვს. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ასევე შეცვალონ შეთანხმებული პირობები, რა დროსაც შესაძლოა ერთი - ერთი მხარისათვის გაუარესდეს მდგომარეობა, თუმცა ასეთი გაუარესება უნდა ემყარებოდეს მხარეთა თავისუფალ ნებას. ხელშეკრულების პირობების გაუარესებად, განსახილველ შემთხვევაში, არ შეიძლება მოვიაზროთ საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების გადაწევა. თ. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების დადებიდან მესამე წელს მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, შესაბამისად კონტრაქტის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 1 აგვისტო, თუმცა ხელშეკრულების ორივე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ შეთანხმება ვერ შესრულდებოდა და თ. ც-ე ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 2 წლით ადრე მიაღწევდა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილ ზღვრულ ასაკს, რაც კონტრაქტის 9.1.5 მუხლის შესაბამისად გახდებოდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებისათვის იმთავითვე ცნობილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, უსრულდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკი და ამის გამო შეთანხმება ვერ შესრულდება, მსგავსი პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებაში ჩართვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე