საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1079(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ძ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 2 მარტს კ. და ჯ. ძ-იებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ცხოვრობენ უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში ქირით. ამასთან, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროებათ პერიოდული სამედიცინო შემოწმება. მათ არ გააჩნიათ უძრავი ქონება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-475/ო ბრძანებით უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-475/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-475/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის ქ.ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კ. ძ-ის დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-475/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), კ. ძ-ის დევნილ ოჯახს არასაკმარისი ქულის გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ძ-ისათვის ქულის დაკლება არ წარმოადგენდა კანონის შესაბამის ქმედებას, კერძოდ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დევნილ პირს ქულა ემატება როგორც ქირით ცხოვრების, ისე ქირის გარეშე სხვის სახლში ცხოვრების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის N7 დანართის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის საფუძველზე ქულის მინიჭებისას, სხვის სახლში მცხოვრებ დევნილს, იმის მიუხედავად ცხოვრობს ქირით თუ ქირის გარეშე, ენიჭება 1.5 ქულა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეს კრიტერიუმი საკანონმდებლო დონეზეც ერთ პუნქტში (ერთ წინადადებაშია) ჩამოყალიბებული შემდეგი სახით: ,,დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა) ქირით ან ქირის გარეშე. 1,5 ქულა’’, რაც ცალსახად ადგენს კანონმდებლის ნებას, რომ ამ კრიტერიუმში ქულის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დევნილი ცხოვრობდეს ,,სხვის’’ საკუთრებაში (არ გააჩნდეს საკუთარი), ხოლო ის გარემოება იხდის თუ არა ქირას, მოცემულ შემთხვევაში არ ცვლის მინიჭებული ქულის ოდენობას, მით უფრო არ გამორიცხავს მისი განსახლების საჭიროებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის, როგორც ქირით მცხოვრები პირისთვის 1.5 ქულის დაკლება არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესს. დევნილი ოჯახისათვის განსახლების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მისთვის თავდაპირველად განსაზღვრული 4.5 ქულის შესაბამისად, რაც მიუთითებს საჭიროებაზე ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით კი, დასტურდება, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წერილობითი განცხადება არ იყო წარმოდგენილი, რომ მას ვინმე მითითებულ საცხოვრებელ ფართიდან ასახლებდა ან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარეს უნდა წარმოედგინა ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაამყარებდა იმ ფაქტს, რომ კ. ძ-ი ქირით ცხოვრობდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ კ. ძ-ი სხვის სახლში ცხოვრობს, ვერ იქნება უტყუარი არგუმენტი და გასაზიარებელი სასამართლოს მიერ, რადგან მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სააგენტოს საპირისპირო გადაწყვეტილებას მიაღებინებდა. ასევე ქვემდგომი სასამართლოების მიერ არ უნდა ყოფილიყო უტყუარ მტკიცებულებად გაზიარებული მოწმის ჩვენება მოწმე მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავდა, რომ კ. ძ-ი ქირას იხდიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს არასაკმარისი ქულის საფუძვლით, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ. ძ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მან განაცხადი წარადგინა აწ. გარდაცვლილ შვილთან - ჯ. ძ-ითან ერთად. მოსარჩელე კ. ძ-იმა 2019 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა მისი ოჯახისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. კ. ძ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.5 ქულა და სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქულა.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის 2021 წლის 30 ივნისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, კ. ძ-ი 2011 წლიდან მონიტორინგის განხორციელების დროისთვისაც ქირით ცხოვრობს ე. ქ-ას სახლში. მოსარჩელის განმარტებით, ე. ქ-ას უძრავი ქონება არ აქვს დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმით, მოსარჩელე კ. ძ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა 1,5 ქულა ქირის კრიტერიუმში). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-475/ო ბრძანებით კ. ძ-ის ოჯახს, არასაკმარისი ქულის გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 დანართის თანახმად, ოჯახს, იმის მიუხედავად ცხოვრობს ქირით თუ ქირის გარეშე, ენიჭება 1.5. ქულა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ამ კრიტერიუმში ქულის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დევნილი ცხოვრობდეს ,,სხვის’’ საკუთრებაში (არ გააჩნდეს საკუთარი), ხოლო ის გარემოება იხდის თუ არა ქირას, მოცემულ შემთხვევაში არ ცვლის მინიჭებული ქულის ოდენობას, მით უფრო არ გამორიცხავს მისი განსახლების საჭიროებას. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ კ. ძ-იმა ვერ უზრუნველყო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიწოდება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, მოწმე - ე. ქ-ას ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა კ. ძ-ისათვის ქირის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელისათვის ქულის დაკლების უსაფუძვლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დევნილი ოჯახისათვის განსახლების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მისთვის თავდაპირველად განსაზღვრული 4.5 ქულის შესაბამისად.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ქირის გარეშე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კ. ძ-ის საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. მოსარჩელის ოჯახს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ არასწორად შეუმცირა ქულათა ოდენობა და არასაკმარისი ქულების გამო უკანონოდ უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. ძ-ისათვის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე