საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1143(კ-24) 30 იანვარი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 5 აგვისტოს თ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვლის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, თ. ს-ისთვის, სპეციალობაში „...“, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების გაუქმების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვლის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, თ. ს-ისთვის, სპეციალობაში - „...“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების გაუქმების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვლის №3 სხდომის ოქმის თანახმად, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა საკითხი, შპს „მ...ში“ პაციენტ ნ. ტ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე.
სხდომაზე იმყოფებოდა პაციენტის მამა - ს. ტ-ი, რომელმაც განმარტა შემდეგი: 2018 წლის 30 ივნისს მიიყვანა შვილი ...ში, ტკივილებით, თუმცა უკან გააბრუნეს, რადგან ... არ იყო ჯერ დაწყებული. პირველ ივლისს განმეორებით მივიდნენ ...ში, სადაც მისმა შვილმა ... და შეატყობინეს, რომ კარგად იყო. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა პოლიცია, მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა იყო და იძულებით შევიდა შვილის სანახავად და ამ დროს ნახა, რომ მისი შვილი ნიღბით იწვა, თვალებზე ხელი გადაუსვა, თუმცა რეაქცია არ ჰქონდა. რაღაც დროის შემდეგ, განყოფილების გამგემ განუმარტა, რომ ... გარდაიცვალა ...ით. ს. ტ-იმა მიუთითა, რომ ექიმებმა შეგნებულად უმკურნალეს მის შვილს არასწორად, რამაც ... და მისი სიკვდილი გამოიწვია.
საბჭოს სხდომის ოქმის თანახმად, საკითხის შესწავლის შედეგად, დაფიქსირდა შემდეგი დარღვევა–ნაკლოვანებები:
1. სამედიცინო ბარათის ასლში არ ფიქსირდებოდა 01.07.18 წლის 01:00 სთ-დან 13:30 საათამდე პერიოდში დინამიკური მეთვალყურეობისა და ექიმის მიერ პაციენტის გადაბარებისას ...ის ზოგადი მდგომარეობის ამსახველი ჩანაწერები. ასევე, შეუსაბამო იყო ...სა და ექიმთა ახსნა - განმარტებებში დაფიქსირებული ინფორმაცია (..., ...ის ...ის დაწყების დრო);
2. პაციენტის სამედიცინო ბარათში მითითებული პირველადი სიზუსტის დიაგნოზის დასმისა და ... მოქმედების ...ის დაწყების დრო და ... თ. ს-ის მიერ მითითებული დაწყების დრო არ იყო იდენტური. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი დარჩა რეალურად როდის დაიწყო ... მოქმედების ...ა.
3. ...ის კ. გ-ის განმარტებით, ის გამოიძახეს ...ის ასაწყობად და სთხოვეს ...ისთვის ...ზე დაწოლა, თუმცა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება (ექიმი თ. ს-ი);
4. ასევე კ. გ-ის განმარტებით, ექიმმა - თ. ს-იმა გამოიძახა, რათა დაეწყო დაუყოვნებელი ..., ვინაიდან ... იყო ...ში, თუმცა ...ობის ისტორიაში არ იყო მითითებული ინფორმაცია ...ს ...ის რაიმე ნიშნის გამოვლენის შესახებ (ექიმი თ. ს-ი);
5. ექიმი ი. გ-იის განმარტებით, დასჭირდათ დახმარება „...დან“, რასაც როგორც გაირკვა, მოჰყვა ...ის ...ის განვითარება, თუმცა ისტორიაში არ ფიქსირდება მონაცემები ...ის მსვლელობისას ...ს თავის ...ის გაძნელების და დახმარების რაიმე მეთოდის გამოყენების შესახებ (ექიმი თ. ს-ი);
6. ისტორიაში ასევე იყო დაფიქსირებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ...ს აღენიშნებოდა ...ის ...ის ირგვლივ, ასევე ტანის ირგვლივ და ...ის გარშემო, რაზეც ასევე უთითებდა ექიმი ი. გ-იი ახსნა-განმარტებით ბარათში (ექიმი თ. ს-ი);
7. ოქმის მიხედვით, ... მოცილებულ იქნა ...ის კონტროლირებადი ...ით, მთელი ნაწილებით და გარსებით. თუმცა, სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით სასამართლო ... დიაგნოზი იყო: ... მიმაგრება ..., ასევე, ...ის ზედაპირზე აღინიშნებოდა ალაგ-ალაგ ...ის ქსოვილი და ...ით მიხორცებული იყო ...ზე (ექიმი თ. ს-ი);
8. ექიმი ი. გ-იის განმარტებით, ...ის ოპერაციის მსვლელობისას ...ს უჭირდა ... და პერიოდულად დუნდებოდა, რის გამოც ოპერატორმა დაამატებინა ...ი. ამის ფონზე ..., თუმცა რჩებოდა დიდი ზომის, ...ს დონეზე, გადიდებული 20-22 კვ. ...ის ვადამდე. ასევე, ...ის ოპერაციის მსვლელობის პროცესში ...დან გამოტანილ იქნა ...ები, რის თაობაზეც ინფორმაცია არ ფიქსირდება ბარათში (ექიმი თ. ს-ი);
9. ...ის ისტორიაში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია ... რაოდენობით ...ის და ...ის - ...ის აღდგენის შესახებ, ასევე, ...ის ოპერაციის დასრულებისას პაციენტისთვის ...ის 4 ტაბლეტის ჩადების ფაქტიც (ექიმი თ. ს-ი);
10. ...ების ოქმში ექიმი ... კ. გ-ი აღწერს, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ...ზე, თუმცა ბარათში არ ფიქსირდება კონკრეტულად რა მომენტში და რა სახის ... განუვითარდა პაციენტს, რატომ არ მოხდა ყურადღების გამახვილება აღნიშნულ ...თან მიმართებაში, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა, დიაგნოსტირება, მედიკამენტოზური ჩარევის მითითება ასეთის ჩატარების შემთხვევაში და ასევე დინამიკაში ...ს პროგრესირების თუ რეგრესის აღწერა (ექიმი კ. გ-ი);
11. არ მოხდა კატასტროფის ბრიგადის გამოძახება უფრო ადრეულ პერიოდში (კატასტროფის ბრიგადის გამოძახება განხორციელდა ჩატარებული ...ის შემდგომ 01.07.2018 წ. 17:25 სთ-ზე (ექიმები: თ. ს-ი და სხვა);
12. სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება, ...ის შემდგომ პოსტოპერაციულ პერიოდში მოსალოდნელი ...ის დროულად დიაგნოსტირების მიზნით, ...ის სასიცოცხლო ნიშნების და მდგომარეობის, ...ის რაოდენობის, ...ის და ზომის შეფასების და მკაცრი დოკუმენტირების შესახებ ინფორმაცია (ექიმი თ. ს-ი);
13. ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში (ბარათის №171, 9088/17) არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია ჩატარებულ აცრებზე, ანთროპომეტრულ მონაცემებსა და მათ დინამიკაზე, მედიკამენტების გვერდით მოვლენებსა და ალერგიულ გამოვლინებაზე, ქრონიკული დაავადებების არსებობის თაობაზე. ასევე, სატიტულო გვერდზე-მონაცემები პაციენტის სისხლის ჯგუფის და რეზუს კუთვნილების შესახებ. ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის მეორე გვერდზე არ იყო დაფიქსირებული ...ის არსებობა (ექიმი ლ. ნ-ი);
14. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ისტორიის (ისტორიის №24001041479, რეგისტრაციის №ს591/18) პირველ გვერდზე, ასევე, არ ფიქსირდებოდა სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჩატარებული აცრები, ანთროპომეტრული მონაცემები და მათი დინამიკა, გვერდითი მოვლენები მედიკამენტებზე, ალერგიული გამოვლინება, ქრონიკული დაავადების არსებობა (ექიმები; თ. ჩ-ი და ი. გ-ი);
15. ...ზე არ ფიქსირდებოდა ექიმი ი. გ-იის ხელმოწერა;
16. სამედიცინო ბარათის ასლში არ ფიქსირდებოდა თანხმობა ...აზე-ოპერაციის პროტოკოლზე (№17) ოპერაციის დასრულების დრო (ექიმი თ. ს-ი);
17. სამედიცინო ბარათის ასლში არ ფიქსირდებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში მდგომარეობის ამსახველი ჩანაწერები, დანიშნულება, პაციენტის გარდაცვალების ... (ექიმები: კ. გ-ი, თ. ს-ი);
18. პაციენტ ნ. ტ-ის „...ობის ისტორიაში“ (№591/18), ნ. ტ-ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სამედიცინო დახმარებაში მონაწილე ექიმთა ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული ინფორმაციები ერთმანეთთან შეუსაბამო იყო.
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ ექიმების, მათ შორის, თ. ს-ისთვის პროფესიული სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა პროფესიული განვითარების საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, სახეზე უნდა იყოს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება, შემამსუბუქებელი გარემოებანი, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის კანონიერებას.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი რეცენზენტის დასკვნა, რომლის თანახმად, ...ობის შემდგომი ... გადაუდებელი ... მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება ...ობის ან ...ის შემდეგ (...) და რომელიც ვერ კომპენსირდება ფიზიოლოგიური მექანიზმებით. დღევანდელ პირობებში ... სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს ...ობის შემდგომი ... წარმოადგენს. ...ობის შემდგომი ... გადაუდებელი ... მდგომარეობაა, რომლის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და დამოკიდებულია - ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორზე, ...ის დარღვევის სიღრმეზე, მკურნალობის მაქსიმალურად დროულ დაწყებაზე. ლეტალური გამოსავალი დგება ...ის გამო განვითარებული ...ით, რაც მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, სამწუხაროდ, განვითარდა განსახილველ შემთხვევაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენების შეუძლებლობა (კონკრეტული ვადით საექიმო საქმიანობის შეჩერება და არა ლიცენზიის გაუქმება) რატომ გამორიცხავდა სახდელით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას, რადგან საქმის მასალების თანახმად - მოსარჩელესა და მის კოლეგებს, სადაც ყველა ექიმს თავისი ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა, ყველას ერთნაირი სახდელი დაეკისრა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე სათანადო წესით არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო მოსარჩელე მხარისათვის მტკიცებულებების გაცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.
კასატორმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის ექიმის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა პროფესიული განვითარების საბჭოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამასთან, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. კასატორის განმარტებით, პაციენტ ნ. ტ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და სარეცენზიო დასკვნის, სამედიცინო პერსონალის ახსნა-განმარტებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება თ. ს-ისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე. პროფესიული განვითარების საბჭომ, საქმის სრულყოფილად გამოკვლევის, წარდგენილი მასალების შეჯამების შემდეგ, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, მიიჩნია, რომ შპს „მ...ს” (კასპი) ექიმს თ. ს-ის უნდა დაჰკისრებოდა პროფესიული პასუხისმგებლობა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვლის N3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (რომლითაც თ. ს-ის გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში - „...“) კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული იმ ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რაც თ. ს-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. თუმცა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერებისა და ამ კუთხით, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობა. სასამართლოებმა ასევე მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვლის N3 სხდომის ოქმის თანახმად, სააგენტოს მიერ შესწავლილი იქნა საკითხი, შპს „მ...ში“ პაციენტ ნ. ტ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე.
შესწავლის შედეგად, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს „მ...ს“ ექიმების: თ. ს-ისა (სერტიფიცირებული „...“) და სხვათა პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
ოქმის შინაარსის მიხედვით, პროფესიული განვითარების საბჭომ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ... პაციენტს - ნ. ტ-ის გაეწია არასრულყოფილი სამედიცინო დახმარება, მთელი რიგი დარღვევებით, რამაც გამოიწვია ... და შემდგომ მისი გარდაცვალება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შპს „მ...ს“ ექიმს თ. ს-ის სპეციალობაში „...“ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ თ. ს-ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელობის 2018 წლის 23 აგვისტოს N004661618 დასკვნის მიხედვით, ნ. ტ-ის სიკვდილის მიზეზი გახდა ... (..., ...ის და სხვა ორგანოთა) უკმარისობა, რომელიც განვითარდა ...ის შემდგომ პერიოდში მწვავე ...ის შედეგად. რამ გამოიწვია ..., დროულად, სწორად ჩატარდა თუ არა ოპერაცია ან სამედიცინო მანიპულაციები, გასარკვევად საჭირო იყო ჩატარებულიყო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, სათანადო პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მონაწილეობით. სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ ნ. ტ-ის სიკვდილი დადგა 2018 წლის 01 ივლისს 23:20 საათზე. გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულს. ნ. ტ-ის გვამს, გარდა სამედიცინო მანიპულაციის კვლებისა, ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ექსპერტ გ. თ-ის (... ასოცირებული პროფესორის) რეცენზიით ირკვევა, ...ობის ისტორია არ იყო შევსებული სრულყოფილად, ამასთან, პაციენტის ისტორიაში აღწერილი ფაქტები არ იყო თანხვედრაში როგორც ექიმების მიერ მოწოდებულ ახსნა-განმარტებით ბარათებში დაფიქსირებულ მთელ რიგ ინფორმაციასთან, ასევე, სამხარაულის სახ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნასთან.
რეცენზიაში ასევე მითითებულია, რომ ...ობის შემდგომი ... გადაუდებელი ... მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება ...ობის ან ...ის შემდეგ (....) და რომელიც ვერ კომპენსირდება ფიზიოლოგიური მექანიზმებით. დღევანდელ პირობებში ... სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს ...ობის შემდგომი ... წარმოადგენს. ...ობის შემდგომი ...ის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და დამოკიდებულია - ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორზე, ...ის დარღვევის სიღრმეზე, მკურნალობის მაქსიმალურად დროულ დაწყებაზე. ლეტალური გამოსავალი დგება ...ის გამო განვითარებული ...ით, რაც მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, სამწუხაროდ განვითარდა თ. ს-ის შემთხვევაში. ...ის შემდგომ პოსტოპერაციულ პერიოდში მოსალოდნელი ...ის დროულად დიაგნოსტირების მიზნით რეკომენდებულია დედის სასიცოცხლო ნიშნების და მდგომარეობის, ...ის რაოდენობის, ...ის და ზომის შეფასება და მკაცრი დოკუმენტირება, რათა დროულად იქნეს ამოცნობილი ... და დაწყებული იქნეს ადეკვატური მასშტაბის ქმედება.
ექსპერტ ვ. შ-ის განმარტებით, (...ი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი) ავადმყოფის გარდაცვალება არის ...ის შედეგი, ეს გართულება კი კვლავ რჩება ...ობის შემდგომ სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ს“ მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს მომზადებული N01-04/01 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სტაციონარში პაციენტ ნ. ტ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარება ... მიმართულებით, მიუხედავად ხარვეზებისა, ჩატარდა სრულად და ჯეროვნად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.
ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ საფუძვლებს: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.
მითითებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა პროფესიული განვითარების საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა. დისკრეციული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის კუთხით და ასევე მიღებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულოობას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ სადავო აქტში არ არის მითითებული საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, თუმცა აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ საბჭომ თ. ს-ის მიერ პაციენტ ნ. ტ-ისთვის მიმართ ჩატარებული სამედიცინო საქმიანობა შეაფასა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული იმ ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რაც თ. ს-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. თუმცა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერებისა და ამ კუთხით, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, უდავოდ არის დადგენილი ცალკეული სამედიცინო გადაცდომები, მაგრამ, სადავო აქტში არ არის დასაბუთებული და კონკრეტიზებული უშუალოდ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა/დარღვევები, მათი სიმძიმე, დამდგარ შედეგთან შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და შესაბამისად, გამოყენებული პასუხისმგებლობის სახის თანაზომიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების მიღების კანონზომიერებას. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი დასაბუთება სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე მსჯელობის გვერდის ავლით, გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი ღონისძიება, რაც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა შესწავლის საჭიროებაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალდებულება არ გულისხმობს მოსარჩელისთვის სხვაგვარი პასუხისმგებლობის ფორმის შეფარდების აუცილებლობას. ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხზე ხელახალი მსჯელობისას, არ ეზღუდება იმავე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა, წარმოეშობა ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სზაკ-ის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI თავი არეგულირებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას, რომლის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის, რომლის საქმიანობაც შემოწმდა, მონაწილეობა სავალდებულოა ყველა ეტაპზე, მათ შორის, საბჭოს მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვის პროცესში საბჭო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს განცხადების ან საჩივრის საფუძველზე, რომლის თაობაზეც იგი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, ხოლო აღნიშნული სუბიექტი საბჭოს წარუდგენს საკუთარ პასუხს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო წესით არ უზრუნველყო მისთვის მტკიცებულებების გაცნობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექიმის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიუწვევლობა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანს მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხის შეფასება წარმოადგენს, მიუხედავად მისი ჩართულობის შემთხვევაში იდენტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობისა, იწვევს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებას და დაინტერესებული პირის უფლებების დაუსაბუთებელ შელახვას, მით უფრო განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქმეზე №ბს-64(კ-20) 29.04.2020 წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად გადაწყდა განსახილველი საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე