№ბს-1103(კ-24) 24 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. მ-იმა სარჩელით მიმართა ...ის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ...ს მუნიციპალიტეტში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დასანიშნი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 560 ლარით; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №SSA 4 22 00696655 გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 თებერვლის №SSA 7 23 00125902 გადაწყვეტილება; დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2021 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელეს დაენიშნება კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ე) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს მოსარჩელეს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (2021 წლის 1 აპრილიდან), სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ...ს მუნიციპალიტეტში ...ის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ...ს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 24 მარტის (№2639-2-00293) გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №SSA 4 22 00696655 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 თებერვლის №SSA 7 23 00125902 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2021 წლის 1 აპრილიდან მ. მ-ის დაენიშნება კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის სტაჟის ნამრავლი. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს მ. მ-ის სხვაობა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციასა და მასზე 2021 წლის 1 აპრილიდან გაცემულ კომპენსაციას შორის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ...ს სერვის ცენტრს 2021 წლის 22 მარტს №564 განცხადებით მიმართა მ. მ-იმა, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და ითხოვა 65 წლის ასაკის მიღწევის გამო საერთო სასამართლოებისთვის განკუთვნილი წესის შესაბამისად (დასაქმების ადგილი ქ. ... სასამართლო, ნამსახურების საერთო სტაჟი 28 წელი), სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. განცხადება განხილულ იქნა სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის მიერ. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადებში, 2021 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა მ. მ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა და ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა გასაცემი კომპენსაციის ოდენობა.
2022 წლის 16 დეკემბერს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მ. მ-იმა №661015 განცხადებით კვლავ მიმართა ...ს სერვის ცენტრს, თუმცა არ წარუდგენია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია. შესაბამისად, ტერიტორიული ერთეულის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება კომპენსაციის ახალი ოდენობით დანიშვნის/გადაანგარიშების და სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნას, მ. მ-ის 2022 წლის 16 დეკემბრამდე სააგენტოსათვის აღნიშნულ საკითხზე არ მიუმართავს. სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტიდან წარდგენილი 2023 წლის 31 იანვრის №104770 წერილობითი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება ხორციელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ოდენობის, მოსამართლედ მუშაობის სტაჟისა და მოსამართლის პოზიციის გათვალისწინებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული იყო კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ისათვის, სასამართლოს ყოფილი მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა, მაქსიმალური ზღვარის გათვალისწინებით, განისაზღვრა 560 ლარით. ამდენად, მ. მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა და მისი ოდენობის განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით დაუსაბუთებელია მ. მ-ის მიერ მოყვანილი მსჯელობა სპეციალური და ზოგადი ხასიათის ნორმებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-12 მუხლებთან მიმართებით. კანონის მე-7 მუხლში საუბარი არ არის ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი პირობა. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განმარტავს კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი ადგენს ზღვარს, ანუ დანიშნული კომპენსაციის გასაცემ მაქსიმალურ ოდენობას, რაც არსებითად და ადმინისტრირების მნიშვნელობით არის ურთიერთდამოკიდებული პირობა. შესაბამისად, თანხების მოცულობაში არსებული სხვაობის პირობა არ შეიძლება შეფასდეს ნორმათა შორის კოლიზიად, რომელიც განხილულ უნდა იქნეს უპირატესი მნიშვნელობით, სპეციალური და ზოგადი შინაარსის ნორმის ბუნების პრინციპით. ამ ორი ნორმის რეგულირების სფეროები განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც, კანონის მე-12 მუხლი აწესრიგებს მხოლოდ დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი უზრუნველყოფს ადმინისტრირების პირობას. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვართან მიმართებით გამონაკლისს უშვებს მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე, რომელთა შორის საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეები, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, არ არიან გათვალისწინებული. შესაბამისად, მითითებულ ნორმებში არსებულ ტერმინებს („დანიშვნა“, „გაცემა“) გააჩნია სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა და მოქმედი კანონმდებლობის მიზნების გათვალისწინებით, ამ ტერმინების სწორად გამოყენება წარმოშობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს. ამდენად, სახეზე გვაქვს ორი პირობა, კერძოდ, საჩივრის ავტორი წარმოადგენს ბენეფიციარს, რომელსაც ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა დადგენილი აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის წესითა და ოდენობით.
კასატორის მოსაზრებით, თუ მ. მ-ის საჩივარში მითითებულ მოსაზრებას გავითვალისწინებთ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით მოსარგებლე სხვა კატეგორიის მიმართ (მაგალითად, კანონის მე-8, მე-9, მე-13, მე-14, მე-15, 151 და ა.შ. მუხლებით განსაზღვრული პირები) და კანონის მე-7 მუხლის სამართლებრივი რეგულირების სფეროს მიღმა განვიხილავთ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შემთხვევას, მაშინ გაუგებარია, კანონით განსაზღვრულ რომელ კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს მე-7 მუხლით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი გარკვევით და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, იმპერატიულად და არაორაზროვნად აზუსტებს ამ კანონით მოსარგებლე იმ სუბიექტებს, რომლებზეც არ ვრცელდება კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი), შესაბამისად, მითითებული ნორმების სხვაგვარად განმარტება სააგენტოს მიაჩნია დაუშვებლად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ. მ-ი 1991 წლის 11 ივნისიდან 2021 წლის 3 მარტამდე მუშაობდა საერთო სასამართლოებში მოსამართლედ, მათ შორის, 2003 წლის 02 ოქტომბრიდან - 2021 წლის 03 მარტამდე (გათავისუფლებამდე) მუშაობდა .../... სასამართლოს მოსამართლედ. მ. მ-ი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 2 მარტის №1/7 განკარგულებით გათავისუფლდა ... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო (ს.ფ. 37-49); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით (საქმის №2639-2-00293) 2021 წლის 1 აპრილიდან, მ. მ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. (ს.ფ 35); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №SSA 4 22 00696655 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის 2022 წლის 16 დეკემბრის №661015 განცხადება სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისა და დანიშვნის შესახებ (ს.ფ 23-24); დ) მ. მ-ის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 თებერვლის №SSA 7 23 00125902 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა 2023 წლის 23 იანვრის №66474 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №SSA 4 22 00696655 გადაწყვეტილება (ს.ფ 27-32).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს მოსარჩელისათვის, როგორც ყოფილი მოსამართლისათვის, დანიშნული კომპენსაციის ოდენობის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად იმის განსაზღვრა, რამდენად სწორი სამართლებრივი საფუძვლითა და ოდენობით დაენიშნა კომპენსაცია. ამ მხრივ შესაფასებელია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმათაგან რომელს ჰქონდა უპირატესი მოქმედების ძალა, რომლითაც მოსარჩელეს შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიეღო.
საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ყურადღებას მიაქცევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს ადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლით განმტკიცებულია კანონის ძირითადი პრინციპები, კერძოდ, სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, რომლის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი - 65 წლის ასაკის მიღწევაა (5.1.ბ. მუხლი). აღნიშნული კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (5.2.დ).
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის კომპენსაციის ოდენობა არის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით 2021 წლის 1 აპრილიდან მ. მ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე და მიაჩნია, რომ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა უნდა მომხდარიყო ამავე კანონის მე-12 მუხლიდან გამომდინარე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
ამასთან, აღნიშნული ნორმა მე-7 მუხლისაგან განსხვავებული კომპენსაციის გამოთვლის წესს ითვალისწინებს, კერძოდ, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის არის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ 560-ლარიან ზღვარს. ზემოხსენებულ ნორმათა გამოყენებით განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მიიღწევა, რის გამოც აუცილებელია შეფასდეს, რომელს აქვს მოცემულ შემთხვევაში უპირატესი იურიდიული ძალა და რომლის საფუძველზე უნდა დაენიშნოს მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია.
ამ მიზნით საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიმოიხილავს ზემოდასახელებულ საკანონმდებლო ნორმებში განხორციელებულ ცვლილებებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 24 აპრილის ცვლილების განხორციელებამდე, აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენდა მოქმედი მოსამართლისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლს საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშობის სტაჟზე. 2012 წლის 24 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2012 წლის 1 სექტემბრიდან), შეიცვალა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია და სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კვლავ შეიტანა ცვლილება ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა გამოანგარიშდება უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლისთვის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%–60%–ის (დამოკიდებულია მოსამართლის მიერ დაკავებულ პოზიციაზე) საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშობის სტაჟზე ნამრავლით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილების განხორციელების მიზანს წარმოადგენდა, მათ შორის, მოსამართლეთა კომპენსაციის გაცემის ისეთი წესის შემუშავება, რომელიც იქნებოდა სამართლიანი (იხ. განმარტებითი ბარათი - კანონპროექტის მიზანია შეიქმნას კომპენსაციის გაანგარიშების იმგვარი წესი, რომელიც იქნება სამართლიანი და აღმოფხვრის კანონით განსაზღვრულ ბენეფიციართა სხვადასხვა კატეგორიებს შორის ამჟამად არსებულ უთანასწორობას).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლე ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას - მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №3/1/659 საქმეზე საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, 65 წლის ასაკს მიღწევისას, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს წარმოეშობათ კომპენსაციის მიღების უფლება. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს მიერ მოსამართლის ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა არ ემსახურება საკუთრივ, მოსამართლის პირადი კეთილდღეობის შექმნას. ამ მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა, მოსამართლის მაღალი სტატუსის დაცვაა, ანუ სასამართლო სისტემის ინსტიტუციური ფუნქციონირების გარანტიაა. სახელმწიფო კომპენსაცია ემსახურება მოსამართლეთა კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფ გარანტიას. შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გულისხმობს მისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას, როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ისე სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების შემდეგაც.
მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის მიხედვით, მოსამართლეებს, რომლებსაც მათთვის დაკისრებული სამოსამართლო ფუნქციების განხორციელება დაასრულეს განსაზღვრულ ვადაში და მიაღწიეს მოსამართლეებისთვის კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს, უნდა მიეცეთ პენსია, რომლის ოდენობაც მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს მოსამართლედ მუშაობის ბოლო ხელფასის ოდენობასთან (მუხლი 6.4); მოსამართლეთა ადეკვატური პენსია კანონით უნდა იყოს დაცული (,,ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ’’ მიღებულია გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესის მიერ, მილანი, 1985 წლის 26 აგვისტო -- 6 სექტემბერი, ძალაშია გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის 40/32 და 13 დეკემბრის 40/146 რეზოლუციებით). მოსამართლეთა ხელფასი და პენსია უნდა იყოს ადეკვატური, მოსამართლის სტატუსის, ღირსებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი და პერიოდულად უნდა გადაიხედოს იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ინფლაციის შედეგი (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტი („სინგვის დეკლარაცია“)). პენსია უნდა იყოს გონივრულ თანაფარდობაში მოსამართლედ მუშაობის დროს არსებულ ანაზღაურებასთან და მოსამართლეთა ანაზღაურების შემცირებისგან დაცვის სპეციალური სამართლებრივი დებულებები უნდა არსებობდეს (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოთა მიმართ CM/Rec (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და მოვალეობების შესახებ).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით დეკლარირებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად, მოსამართლე მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მატერიალური და სოციალური გარანტიებით სარგებლობს. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, მოსამართლისათვის სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა არის მისი ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის საჯარო აღიარება (იხ. ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ no.17767/08, §77, 19.11.2012 ). მოსამართლისათვის კანონმდებლობით ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპენსიო კომპენსაციის მიღება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებით (იხ. Carson and Others v. the United Kingdom[GC], no. 42184/05, § 64, ECHR 2010). პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრების შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევას, რომელიც უნდა იქნეს სამართლებრივად განმარტებული (იხ. Rasmussen v. Poland, no. 38886/05, § 71, 28 April 2009). I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობაში უნდა იყოს კანონიერი და ის უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, „შედიოდეს საზოგადოებრივ ინტერესებში“. ნებისმიერ ჩარევა უნდა იყოს პროპორციული რეალიზებად მიზანთან. სხვა სიტყვებით, ,,სამართლიანობის ბალანსი“ უნდა იქნეს დაცული საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნასა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (იხ. The Former King of Greece and Others v. Greece [GC], no. 25701/94, §§ 79 and 82, ECHR 2000-XII). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ამცირებს მოსახლეობის შესაბამისი ნაწილისთვის ანაზღაურებადი პენსიის ოდენობას, უნდა იქნეს გატარებული არადისკრეციული გზით (იხ. Lakićević and Others v. Montenegro and Serbia, nos. 27458/06, 37205/06, 37207/06 and 33604/07, § 59, 13 December 2011).
იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ 560-ლარიან ზღვარს, მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ისთვის 560 ლარის ოდენობით კომპენსაციის განსაზღვრა ეწინააღმდეგება მითითებული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ ძირითად მიზანს - სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს იმ მოქალაქის სოციალური დაცვის გარანტია, რომელმაც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახური გაიარა, ასევე, კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დეკლარირებულ ერთ-ერთ ძირითად პრინციპს - სამართლიანობას. შესაბამისად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 1991 წლის 11 ივნისიდან სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდა, რომელიც 2021 წლის 4 მარტიდან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო შეუწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მასზე უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომელიც მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის და მისი ოდენობის დაანგარიშების სპეციალურ წესს ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-849(კ-20) (04.03.2021წ.) საქმეზე განმარტა შემდეგი: „დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად, რადგან ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადავო საკითხის მოწესრიგებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური ნორმა, კონკრეტულ შემთხვევაში - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი“.
განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მოსამართლეთა პოზიციების გათვალისწინებით, კომპენსაციის გამოთვლის ინდივიდუალურ წესს გვთავაზობს, რომელიც, ზოგად ნორმასთან შედარებით, უპირატესი ძალის მქონეა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საკითხი მოწესრიგებულია სპეციალური ნორმით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგადი ნორმის, კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურად, რადგან აღნიშნული დანაწესით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა გამოიყენება მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული სადავო საკითხის მოწესრიგებას. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე და გონივრული განსჯის შედეგად შეუძლებელია სხვაგვარი დასკვნის გაკეთება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ შემოთავაზებული მსჯელობა ფაქტობრივად აქარწყლებს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით შემოღებულ სოციალური დაცვის გარანტიას, ილუზორულს ხდის საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ საშეღავათო სოციალურ უფლებას და ეწინააღმდეგება თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანს, რაც დაუშვებელია (შეად. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-719(კ-22)).
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, (2024 წლის პირველი მაისიდან მოქმედი რედაქცია), ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 000 ლარს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12−153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.
ამავე კანონის მე-7 მუხლის დღეის მდგომარეობით არსებული რედაქციის თანახმად, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით; (2) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით; (3) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა; (4) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლი პრაქტიკულად იმეორებს ამავე კანონის მე-7 მუხლის დღეის მდგომარეობით არსებულ მოცემულობას. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის დანაწესი ვერ შეცვლის ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის და მისი ოდენობის დაანგარიშების სპეციალურ წესს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია