საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-531(კ-24) 28 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.გ-მა 2022 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1046 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ის ქ. №50-ის მიმდებარედ არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ.გ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მასალებით გარკვევით ჩანს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები ერთიან სივრცეშია მოქცეული. მიწის ნაკვეთით სარგებლობს მოსარჩელე და მას სხვა მფლობელი არ გააჩნია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით კომისიის უარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1046 განკარგულება და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.გ-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის და უწყვეტი, უფლების რეალიზაციის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების მიმართვის ეტაპამდე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეწყვიტა მფლობელობა, კერძოდ, 2016 წლის ივლისში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ.ხ-ის საკუთრების უფლება, ხოლო 2016 წლის აგვისტოდან 2020 წლამდე (ნ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო გ.გ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს უწყვეტად ფლობს 2006 წლიდან, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამასთან, მიწის ნაკვეთს სხვა მფლობელი არ ჰყავს და წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კასატორი აღნიშნავს, რომ ამჟამად, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, ტერიტორია წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 1-ს, სადაც შეუძლებელია განთავსებული იყოს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ.გ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს ნ.გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, მდებარე, ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. №50-ში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №... წერილით, ქ. თბილისის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა ნ.გ-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი და აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის №50. კომისიას ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მესაკუთრე - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1046 განკარგულებით ნ.გ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... №50-ის მომიჯნავედ, საერთო ფართობი: 600.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიციას, კერძოდ, ასეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს. ასევე დადგენილია, რომ ნ.გ-მა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) საკუთრების უფლება 2020 წელს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 21 დეკემბრის №A20052094- 015/001 განკარგულების საფუძველზე მოიპოვა.
დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე - ს/კ... (ქ. თბილისი, ...ის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, ნაკვეთი №...), 2006 წელს დარეგისტრირდა ნ.ფ-ის საკუთრების უფლება. ამავე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 1 ივნისს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ე.ფ-ის საკუთრების უფლება; ხოლო 2016 წლის 1 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 ივნისის №A16017622-016/001 განკარგულების საფუძველზე - მ.ხ-ის საკუთრების უფლება; 2016 წლის 25 აგვისტოს კი, 2016 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - გ.გ-ის საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ ს/კ... უძრავ ნივთზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 21 დეკემბრის №A20052094-015/001 განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს დარეგისტრირდა ნ.გ-ის საკუთრების უფლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ნ.ფ-ის და ე.ფ-ის თავად არ მიუმართავთ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, შესაბამისად, მათ არ მოუხდენიათ ასეთი უფლების რეალიზება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა არ უნდა შეწყდეს უფლების რეალიზაციის მომენტამდე. ამრიგად, მიწის ნაკვეთის მხოლოდ 2007 წლამდე დაკავება საკმარისი საფუძველი არ არის საკუთრების უფლების წარმოშობისთვის, არამედ დაკავების ფაქტი უნდა იყოს განგრძობადი და უწყვეტი უფლების რეალიზაციის ეტაპამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.გ-ის საკასაციო საჩივარზე გ.გ-ის 22.04.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.გ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. გ.გ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ნ.გ-ის საკასაციო საჩივარზე 22.04.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე