Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-745(2კ-24) 28 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.თ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო.თ-ემ 2020 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 23 სექტემბრის №36-01192661751 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 მაისის №485 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ისნის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ო.თ-ისთვის მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის გამზ. მე-2 ..., №...-ში (ყოფილი ...ის №...), მე-2 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ფართობის, საერთო ფართით 72.90 კვ.მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, ო.თ-ემ მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის მისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას. მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბინაო წიგნის ჩანაწერის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ფორმა №16, ასევე საცხოვრებელი ფართის აზომვითი ნახაზი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტაცია საკმარისი საფუძველი იყო მისთვის ფართის უსასყიდლოდ გადაცემისთვის, თუმცა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 23 სექტემბრის №36-01192661751 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო.თ-ის მოთხოვნასთან მიმართებით; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 მაისის №485 ბრძანება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ და ო.თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ ო.თ-ის სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოპასუხემ ვერ შეძლო დაედგინა სადავო ფართის ოდენობა და მდებარეობა, არ ნიშნავს, რომ ასეთი უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს ფიქციას.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს, იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს საპრივატიზებო ფართით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ გათვალისწინებულია იმ დოკუმენტთა ნუსხა, რომელთა დართვაც სავალდებულოა კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებაზე. შესაბამისად, რომელიმე აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტის არარსებობა საკმარის საფუძველს ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. მერიის განმარტებით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა თუ რა ოდენობის ფართი გადაეცა ო.თ-ეს, ასევე გაურკვეველია, თუ რა მისამართზე იყო იგი ჩაწერილი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება მოთხოვნილი ფართით ო.თ-ის მიერ კანონიერად სარგებლობის უფლების არსებობა. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

კასატორის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მითითებით, გამგეობამ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა სადავო მისამართზე ო.თ-ის სახელზე გაცემული ფორმა №17 ან/და სხვა სახის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არქივის ცნობის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული, ხოლო განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სადავო აქტების გამოცემის დროს საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევას დაადასტურებდა. გამგეობის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 23 სექტემბრის №36-01192661751 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 მაისის №485 ბრძანების კანონიერებას. სადავო აქტების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ო.თ-ის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება რა ოდენობის ფართობი გადაეცა განმცხადებელს, ასევე გაურკვეველია, რომელ მისამართზე იყო იგი ჩაწერილი.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული (06.04.2011წ. რეგისტრაციის №...) საბინაო წიგნის ჩანაწერის ასლისა და 1990 წლის 10 იანვარს გაცემული ფორმა №16-ის შესაბამისად დასტურდება, რომ ო.თ-ე მუდმივად ჩაწერილი იყო ...ის №...-ში. აღნიშნული მისამართი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ...ის გამზირის II ..., №...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ო.თ-ე 1990 წლის 10 იანვრიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №.... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის №... საქმეში წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: ქ. თბილისი, ...ის №..., არ იძებნება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 3 ივნისს ო.თ-ის წარმომადგენელმა - თ.მ-მა მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ...ის გამზირი, II ..., №...-ში (ყოფილი ...ის №...), მე-2 სართულზე მდებარე 72.90 კვ.მ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა: 1. ო.თ-ის პირადობის მოწმობის ასლი; 2. რწმუნებულება; 3. თ.მ-ის პირადობის მოწმობის ასლი; 4. ფორმა №16; 5. საბინაო წიგნის ჩანაწერის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 6. აზომვითი ნახაზი; 7. სართულებრივი გეგმის ასლი; 8. ინფორმაცია უძრავი ქონების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 23 სექტემბრის №36-01192661751 სადავო გადაწყვეტილებით, ო.თ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა - რა ოდენობის ფართობი გადაეცა ო.თ-ეს და რომელ მისამართზე იყო იგი ჩაწერილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 მაისის №485 სადავო ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი. ხსენებული „წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს „წესით“ გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში ‑ შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც თან უნდა დაერთოს განცხადებას, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები სადავო ფართზე, კერძოდ, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენისას, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არ არის დაცული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, საკადასტრო აზომვით ნახაზში მიეთითება მიწის ნაკვეთის მხოლოდ ის ფართობი, რომელზედაც უშუალოდ განლაგებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ო.თ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მართლზომიერი სარგებლობის დადასტურების მიზნით დაინტერესებულმა პირმა გამგეობას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული საბინაო წიგნის ჩანაწერის ასლი, რაც, „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფართზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ფორმა №16, რომლითაც დგინდება, რომ ო.თ-ე 1990 წლის 10 იანვრიდან ჩაწერილი იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №...

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის №ბს-257-254(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“ (სუსგ №ბს-1001(2კ-21), 10.03.2022წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გადაცემული ფართის ოდენობა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბინაო წიგნის ჩანაწერით და ფორმა №16-ით დგინდება ო.თ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის გამზირის II ..., №...-ში (ყოფილი ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №...) მდებარე საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი, ხოლო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, როგორიცაა, მაგალითად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფართის ოდენობის დადგენა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების გაურკვევლობას - თუ რომელ მისამართზე იყო ო.თ-ე ჩაწერილი, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი იყო საბინაო წიგნის ჩანაწერი და ფორმა №16, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელე 1990 წლის 10 იანვრიდან ჩაწერილი იყო ...ის ქუჩა №...-ში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ო.თ-ე 1990 წლის 10 იანვრიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №.., მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უცდია ინფორმაციის მოძიება ზემოაღნიშნულ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერთან დაკავშირებით და იმის გარკვევა, სახეზე ხომ არ იყო ტექნიკურ ხარვეზი.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 20 ივნისის №14/71400 საქმეში არსებულ წერილთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, მასში აღნიშნულია, რომ ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების №... სერვის ცენტრის დოკუმენტებში, ...ის გამზირი II ..., №... (ყოფ. ...ის ქუჩა №...) მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული. დოკუმენტი იძლევა მხოლოდ ინფორმაციას, რომ კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული არქივში, რაც არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას მოითხოვოს მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებების მოძიებისა და გამოკვლევის შედეგად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები და მოპასუხე ისნის რაიონის გამგეობას მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო.თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე