Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1290(კ-23) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.გ-ი ( ც.ძ-ას უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...“, მ.ბ-ი, ე.რ-ი, ფ.ყ-ი, ვ.ო-ი, ე.ნ-ა, მ.ც-ე, ლ.ტ-ი, მ.წ-ი, ზ.ს-ა, მ.ჩ-ე, მ.კ-ა, ს.კ-ი, ნ.კ-ა, ა.ს-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 მაისს ც.ძ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მის საკუთრებაში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ც.ძ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ლიტ ,,გ“-დან 2/3 ნაწილი, რომლის დასაზუსტებლად წარდგენილ იქნა ნახაზი. ნახაზის მონაცემებით ლიტ. ,,გ" წარმოადგენს დღეს არსებული შენობის 8/1-ს, ხოლო ც.ძ-ას კუთვნილი ფართი ამ შენობის ნაწილს. მოსარჩელემ სწორედ ამ ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ფართის დაზუსტება. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, განცხადებასთან ერთად წარადგინა ასევე განცხადება და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ.№15-ში ლიტ ,,გ“-ზე, იგივე შენობის 8/1-ზე უფლება მხოლოდ ც.ძ-ას და მ.ბ-ის ეკუთვნის. სხვა პირთა უფლებები ამ ქონებაზე არ ფიქსირდება, რის გამოც სავალდებულო თანხმობა №... განცხადებით გათვალისწინებულ ცვლილების განხორციელებაზე გაცემულ უნდა იქნეს მხოლოდ მ.ბ-ის მიერ, რომლის თანხმობა ასახულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილებაში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მაისის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა საქმის წარმოება და მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე უძრავი ქონების ყველა მესაკუთრის თანხმობა შიდა აზომვით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. ამავე სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით დარღვეულ იქნა მისი უფლებები, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის N... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მ.ბ-ი, ე.რ-ი, ფ.ყ-ი, ვ.ო-ი, ე.ნ-ა, მ.ც-ე, ლ.ტ-ი, მ.წ-ი, ზ.ს-ა, მ.ჩ-ე და მ.კ-ა, ხოლო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ...” (თბილისი ...ის ქ. №15).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ს.კ-ი, ნ.კ-ა და ა.ს-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ც.ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც.ძ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით ც.ძ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.გ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით ი.გ-ის (ც.ძ-ას უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №87 ბრძანებით, 2020 წლის 01 იანვრიდან) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“, ასევე დღეს მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე და განმარტა, რომ როგორც სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, ასევე დღეს მოქმედი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები სავალდებულოდ მიიჩნევს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისას ყველა თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენას მარეგისტრირებელ ორგანოში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ...) თანასაკუთრების ობიექტია და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია ფიზიკური პირების საკუთრების უფლებები, სხვადასხვა წილობრივი მაჩვენებლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, მოეთხოვა ყველა მესაკუთრის თანხმობა (ყველა მესაკუთრის თანხმობა გულისხმობს: საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ თანამესაკუთრეებს. ასევე ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებით რეგისტრირებულ თანამესაკუთრეებს). შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, დაინტერესებულ პირს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ყველა მესაკუთრის თანხმობა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.გ-მა.

კასატორის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის დოკუმენტი, რაც საკითხის გადასაწყვეტად არის საჭირო. ადმინისტრაციულო ორგანოს უნდა დაესაბუთებინა, თუ რის საფუძველზე დაადგინა სხვა პირთა უფლებების და ინტერესების კავშირი ლიტ ,,გ"-სთან და მხოლოდ შემდგომ უნდა მოეთხოვა უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა თანხმობები. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება; კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების/მასში ცვლილების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტების მიღებისას მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან) დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტზე, რომლის მიხედვით, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. აღნიშნული საკითხი ანალოგიურადაა მოწესრიგებული დღეს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“, რომლის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის, არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირი. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა თაობაზე ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ უძრავი ნივთის დაყოფაზე/განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები.

ამდენად, კანონმდებელი ადგენს, რომ როდესაც ადგილი აქვს უძრავი ნივთის ფართობის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ უფლებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანისას თანამესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა სავალდებულოა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ც.ძ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №15 (ზონა თბილისი, სექტორი...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. წარდგენილ განცხადებას თან ერთოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადება, შიდა აზომვითი ნახაზი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის საჭიროა წარადგინოს ყველა მესაკუთრის თანხმობა შიდა აზომვით გათვალისწინებული ფართის მის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე (ყველა მესაკუთრის თანხმობა გულისხმობს: საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ თანამესაკუთრეებს. ასევე ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებით რეგისტრირებულ თანამესაკუთრეებს).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით, ც.ძ-ას წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №15-ში მდებარე 1104 კვ.მ (დაუზუსტებელი) ფართობის მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია სხვადასხვა ფიზიკური პირების საკუთრების უფლებები (სხვადასხვა წილობრივი მაჩვენებლებით). ასევე ირკვევა, რომ მითითებული შენობებიდან ერთ-ერთის - ლიტერ ,,გ“-ს საერთო ფართობია 35.47 კვ.მ, რომლის 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ც.ძ-ას სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მესამე პირის - მ.ბ-ის სახელზე.

2022 წლის 13 ივნისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ი.გ-ის (ც.ძ-ას უფლებამონაცვლე) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ლიტერ ,,გ“-ს (საერთო ფართობით 35.47 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 13.20 კვ.მ)) 2/3 ნაწილზე, ხოლო მ.ბ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ლიტერ ,,გ“-ს (საერთო ფართობით 35.47 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 13.20 კვ.მ)) 1/3 ნაწილზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისას თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა შესაბამისობაშია საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა თანხმობის არარსებობის პირობებში. ამასთან, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნა წარდგენილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია (ყველა მესაკუთრის თანხმობა), მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ი.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე ი.გ-ის მიერ 28.12.2023 წლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი.გ-ის (პირადი ნომერი...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. ი.გ-ის (პირადი ნომერი...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.12.2023 წლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე