ბს-1140 (კ-23) 20 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო.მ-ემ 05.07.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ზიანის - 2017 წლის 9 თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე (22 თვის) 12320 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2022წ. გადაწყვეტილებით ო.მ-ის სარჩელი დაკმაყოფლდა, საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 2017 წლის 9 თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე (22 თვის) 12320 ლარის ანაზღაურება, ო.მ-ეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2023წ. განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (სკ-ის 411-412-ე მუხ.). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 09.02.2017წ. №1639/2-6 წერილობითი მიმართვით ო.მ-ეს უარი ეთქვა წარდგინების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა 25 წლის შრომის საერთო სტაჟი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. №3/253-17 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ო.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის 09.02.2017წ. №1639/2-6 მიმართვა და საქართველოს პარლამენტს დაევალა წარდგინების გაცემა ო.მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაციის გამცემ ორგანოს წარმოადგენდა არა საქართველოს პარლამენტი, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სააპელაციო პალატამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს პარლამენტიდან შესაბამისი წარდგინების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ხოლო საქართველოს პარლამენტმა ო.მ-ეს კანონშეუსაბამოდ უთხრა უარი წარდგინების გაცემაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა გამოწვეული იყო არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოქმედებით, არამედ საქართველოს პარლამენტის უკანონო უარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ.
კასატორმა სკ-ის 992-ე-1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ზიანის დაკისრების, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების გამოყენების წინაპირობაა კანონის დარღვევა და მასში მავალდებულებელი პირის ბრალეულობა. კასატორის მოსაზრებით მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.მ-ის სარჩელი და საქართველოს პარლამენტს დაევალა წარდგინების გაცემა, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენა ზიანი მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს. საქართველოს პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე გასცა წარდგინება ო.მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. კასატორმა მიუთითა, რომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები იმთავითვე არ შეესაბამებოდა კანონით დაწესებულ სტანდარტებს და მას ლეგიტიმაცია სასამართლომ მიანიჭა თავისი გადაწყვეტილებით.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სკ-ის 268.1 მუხლის "ზ" ქვეპუნქტი. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე, რითაც საბოლოოდ შეუსაბამოდ გაიზარდა სასამართლოს მიერვე განსაზღვრული ზიანის ოდენობა.
კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. №3/253 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს დაევალა მხოლოდ წარდგინების გაცემა, მისი შესრულება საქართველოს პარლამენტის მხრიდან არ გამოიწვევდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. ამ ვალდებულების საბოლოო ადრესატს წარმოადგენს სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დაენიშნა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც წარმოდგენს წარდგინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ყველა შემთხვევაში. კასატორის მოსაზრებით საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს კომპენსაციის გამცემ ორგანოს და წარდგინების გაცემის მიუხედავად მასზე პასუხისმგებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოს პარლამენტის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული წარდგინების გაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოო დოკუმენტად, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი - სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ო.მ-ე იყო ...-... წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის ... 24.01.2017წ. ო.მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემა. საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 09.02.2017წ. №1639/2-6 წერილობითი მიმართვით ო.მ-ეს უარი ეთქვა წარდგინების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა 25 წლის შრომის საერთო სტაჟი. ო.მ-ემ საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 09.02.2017წ. №1639/2-6 მიმართვა გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. N3/253-17 გადაწყვეტილებით ო.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის 09.02.2017წ. №1639/2-6 მიმართვა და საქართველოს პარლამენტს დაევალა ო.მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ წარდგინების გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2018წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.03.2022წ. N04/3167 წერილით დგინდება, რომ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, სააგენტოს 28.02.2019წ. N17035-3459/2019/1 გადაწყვეტილებით ო.მ-ეს 2019 წლის 01 იანვრიდან დაენიშნა საქართველოს პარლამენტის ...ის კომპენსაცია, თვეში 560 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით, ასევე სზაკ-ის 208.1 მუხლით, რომლის თანახმად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში ო.მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 09.02.2017წ. №1639/2-6 წერილობითი მიმართვის კანონშეუსაბამობა დადგენილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. (საქმე N3/253-17) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოხდა მისი ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ შრომის საერთო სტაჟს შეედგინა არანაკლებ 25 წელი. ო.მ-ეს სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა საქართველოს პარლამენტის ...ის კომპენსაცია 2019 წლის 01 იანვრიდან. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ო.მ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, ო.მ-ეს კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ გაცილებით ადრე, 2017 წლის თებერვლიდან, სწორედ ორგანოს უკანონო ქმედებამ დააბრკოლა კომპენსაციის დროული დანიშვნა, რითაც წარმოშვა ზიანი. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიჩნევის თაობაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" 15.1 მუხლის თანახმად კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოს პარლამენტის წარდგინების მიღების გარეშე არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ო.მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. მართალია, სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა განსახილველი დავის საგანია გაუცემელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც იმ ადმინისტრაციული ორგანოს ევალება, რომლის ქმედებითაც არის გამოწვეული ზიანი, მოცემულ შემთხვევაში ასეთ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი