საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-253(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „რ...“
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირი - შპს „ ჯ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 10 იანვარს შპს ,,დ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 22 ივნისს შპს „ჯ...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო გამარტივებული წარმოება შპს ,,დ...ის“ მიმართ. აპლიკაციით მოთხოვნილი თანხა იყო 4260 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით შპს ,,დ...ს“ დაეკისრა 4 260 ლარის გადახდა აპლიკანტის - შპს „ჯ...ს“ სასარგებლოდ. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან შპს ,,დ...ს“ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რესპონდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაჰბარდა ე.ა-ეს, რომელიც არ არის (და არც არასდროს ყოფილა) შპს ,,დ...ის“ თანამშრომელი, შესაბამისად, მისთვის შეტყობინების ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელისათვის გზავნილის ჩაბარებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 დეკემბრის №SP210606923/922962 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჯ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,დ...ის’’ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 დეკემბრის NSP210606923/922962 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,რ...ის“ (შპს ,,დ...ის’’ უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,რ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს „რ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერის 2021 წლის 21 ივლისის №SP210606923/868893 შეტყობინება შპს ,,დ...ს“ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №.., კომერციული ფართი, სადარბაზო ..., სართული ... (დირექტორს მ.ქ-ს). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, შეტყობინება 2021 წლის 7 დეკემბერს ჩაიბარა შპს ,,დ...ის“ ოფის მენეჯერმა (ორგანიზაციის წარმომადგენელმა) ე.ა-ემ პ/ნ...
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის - შპს „რ...ის“ დირექტორის 2022 წლის 28 აპრილის განცხადებაში მითითებული განმარტება, რომ ე.ა-ე არ არის და არც არასდროს ყოფილა შპს „რ...ის“ (შპს „დ...ი“-ს) თანამშრომელი და მიუთითა, რომ შპს „რ...ის“ დირექტორის წერილობითი განცხადება და ასევე ინფორმაცია თანამშრომელთა შესახებ ვერ იქნება მიჩნეული იმ გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რომ ე.ა-ე არ წარმოადგენს/წარმოადგენდა შპს „რ...ის“ თანამშრომელს. ვინაიდან, შპს „რ...ის“ დირექტორი წარმოადგენს მხარეს და განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, მათ შორის ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (მონაცემები კომპანიაში დასაქმებული პირების თაობაზე), აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ...მა“.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმით დგინდება იმ სუბიექტთა წრე, ვისაც შეიძლება ჩაჰბარდეს უწყება, კერძოდ: ორგანიზაციის კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „რ...ის“ იურიდიული მისამართი არ წარმოადგენს შპს-ს ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართს და კომპანია იურიდიულ მისამართზე არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ შპს „რ...ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარდა გამარტივებული წარმოების შესახებ შეტყობინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „რ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 დეკემბრის №SP210606923/922962 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ივნისს, შპს ,,ჯ...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - შპს ,,დ...ის“ (ამჟამად შპს ,,რ...ს“) მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,ჯ...ს“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 24 902 ლარს. ამასთან, აპლიკანტმა განცხადებაში რესპონდენტის - შპს ,,დ...ის“ მისამართად მიუთითა: საქართველო, თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №..., კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ...
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 12.12.2020 წელი) თანახმად, შპს ,,დ...ის“ დირექტორია მ.ქ-ი, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე - ვ.გ-ი. ამასთან, კომპანიის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს საქართველო, თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №.., კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ...
2021 წლის 21 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP210606923/868893 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,დ...ის“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის.
გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერის 2021 წლის 21 ივლისის №SP210606923/868893 შეტყობინება შპს ,,დ...ის“ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №46ბ, კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ... (დირექტორს მ.ქ-ს). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, შეტყობინება 2021 წლის 7 დეკემბერს ჩაჰბარდა შპს ,,დ...ის“ ოფის მენეჯერს (ორგანიზაციის წარმომადგენელს) ე.ა-ეს (გვ. 83).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP210606923/922962 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ შპს ,,დ...ის“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 4 260 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს ,,ჯ...ის“ მიმართ.
შპს ,,დ...ის“ განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, შპს ,,დ...ის“ ს/ნ ... შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს ,,რ...“ ს/ნ... ამასთან, შეიცვალა კომპანიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და შპს ,,რ...ის“ დირექტორად მიეთითა კ.ჭ-ა. ამავე ამონაწერში, შპს ,,რ...ის“ იურიდიულ მისამართად კვლავ ფიქსირდება საქართველო, თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №..., კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ...
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის ვალდებულებას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას, კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით (სუსგ №ას-1678-1574-2012, 21.01.2013წ.).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მეწარმის იურიდიული მისამართია მისი ფიზიკური მისამართი. 2021 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად, იურიდიული მისამართი არის მეწარმის ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე; იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება; მეწარმის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეწარმის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი ანუ მისამართი, სადაც ფაქტობრივად მდებარეობს ორგანიზაცია და შესაძლებელია მისთვის კორესპონდენციის გაგზავნა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებები შპს ,,რ...ის“ იურიდიულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. №46ბ, კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ...) ფაქტობრივად სხვა კომპანიის - შპს ,,ე...ის“ ფუნქციონირების შესახებ, უსაფუძვლოა. აღსანიშნავია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 დეკემბრის №SP210606923/922962 ბრძანება, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №46ბ, კომერციული ფართი, სადარბაზო .., სართული ..., 2022 წლის 4 იანვარს ორგანიზაციის წარმომადგენელს - შპს ,,დ...ის“ დამფუძნებელს (100%-იანი წილის მფლობელი) ვ.გ-ის (პ/ნ...) ჩაჰბარდა (გვ. 86). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აპელირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, მით უფრო უფრო, მაშინ როცა შპს ,,რ...ის“ ახალ დირექტორს 2022 წლის 15 მარტს, კომპანიის საფირმო სახელწოდებისა და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების მიუხედავად, კომპანიის იურიდიული მისამართის შეცვლის შესახებ არ განუცხადებია. მხოლოდ სასამართლოში წარმოდგენილი შპს ,,რ...ის’’ დირექტორის განცხადება, ვერ იქნება მიჩნეული კომპანიის სხვა მისამართზე ფუნქციონირების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ ე.ა-ე არ არის შპს ,,დ...ის“ თანამშრომელი და შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი ჩაიბაროს შპს ,,რ...სათვის“ (შპს ,,დ...ის“) გაგზავნილი კორესპონდენცია, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული პიროვნება კურიერის მიერ რამდენჯერმე განხორციელებული ვიზიტისას, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის შპს-ს რეგისტრაციის მისამართზე მიტანისას, იმყოფებოდა შპს ,,რ...ის“ იურიდიულ მისამართზე, იბარებდა მოსარჩელის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციას, უთითებდა მის პირად ნომერს, სახელს, გვარს და კურიერს უცხადებდა, რომ არის შპს ,,დ...ის“ (ამჟამად შპს "რ...ის") ოფის-მენეჯერი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ იმავე მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია (სადაც ასევე გაიგზავნა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება) შპს ,,რ...ის“ ოფის-მენეჯერის სახელით კვლავ ე.ა-ეს აქვს ჩაბარებული (გვ. 297).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო და აწარმოა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული საქმის წარმოება და 2021 წლის 28 დეკემბერს მიიღო №SP210606923/922962 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „რ...ის“ საკასაციო საჩივარზე 27.03.2024წ. №... საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „რ...ის“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. შპს „რ...ის“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2024წ. №... საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
ბ. შონია
გ. აბუსერიძე